ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს. მათგან, სულ ცოტა, რვა ომში დაიღუპა, ამის შესახებ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა ინდოეთის პარლამენტის დეპუტატმა ვიკმაჯიტ სახნეიბმა. მისი თქმით, ვერ ხერხდება დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში გადასვენება.
დეპუტატის თანახმად, ინდოეთის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთში სამუშაოს დაპირებით ხვდება, შემდეგ კი თარჯიმნის გარეშე, იძულებით ხელს აწერინებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს. იმას, რომ ფრონტზეა, ადამიანთა უმეტესობა ადგილზე მიყვანისას ხვდება.
ტელეარხი დაუკავშირდა უკრაინაში ომში დაღუპული ინდოეთის მოქალაქის, რავი მუნუს მშობლებს. ისინი მოჰყვნენ, რომ შვილს რუსეთში ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებას შეჰპირდნენ, თუმცა რუსეთში მყოფი, ოჯახს ის უკვე ფრონტიდან დაუკავშირდა.
ივლისში, მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წამოჭრა იმ ინდოელების დემობილიზაციის საკითხი, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი და ისაუბრა ახალი რეკრუტირების თავიდან აცილებაზე. პუტინი მას ორივე საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.
ფორუმი