Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი ადასტურებს რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაკარგებს


რუსეთის არმიის დაღუპული სამხედროების ცხედრები კურსკის ოლქში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყაროთა ცნობით, მათ შორის არიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც.
რუსეთის არმიის დაღუპული სამხედროების ცხედრები კურსკის ოლქში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყაროთა ცნობით, მათ შორის არიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ჯარების მხარდასაჭერად კურსკის ოლქში მებრძოლ ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ 16 დეკემბერს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

მან დაღუპულების და დაჭრილების რიცხვი არ დაასახელა.

რაიდერის ინფორმაციით, რუსეთში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 12 ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებში არიან ინტეგრირებული და მათ ძირითადად ქვეითებად იყენებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 14-15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონის სოფლებში, პლეხოვოში, ვოროჟბასა და მარტინოვკაში მოკლული და დაჭრილია ჩრდილოეთ კორეის არმიის, სულ მცირე, 30 ჯარისკაცი, სოფელ კურილოვკის რაიონში კი დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, 3.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმიის მოიერიშე ჯგუფების დანაკარგების გამო მათ ჩრდილოეთ კორეის არმიის 94-ე ბრიგადის სამხედროებით ავსებენ.

15 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ასახავს კურსკის ოლქში ლიკვიდირებული რუსი და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ცხედრებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.

უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეამ თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG