რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის კიდევ, სულ მცირე, შვიდი მონაწილე. მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი ოპერატორია.
ნიღბიანმა სპეცრაზმელმა ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების ჟურნალისტ დავით ცაგარელზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი