მოსამართლის, 35 წლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას სასამართლოში პროტესტი მოჰყვა.
მოსამართლე სახელაშვილმა დაცვის მხარის შეთავაზებული 100 000-ლარიანი გირაოს მიუხედადვად, გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
ნინო სახელაშვილს, საიას ადვოკატის, პაატა დიასამიძის თქმით, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მისი სასამართლო ამ გადაწყვეტილებით არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს.
„მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა“, - აცხადებს საია.
ამაღლობელის ინტერესების დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი პაატა დიასამიძე მოსამართლეს, პროკურატურის მიერ პატიმრობის გამოყენების საპირწონედ, სთავაზობდა უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას - გირაოს, 100 000 ლარის ოდენობით, უძრავის ქონების სახით.
ამის მიუხედავად, მოსამართლე სახელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის დაკავებული ჟურნალისტის მხრიდან „მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების“ საფრთხე.
მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).
ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აწნის სილას მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. სილის გაწვნას შსს და პროკურატურა „პოლიციელზე თავდასხმას“ უწოდებენ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
ამაღლობელის საქმეს გამოეხმაურნენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლურ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.
48-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.
სისხლის სამართლის საქმე პროევროპული აქციების 45 მონაწილის წინააღმდეგ არის აღძრული, მათგან 40-ზე მეტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ფორუმი