ნიკოლაი პატრუშევმა - რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსმა, რომელიც ახლა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ინტერვიუ მისცა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“.
ანალიტიკოსების ვარაუდით, მისი განცხადებები, ძირითადად, მიმართულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისაკენ და მიზნად ისახავს როგორც პოლიტიკური ვაჭრობისათვის წინაპირობების შექმნას, ასევე რუსეთის პოზიციების მკაფიოდ მონიშვნის მცდელობას.
რა თქვა პატრუშევმა?
ნიკოლაი პატურშევმა ინტერვიუში „პროგნოზი“ გააკეთა უკრაინისა და მოლდოვის სავალალო მომავალთან დაკავშირებით. მისი თქმით, „შესაძლოა, 2025 წელს უკრაინამ არსებობა შეწყვიტოს, ხოლო მოლდოვა დაიშალოს ან სხვა ქვეყანაში ინტეგრირდეს“;
პატრუშევმა ასევე ილაპარაკა deep state-თან გამკლავების სირთულეებზე, რუსების დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაცვის განზრახვასა და უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მხოლოდ აშშ-თან წარმოების საჭიროებაზე.
მთლიანობაში, პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსკოვს სურს გააფორმოს ახალი პოლიტიკური შეთანხმება მსოფლიოს გაყოფის შესახებ.
deep state
ინტერვიუს მიხედვით, ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ რიგითი ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის ყველა იდეა, რომელიც მათ კეთილდღეობას გაზრდის, მნიშვნელოვანია ოჯახის ღირებულებების დაცვა, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, ბრძოლა ხანძრებთან, არალეგალურ მიგრაციასთან.
„რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ტრამპი, სრულად განახორციელოს თავისი განზრახვები. როგორც მისმა პირველმა ვადამ აჩვენა, ავადსახსენებელი deep state (“ღრმა სახელმწიფო”) ძალიან ძლიერია შეერთებულ შტატებში. შეიძლება მან გასაქანი არ მისცეს ტრამპს, წინასაარჩევნო კამპანიამ და მისი მკვლელობის მცდელობამ აჩვენა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე წარმოუდგენელი სცენარებისთვისაც კი“, - თქვა პატრუშევმა.
აშშ-ის ინტერესები შეიცვლება
პუტინის თანაშემწე და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იმედოვნებს, რომ უკრაინა აღარ იქნება აშშ-ის მუდმივი ყურადღების საგანი, როგორც ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის დროს იყო:
„ბაიდენის ადმინისტრაციისთვის უკრაინა უსიტყვო პრიორიტეტი იყო. აშკარაა, რომ ტრამპისა და ბაიდენის ურთიერთობა ანტაგონისტურია. შესაბამისად, უკრაინა ტრამპის პრიორიტეტებში არ იქნება. მას უფრო ჩინეთი აწუხებს. ტრამპმა გამოკვეთა თავისი ინტერესები გრენლანდიასთან, პანამის არხთან, მექსიკასთან, კანადასთან დაკავშირებით“.
ასევე ნახეთ მედიის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას მოუხსნა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვარუსების დაცვა ყველგან და ყველა საშუალებით
ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი პრიორიტეტია თავისი მოქალაქეების, თანამემამულეების დაცვა და კეთილდღეობა მთელ მსოფლიოში.
„თუ საერთაშორისო ასპექტზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა შეწყდეს რუსული მოსახლეობის დისკრიმინაცია მთელ რიგ ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთსა და მოლდოვაში. ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებს დაუფიქრებელი ქმედებებით ღრმა კრიზისში შეჰყავთ საკუთარი თავი. ამასთან, ჯიუტად აგრძელებენ რუსოფობიის გაღვივებას“, - ამბობს პატრუშევი, რომელიც სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს მოლდოვის ტერიტორიაზე, უპირატესად ეთნიკური რუსებით დასახლებულ ე.წ. დნესტრისპირეთში შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს:
ასევე ნახეთ დნესტრისპირეთში გაჩერდა თითქმის ყველა საწარმო„განსაკუთრებით საყურადღებოა ენერგეტიკული კრიზისი, რაშიც 100%-ით დამნაშავეა მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც მორჩილად ასრულებს ბრიუსელის ბრძანებებს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ. ამიტომ, კიშინიოვმა არც საკუთარი თავი უნდა მოატყუოს და არც - ხალხი. მოლდოვის ხელისუფლებამ არ უნდა ეძებოს მტრები ქვეყნის შიგნით ან დნესტრისპირეთში, არამედ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები და დაიწყოს სიტუაციის გამოსწორება“.
მოლდოვა და უკრაინა გაქრებიან
ნიკოლაი პატრუშევი არ გამორიცხავს, რომ „კიშინიოვის აგრესიულმა ანტირუსულმა პოლიტიკამ“ მოლდოვა აქციოს სხვა სახელმწიფოს ნაწილად ან მან საერთოდ შეწყვიტოს არსებობა.
„მოცემულ ვითარებაში გასათვალისწინებელია უკრაინის მაგალითი, რომელიც ნეონაციზმმა და რუსოფობიამ მიიყვანა კოლაფსამდე, სპეცოპერაციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე“, - ამბობს პატრუშევი, რომლის თქმითაც, არა რუსული არტილერია და ავიაცია, არამედ უკრაინის, მისი სიტყვებით, ნეონაცისტური იდეოლოგია და ყოვლისმომცველი რუსოფობია ანადგურებს ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკს.
ასევე ნახეთ როგორია ჰააგაში რუსი პროპაგანდისტების გასამართლების შესაძლებლობა?„არ არის გამორიცხული, რომ 2025 წელს უკრაინამ საერთოდ შეწყვიტოს არსებობა“, - ამბობს ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
"ანექსირებული ტერიტორიების დათმობა არც კი განიხილება"
პატრუშევის თქმით, რუსეთი არ აპირებს დათმოს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიები, რადგან ისინი „რუსეთის ნაწილად იქცა მოქალაქეთა ნების გამოხატვის შედეგად საერთაშორისო სამართლის, რუსეთის ფედერაციის კანონებისა და ამ რეგიონების კანონმდებლობის შესაბამისად“.
ასევე ნახეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში დაიწყო ე.წ. რეფერენდუმები„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას - რ.თ.) ამოცანების გადაჭრა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ აღიაროს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში შესვლა. ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, ყირიმის რესპუბლიკა და სევასტოპოლი, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამისად ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“, - ამბობს პატრუშევი „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მოლაპარაკება მხოლოდ აშშ-თან
პატრუშევი ამბობს, რომ ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით ყურადღებით ეკიდებიან მის განცხადებებს ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებით.
„მიმაჩნია, რომ უკრაინასთან დაკავშირებებით მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, დასავლეთის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გარეშე. ლონდონსა და ბრიუსელთან სალაპარაკო არაფერია“, - ამბობს პუტინის მრჩეველი, რომლის თქმითაც, ევროკავშირის ხელმძღვანელობას აღარ აქვს უფლება ისაუბროს კავშირის ყველა წევრის სახელით, მაგალითად, ისეთი ქვეყნების სახელით, როგორებიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, რუმინეთი და სხვები, რომლებიც, პატრუშევის სიტყვებით, დაინტერესებულნი არიან ევროპაში სტაბილურობით და რუსეთის მიმართ იკავებენ „დაბალანსებულ პოზიციას“.
რატომ თქვა პატრუშევმა ის, რაც თქვა?
კრემლის მხარდამჭერი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, რომელიც სრულად იზიარებს პატრუშევის ინტერვიუს სულისკვეთებას, ცდილობს არგუმენტებით გაამყაროს და განავრცოს უკრაინის არსებობის შეწყვეტის შესაძლებლობა. მისი თქმით:
1. უკრაინა საოკუპაციო სიტყვაა.
2. ოკუპანტების მიერ შექმნილი უკრაინის ნაცვლად უნდა აღდგეს ნოვოროსია, დონბასი, მალოროსია, სლობოჟანშჩინა, სევერენშჩინა.
3. სწორედ ეს ისტორიული მიწები იყო საუკუნეების მანძილზე დიდი რუსეთის ნაწილი.
4. ტერმინი უკრაინა მოიგონეს და თავს მოგვახვიეს ყველა ჯურის ოკუპანტებმა ამ ძირძველი რუსული მიწების დერუსიფიკაციის მიზნით.
5. სხვადასხვა დროს ამგვარი ოკუპანტების როლში გვევლინებოდნენ პოლონელები, ავსტრიელები, გერმანელები, ბოლშევიკები, კვლავ გერმანელები, ახლა კი ამერიკელები.
6. დიახ, ბოლშევიკების შეცდომა და ტრაგედია იყო ის, რომ ისინი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ განეხორციელებინათ სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის იძულებითი უკრაინიზაცია რუსი ხალხის შემცირებისა და გაყოფის მიზნით.
7. თანამედროვე მოდური პოლიტიკური ტერმინი დეოკუპაცია სრულად უნდა იქნეს გამოყენებული უკრაინასთან მიმართებით.
სერგეი მარკოვის მსგავსად, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულიოვი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალია, ყველაფერში ეთანხმება ნიკოლაი პატრუშევს:
„მოდი, რეალურად შევხედოთ საკითხებს. სად არის ჩვენი გამარჯვების ზღვარი? ოდესა, ნიკოლაევი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, მელიტოპოლი, სუმი, ჩერნიგოვი, კიევი - ძირძველი რუსული ქალაქებია. დღეს ნიკოლაი პლატონის ძე პატრუშევმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ისეთი სახელმწიფო, როგორიც უკრაინაა, არ უნდა არსებობდეს. და არც იარსებებს“.
ანდრეი გურულიოვი დარწმუნებულია, რომ ბოლოს საქმე დასავლეთთან პირდაპირ შეტაკებამდე მივა, თუმცა, მოუზომავი განცხადებებით ცნობილმა „გენერალმა გურულიოვმა“ ამჯერად რატომღაც არ ახსენა ამერიკის შეერთებული შტატები. მისი რისხვა და განადგურების სურვილი მხოლოდ დიდ ბრიტანეთს დაატყდა თავს.
„ბოლოს მაინც ყველაფერი იქამდე მივა, რომ დავცხებთ. ეს გარდაუვალია. მხოლოდ დროის ამბავია. სხვა გზა არ არის. თუ დღეს ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიიდან თავისი რაკეტებით ურტყამს ჩვენს ტერიტორიას, ყველას ესმის, რომ ნატოს კონტროლის სისტემებისა და სატელიტური ნავიგაციის გარეშე ეს რაკეტები ვერსადაც ვერ გაფრინდებიან. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი მიზეზი იმისა, რომ ბრიტანეთმა დედამიწაზე არსებობა შეწყვიტოს“, - განაცხადა ანდრეი გურულიოვმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კრემლის გავლენისგან თავისუფალი პოლიტოლოგების აზრით, პატრუშევის ინტერვიუს ძირითადი გზავნილები და კრემლის პროპაგანდის განმარტებები მიზნად ისახავენ მოლაპარაკებების დაწყების წინ პოზიციების მონიშვნის მცდელობას, რასაც თითქმის არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.
რუსი ანალიტიკოსის, ანდრეი კალიტინის თქმით, მოსკოვს სურს დადოს ახალი პოლიტიკური შეთანხმება მსოფლიოს გაყოფასთან დაკავშირებით. ექსპერტი საუბრობს „იალტა-2025“ ტიპის კონფერენციაზე, რომელმაც, კრემლის სურვილის თანახმად, უნდა აღიაროს მოსკოვის კონტროლი „ინტერესთა სფეროებზე“.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გადაფორმატირებაა. კრემლს სურს გახდეს ახალი დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი თანაავტორი. მაგრამ „იალტა-1945“ იყო „გამარჯვებულთა კონფერენცია“. განა შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ბოლო სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთ გამარჯვებას მიაღწია, რომ გავლენის სფეროების განაწილებასთან დაკავშირებით გამართულ დიდ მოლაპარაკებებში მაგიდასთან დასვან? - კითხულობს ანდრეი კალიტინი, რომელიც ასევე ამბობს: „თუ „იალტა-2025“ მაინც შედგება, რუსეთისთვის ის დააფიქსირებს არა გამარჯვებას, არამედ გაფანტულ ილუზიებს, მოკავშირეების დაკარგვას, მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობასა და უზარმაზარ ადამიანურ დანაკარგებს, რომელთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია“.
პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის, ეკატერინა შულმანის თქმით, პატრუშევის ინტერვიუში გამოკვეთილი გზავნილი - „ამერიკასთან ვმეგობრობთ, ევროპასთან მტრობა გვაქვს“, კარგად ეხამება დმიტრი მედვედევისა და პროპაგანდისტი პოლიტოლოგის, სერგეი კარაგანოვის მიერ აქამდე გაკეთებულ განცხადებებს. შესაბამისად, როგორც შულმანი ამბობს, ამერიკის ახალი ადმინისტრაციისადმი რუსეთის წინადადება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
„მოგვეცით ის, რაც გვინდა და ჩვენ ვიქნებით თქვენი ცუდი ბიჭები ევრაზიაში და თქვენ ნაცვლად ჩვენ დავასუსტებთ ევროკავშირს - თქვენ ხომ ეს გწადიათ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ბებრული ფანტაზიებია: ჩვენები ძლიერ აზვიადებენ არა მხოლოდ ძველ და ახალ სამყაროებს შორის არსებულ დაპირისპირებას, არამედ ამერიკის ძველ და ახალ ადმინისტრაციებს შორის არსებულ წინააღმდეგობებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მუდმივად საუბრობენ „გლობალისტურ ელიტასა“ და „ოქროს მილიარდზე“, მათ არ ესმით რეალურად რა მოჰყვება ყოველივე ამას. მაგრამ ტრამპისათვის ნებისმიერი გზით მილაქუცების სურვილი, რა თქმა უნდა, სახალისოა. ჩემს მეხსიერებას თუ ვენდობით, ეს არის პატრუშევის პირველი საჯარო განცხადება ომის სამი წლის განმავლობაში, რომელშიც მან არ გამოიყენა თავისი საყვარელი სიტყვა, „ანგლო-საქსები“. ასევე სადღაც გაქრა „გლობალისტები“ და „ბირთვული იარაღი“.
პოლიტოლოგ ფიოდორ კრაშენინიკოვის თქმით, უკრაინის გაქრობის მუქარაც ერთგვარი სავაჭრო ხრიკია.
„ვფიქრობ, პუტინი მზად არის ტრამპთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ თავისი მხრიდან მაქსიმალურ დათმობად შესთავაზოს ხარკოვის ოლქისათვის თავის დანებება და იქიდან ჯარების გაყვანა, ასევე უკრაინის პოლიტიკაზე ზემოქმედების განსაკუთრებულ უფლებებზე უარის თქმა, სანაცვლოდ კი მოითხოვოს ახალი საზღვრების აღიარება. ვშიშობ, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, პუტინი შესაძლებლად მიიჩნევს ზაპოროჟიესა და ხერსონის დათრევასაც“, - ამბობს ფიოდორ კრაშენინიკოვი.