თეატრის მსახიობის დაკავების გამო „თუმანიშვილის თეატრი“ აჩერებს ყველა აქტივობას

გიორგი ჩაჩანიძე, „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის“ მსახიობი

„თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი“ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც პროევროპულ აქციებზე მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. თეატრი მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო ყველა აქტივობას აჩერებს.

„მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!“ - წერია თეატრის განცხადებაში.

ასევე ნახეთ "ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

„თუმანიშვილის თეატრის“ მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „ბაბილოსთან“ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მასთან ერთად დააკავეს კიდევ რვა ადამიანი - ყველა მათგანს პოლიცია მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).

ასევე ნახეთ ცხრა პირია დაკავებული რესტორან "ბაბილოსთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ, საპროტესტო აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე.

რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.

ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობა. რესტორანთან მიიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ასევე ნახეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები არიან შეკრებილი  

„ბაბილოსთან“ გამართული აქცია ბოლო 48 დღის განმავლობაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის ნაწილია. ამ დღეებში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ასობით ადამიანი, მათ შორის 45 სისხლის სამართლის წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული „ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. პროტესტის ნიშნად იანვარში ამ თეატრმა სპექტაკლები გააუქმა.

ასევე ნახეთ „ახალი თეატრი“ სპექტაკლებს აუქმებს: „სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით“