რუსეთის არმიაში ასობით იემენელი გადაიბირეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ Financial Times-ი წერს თავად დაქირავებულებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერაციაში მაღალხელფასიან სამსახურებსა და რუსეთის მოქალაქეობას დაჰპირდნენ. იემენელები ასეთი შეთავაზების შემდეგ რუსეთში ჩავიდნენ, მაგრამ, გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, აიძულეს ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე თავდაცვის სამინისტროსთან და დაიწყეს მათი ომში გაგზავნა.
FT ვარაუდობს, რომ იემენელ ჯარისკაცთა რეკრუტირება ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში დაიწყო. ჟურნალისტები გაეცნენ 3 ივლისით დათარიღებულ ერთ-ერთ კონტრაქტს, რომელსაც ნიჟნი-ნოვგოროდის კონტრაქტორთა შერჩევის ცენტრის ხელმძღვანელი აწერს ხელს.
ნაბილმა, ერთ-ერთმა გადაბირებულმა იემენელმა, თქვა, რომ ის იყო დაახლოებით იმ 200 იემენელის ჯგუფის ნაწილი, რომლებიც სექტემბერში ჩავიდნენ მოსკოვში და ფრონტზე გაგზავნეს. მისი თქმით, ჯგუფის ზოგიერთი წევრი გამოცდილი სამხედრო იყო, მაგრამ ბევრს არანაირი მომზადება არ გაუვლია. ნაბილი ამტკიცებს, რომ ის რუსეთში მოტყუებით ჩაიყვანეს "უსაფრთხოებისა" და "საინჟინრო საქმის" სფეროებში მომგებიანი მუშაობის დაპირებით. რუსეთში ფულის შოვნის შემდეგ, ის აპირებდა სწავლის დასრულებას.
FT-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრე, აბდულა, ამტკიცებს, რომ იმ ჯგუფის ბევრი წევრი, რომელშიც იმყოფებოდა, უკრაინაში დაიღუპა. მისი თქმით, უკრაინაში საომრად ისინი "ადამიანებით მოვაჭრე თაღლითებმა" ჩაიყვანეს.
ეს არ არის რუსეთში უცხოელი მოქალაქეების საომრად გადაბირების პირველი შემთხვევა. აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს. მათგან, სულ ცოტა, რვა ომში დაიღუპა, ამის შესახებ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა ინდოეთის პარლამენტის დეპუტატმა ვიკმაჯიტ სახნეიბმა.
სექტემბერში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეძლო რუსეთის არმიიდან გაეთავისუფლებინა 45 ინდოელი მოქალაქე, რომლებიც რუსმა შუამავლებმა გადაიბირეს და უკრაინაში საომრად ომში გაგზავნეს. ახლა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან.
ასევე ნახეთ ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე მოტყუებით წაიყვანეს უკრაინის ომში ასევე ნახეთ ინდოეთმა რუსი შუამავლების მიერ უკრაინაში საომრად გადაბირებული 45 მოქალაქე დააბრუნა