რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატები კი 300-300 ლარით დააჯარიმა.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, მოსამართლემ ვერ აიტანა, "სრულყოფილი, თავისუფალი ადამიანების დაცვა".
"ადამიანს ის მოსამართლე ასამართლებს, რომლის ქმედებების გამო დაიჭირეს იგი. ეს არის კანონდარღვევა. დღეს ადვოკატები დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატები, თავისუფალ ადამიანებს ბოლომდე დავიცავთ. ამ სასამართლოში ყველანაირი სამართლებრივი ზღვარი წაშლილია. მოსამართლემ ვერ აიტანა სრულყოფილი, თავისუფალი ადამიანების დაცვა და ადვოკატები დაგვაჯარიმა 300-300 ლარით", - თქვა ადვოკატმა "ტვ პირველთან" კომენტარისას.
დღესვე ლელა მილდენბერგმა განიხილა "ბაბილოსთან" დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის, ნუცა მახარაძის საქმეც. მოსამართლემ იგი 3000 ლარით დააჯარიმა.
12 იანვარს რესტორან "ბაბილოსთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.
ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.
ფორუმი