Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეფერენდუმში“ მონაწილეობა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასრულდეს - ვერეშჩუკი


ირინა ვერეშჩუკი, უკრაინის ვიცე-პრემიერი
ირინა ვერეშჩუკი, უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინაში მოქალაქეებს შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში დანიშნულ „რეფერენდუმებში“ მონაწილეობისთვის. ამის შესახებ გამოცემა „სტრანას“ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განუცხადა.

უკრაინის კანონმდებლობით, ომის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია. ვერეშჩუკის მიხედვით, „რეფერენდუმის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 5-დან 10 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ, ქონების კონფისკაციით.

იურისტთა განმარტებით, „რეფერენდუმში“ მონაწილეობისთვის უკრაინის მოქალაქეები შესაძლოა, გასამართლდნენ „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფის“ მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ვერეშჩუკმა რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მოუწოდა, „არ წავიდნენ რეფერენდუმებზე, არ ითანამშრომლონ ოკუპანტებთან, დატოვონ ტერიტორია შესაძლებლობის შემთხვევაში“.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსი ხალხისადმი მიმართვაში დაადასტურა უკრაინის რამდენიმე რეგიონის რუსეთთან შეერთების თაობაზე საოკუპაციო რეჟიმების მიერ „რეფერენდუმების“ გამოცხადება.

23-27 სექტემბერს უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში ე.წ. რეფერენდუმების გამოცხადების ფონია უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა, რომელიც ხარკოვის რეგიონში რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქალაქების განთავისუფლებით დასრულდა.

უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ „კენჭისყრის“ შედეგებს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გააუქმოს გეგმები და შეახსენა, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, გაეროს წესდების დარღვევას უტოლდება. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“, - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა „რეფერენდუმების“ ჩატარების განზრახვა შეაფასა, როგორც რუსეთის პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და განაცხადა, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს კიევის მცდელობას რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დასაბრუნებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა.

ამ ზაფხულს, ხერსონის და ზაპოროჟიეს პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციები აცხადებდნენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს სექტემბრისთვის გეგმავდნენ. მათი ჩატარება ხარკოვის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ გადადეს. ამჟამად უკრაინის არმია რუსი სამხედროების პოზიციებს უტევს როგორც აღმოსავლეთის - დონბასის - ისე სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის - ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG