გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალი ჰყვება, რა შეემთხვათ სოფელ ნაკრასთან

სოფელ ნაკრაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალი სოციალურ ქსელში ჰყვება ამბავს, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, პოლიციას უკვე უამბო. ალინა (გვარი უცნობია) ჰყვება, რომ ორი შეიარაღებული ადამიანი პისტოლეტის მუქარით მათ მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მანამდე გზა გადაუღობეს.

საუბარია რუსეთის მოქალაქე წყვილზე, რომელზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაც 5 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველი ცნობით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

ასევე ნახეთ შსს-ს ცნობით, მესტიაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, დაკავებულია ორი პირი
ასევე ნახეთ ზუგდიდი-მესტიის გზაზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ

არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა. გზად გაუთოვდათ, ავტომობილი გააჩერეს გვირაბთან და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს პირველად შენიშნეს "სუბარუს" მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ - არა, "მხოლოდ ფოტოებს ვიღებთო". ამის შემდეგ გზად კიდევ შეხვდათ იგივე ავტომობილი, რომელიც ხან გადაუსწრებდა მათ, ხან ჩამორჩებოდა.

"გზად შეგვხვდა გაჭედილი ავტომობილი, ვიტიამ ის თოკით ამოათრია. ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი".

ალინას სიტყვებით, გარკვეული დროის შემდეგ ორი გასროლის ხმა გაიგონა - "ვერ ვხედავდი საით და ვიქტორიც არ დამინახავს".

"ეს ამბავი შეგვემთხვა მე და ჩემს თანამგზავრ ვიქტორს. ჩვენ გვქონდა სამი ტელეფონი, ორი ვიტიას და ერთი - მე. მისი ტელეფონები გამოსაჩენ ადგილას იყო და მაშინვე წაიღეს, ჩემი დავმალე და ჩემთან ძებნა აღარ დაუწყიათ, მხოლოდ პისტოლებით მემუქრებოდნენ, რომ ტელეფონი მიმეცა. პრეტენზიის არსი მათ შორის საუბრიდან მესმოდა, „რატომ იდექით გვირაბში და ფოტოებს რატომ გვიღებდითო“. ვიქტორმა დანის ამოღება მთხოვა, ვინაიდან ეს ვითარება უცნაურად მოეჩვენა, რადგან მთელი გზის განმავლობაში ხან გადაგვისწრებდნენ, ხან განაპირას ჩერდებოდნენ, რაღაცამ დააეჭვა, მით უმეტეს, როცა გაჩერდნენ და ავტომანქანით გზა გადაგვიღობეს... ეს იყო ჩვეულებრივი დასაკეცი დანა, რომელიც მანქანის სათავსოში გდია ყოველი შემთხვევისთვის. არავინ გადასულა და დამუქრებია დანით, მან ის თავისივე უსაფრთხოებისთვის აიღო, საფრთხის შემთხვევაში თავი რომ დაეცვა. საშინელება მოხდა. უბრალოდ ორი საშინელი ადამიანი [იყო], ვინც ეს ჩაიდინა. პოლიციას ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ყველა ფოტო და ვიდეო, ყველა გეოლოკაცია, უამრავი ადამიანი მუშაობს იქ", - წერს ალინა ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე კომენტარებში.

ალინას თქმით, ის ამჟამად პოლიციაში აღარ იმყოფება. სამართალდამცველები ვიქტორის ნათესავებს აწვდიან ინფორმაციას.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ ნაკრას შესასვლელთან პოლიცია დგას.

ასევე ნახეთ სოფელ ნაკრასთან ეძებენ უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მოგვიანებით ავტომობილი ადგილზე ნახეს, ქალი პოლიციის განყოფილებში გადაიყვანეს, მისი პარტნიორის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე აღარ არის სავარაუდო თავდამსხმელების კუთვნილი, "სუბარუს" მარკის თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც 5 იანვარს ადგილობრივებმა ნაკრას ცენტრში მიტოვებული ნახეს. მათი თქმით, ავტომობილი არ არის ნაკრის მკვიდრის საკუთრება - ისინი ამბობენ, რომ სოფელში ყველამ იცის, ვის რა ავტომობილი ჰყავს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი პოლიციამ წაიყვანა.