Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისგან მკაცრ რეაქციას ელოდება


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. 2024 წლის 28 ნოემბერი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. 2024 წლის 28 ნოემბერი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელოდება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.

„მოველი მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.

დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG