სამხრეთმა კორეამ სანქციები დაუწესა 11 პირსა და 15 ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობაში და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების დაფინანსებაში. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. შეზღუდვები 19 დეკემბრიდან ამოქმედდება.
სეულის სანქციების სიაში მოხვდნენ კორეის სახალხო არმიის გენერლები კიმ იონ ბოკი და სინ გუმ ჩოლი, ასევე რაკეტების მშენებელი ინჟინერი ლი სონ ჯინი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიცერი, ლი ბონ ჩუნი. შეზღუდვები ასევე შეეხო რამდენიმე მეწარმეს და მათი ხელმძღვანელობით მოქმედ კომპანიებს. მაგალითად, კომპანია „პარსეკს“, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, ჩრდილოეთ კორეას აწვდიდა საკვანძო მნიშვნელობის სარაკეტო მასალებსა და ტექნოლოგიებს.
რუსეთიდან სანქციების სიაში შვიდი ადამიანი და 13 კომპანიაა შეყვანილი. მათ შორის არის რამდენიმე ბანკი. მათთან ფინანსური ან სავალუტო ტრანზაქციების განსახორციელებლად ახლა სეულის ნებართვა იქნება საჭირო.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ სანქციები შემოღებულია დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გმობს რუსეთსა და კსდრ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობას. გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, სანქციების სიაში 54 ადამიანი და 30 ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.
ასევე ნახეთ პენტაგონი ადასტურებს რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაკარგებსწინა დღეს შეერთებულმა შტატებმაც გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. სანქციების სიაში მოხვედრილ პირთა შორის არიან ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი ლი ჩან ჰო და კორეის სახალხო არმიის გენერალი კიმ იონ ბოკი. ვარაუდობენ, რომ ისინი იმ მაღალჩინოსნებს შორის არიან, რომლებიც თან ახლავან რუსეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნილ ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებს. სიაში ასევე შედიან კსდრ-ს თავდაცვის მინისტრი ნო გვან ჩორი, კსრდ-ს სამხედრო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კიმ გუმ ჩოლი და სხვა პირები, რომლებიც ჩართული არიან რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობაში.
რუსეთის მხრიდან სანქციების სიას დაემატა ოთხი კომპანია: „დვ ინკი“, „ნოვოსიბირსკობლგაზი“, „სიბრეგიონგაზი“ და „ვოსტოკ ტრეიდინგი“, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კსრდ-ისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებით არიან დაკავებული.
უკრაინის, შემდეგ კი დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და სამხედროები აცხადებენ, რომ ოქტომბრის შემდეგ კსდრ-დან რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. 14 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა საიერიშო ოპერაციებში მონაწილეობა დაიწყეს.
მოსკოვს პირდაპირ არ დაუდასტურებია და არც უარუყვია ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაბამისობაში იქნებოდა ამ ზაფხულში დადებული ხელშეკრულების დებულებებთან, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა სამხედრო და სხვა სახის ურთიერთდახმარებას შეთანხმების ერთ-ერთ მონაწილეზე მესამე მხარის თავდასხმის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში