შეიქმნა პლატფორმა, რომელშიც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია

ფოტო რუსთაველზე მიმდინარე აქციის შესახებ შექმნილი პლატფორმიდან

ინტერნეტში გავრცელდა ახალშექმნილი პლატფორმის ბმული, რომელზე გამოსახულ რუკაზეც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია. მონაცემები ონლაინ რეჟიმში ახლდება.

პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებმა შექმნეს.

ამავე ბმულზე ჩანს, რა წერტილებშია შესაძლებელი პირველადი დახმარების მიღება. „უახლოეს მონაცემებში“ კი ჩნდება ცნობები, რომლებითაც აქციის მონაწილეებს აწვდიან მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

ასევე ნახეთ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ადმინისტრაციულით - 293-მდე

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

ასევე ნახეთ შსს აქციაზე მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს
ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი