ივანიშვილის ცოლის კომპანიაში ამბობენ, რომ სანქცირებას არ უკავშირდება „ლუსოლის“ დაფუძნება

ფოტო არქივიდან: ეკატერინა ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის კომპანია „ლუსოლის“ დაფუძნება არ უკავშირდება მისი ქმრისთვის აშშ-ის მიერ სანქციის დაწესებას - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ვეფხვია დვალმა. 

დვალი წლებია, არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დირექტორი. მათ შორის - „მეცხრე არხის“, „ფინ-სერვისისა“ და „ფინსერვისი-XXI-ის“.

ასევე ნახეთ ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში

„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან. დაველოდოთ, სიახლეები თუ რამე იქნება, მაგის შემდეგ შემიძლია კომენტარის მოცემა. ახლა მხოლოდ დაფუძნების პროცესი დასრულდა, არაფერ ისეთს, განსაკუთრებულს არ ვაპირებთ. დაელოდეთ პროცესებს... არანაირი კავშირი არ აქვს სანქცირებასთან“, - უთხრა ვეფხვია დვალმა რადიო თავისუფლებას.

აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახალი კომპანია 2025 წლის 20 იანვარს დააფუძნა. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.

ასევე ნახეთ სანქცირების შემდეგ კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლმაც დააფუძნა

დეტალები კომპანიის შესახებ

სს „ლუსოლის“ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) კაპიტალი 100 000 ლარია.

ფოტო საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებიდან

კომპანიის მმართველი ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც არიან ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი. ნუგზარ დეკანოიძე ამავდროულად არის საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურის“ დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის კომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი.

სს „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენელია „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

ნატო ხაინდრავა ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილის შვილის ახალ კომპანიაში, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგშიც“, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ვაჟმა მამისთვის სანქციის დაწესებიდან ოთხ დღეში, 31 დეკემბერს, დააფუძნა. ორივე კომპანიის მისამართად მითითებულია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ - „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, - სადაც "ბანკი ქართუ“ მდებარეობს.

ასევე ნახეთ მამის სანქცირებიდან ოთხ დღეში უტა ივანიშვილმა იაპონიიდან საქართველოში ახალი ფირმა დაარეგისტრირა

აშშ-ის სანქციები ივანიშვილს

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებდა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.

ამ სიაში არ დაუმატებიათ მისი ოჯახის წევრები.

შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად

წინადადება თემთა პალატაში

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 18 იანვრის საღამოსთვის 16 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავდა.

ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის.

ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“(TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია“.

ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

ასევე ნახეთ ბრიტანეთი „დიპ სტეიტმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია - „ოცნების“ პასუხი ივანიშვილის სანქცირების წინადადებას

TI-ის თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა:

  • "ქართუ ბანკი";
  • ფონდი "ქართუ";
  • "გალერეა თბილისი";
  • "აქსის თაუერსი";
  • "ჰაიდელბერგ ცემენტი", - რომელსაც, TI-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვდნენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, - ამ წერილით 25 ადამიანის სანქცირებაა მოთხოვნილი;
  • საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, - რომლის მფლობელობაშიცაა, TI-ის თანახმადვე, ივანიშვილის სასტუმროები: „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები;
  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც, TI-ის თანახმად, ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს;
  • რუსული კომპანია შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
ასევე ნახეთ თუ ბრიტანეთმა ივანიშვილები დაასანქცირა, ეს ბრიტანულ ოფშორებში მათ 95 კომპანიას შეეხება - TI