ევროკავშირის საელჩო: მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის განკუთვნილ სივრცეში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქალაქეებს კვლავ ემუქრებათ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო დაკავება. საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებული მზია ამაღლობელის, მედიასაშუალებების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და დამფუძნებლის ფოტო, წერია, რომ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.

ასევე ნახეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის დაკავების გამო მედიასაშუალებების ნაწილი წყვეტს მუშაობას

„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის [„ბათუმელების“ ოპერატორი, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს] დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“, - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.

ასევე ნახეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ასევე ნახეთ რა ვიცით მოსამართლეზე, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა

„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.

49-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.