უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, დღეს დილით დაიწყო ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. უკრაინის ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული "რეფერენდუმები" 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა და ამჟამად რუსეთის ჯარებს უტევს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.