პოლიციამ განაახლა წყლის ჭავლით აქციის დაშლა

პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები ერთდროულად იყენებენ წყლის ჭავლის რამდენიმე ავტომობილს, ისვრიან ცრემლმდენი აირის ბალონებს.

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილზე ხვდებიან. შენიღბული პოლიციელები დგანან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალ გზაზეც.

დემონსტრანტების ნაწილი გარბის, პოლიცია მათ ნაწილს მისდევს. საპოლიციო ძალები ისე განლაგდნენ ფოსტის ყოფილ შენობასთან, რომ სრულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

ასევე ნახეთ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ადმინისტრაციულით - 293-მდე

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

ასევე ნახეთ შსს აქციაზე მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს
ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი