პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეეცადა საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ რეალური პერსპექტივაა. კობახიძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ელოდება ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების ქცევის ცვლილებას და თუ ეს არ მოხდება, შესაბამისი რეაგირება იქნება.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვარიანტებს შორის არის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ. მან ამავე ბრიფინგზე თქვა, რომ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიუხედავად, საქართველო კვლავ აგრძელებს ევროინტეგრაციას. ამ ძალისხმევის დასტურად მან დაასახელა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა.
პრემიერ-მინისტრის განცხადება მანიპულაციურია - პროცესის შეჩერების პირობებში, ასოცირების შეთანხმების შესრულებას გავლენა ვერ ექნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროგრესზე. საქართველოს ამ პროცესში წინსვლისთვის სჭირდებოდა ჯერ 12 დათქმის, შემდეგ კი 9 ნაბიჯის შესრულება, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ეტაპობრივად გაჩნდა. როგორც 12 დათქმის, ისე 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი აქვს, ბოლო წელს მიღებული სადავო კანონები კი - უცხოეთის აგენტების შესახებ, ოფშორების შესახებ და ცენზურის დამწესებელი ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები - ამ პროცესში დამატებით ბარიერებად იქცა.
ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკითა და ბოლო გადაწყვეტილებით საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს პროპაგანდისტულ ნარატივს იმის შესახებ, რომ საქართველო დასავლეთის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი იყო და საერთაშორისო პარტნიორები მოქმედ ხელისუფლებას მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდნენ.
"ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების დროს. სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს: დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს: ჩვენი მხრიდან მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, იმისთვის რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის "მაგიდაზე დადება" შეუძლებელია არსებულ ვითარებაში, რადგან ევროინტეგრაცია საქართველოს მხრიდან მაღალი დაინტერესების არსებობას საჭიროებს, ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებები და რიტორიკა კი ამას გამორიცხავს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისგან მკაცრ რეაქციას ელოდებაგადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.
აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.
ასევე ნახეთ არაადამიანური მოპყრობა და მიზანმიმართული დევნა - სახალხო დამცველი აქციის დაშლაზე