ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მასობრივად იღებენ რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ძეგლებს. ბოლოს სექტემბერში მხოლოდ ოდესაში 19 ძეგლი მოანგრიეს, მათ შორის ალექსანდრე პუშკინის, მაქსიმ გორკისა და მსახიობ ვლადიმერ ვისოცკის ძეგლებიც - როგორც რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების.
ასევე ნახეთ როცა პუშკინიც "შუაშია" და - სტალინიცრუსული იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგად საქართველოშიც ბევრი რუსი მწერლის ძეგლი შემორჩა, მაშინ როდესაც დღემდე არ არის დადგმული გამორჩეული პროზაიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი, ხოლო ტერენტი გრანელის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები მათ მშობლიურ ქალაქებში მხოლოდ ბოლო წლებში გაიხსნა. ყველა მათგანი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.
„უკრაინაში საქმემ მოიტანა ის, რომ ძეგლები აიღეს. საქართველოშიც ასე ბუნებრივად უნდა მოხდეს. ლენინის ძეგლი რომ გახდა ასაღები, ხომ ავიღეთ. რადგან ჯერ დგას, ესე იგი ეს თემა აქტუალური არ არის, თორემ ძეგლების აღება-დადგმა ჩვეულებრივი ამბავია, - ამბობს მწერალი დავით ქართველიშვილი და ამატებს, - დღეს რუსულ კულტურას გავლენა აქვს უფრო პოპმუსიკით და არა ფილოსოფიით ან ლიტერატურით“.
თავის დროზე რუსული ლიტერატურა იმპერიული პოლიტიკის მძლავრი იარაღი იყო. სამოციან წლებში იმის მცდელობაც კი იყო, ყველა მწერალი იძულებით გაეხადათ ორენოვანი.
„რუსული ლიტერატურის მნიშვნელობა საქართველოში ხელოვნურად იყო გაზრდილი. ეს პროპაგანდის ნაწილი იყო, იმპერიალიზმი და უფროსი ძმობა ხომ უნდა გამართლებულიყო რამენაირად. ამან ჩვენ იდენტობა შეგვირყია. ჩვენს თავსა და გულში ჩადო, რომ მეორეხარისხოვნები ვართ, - ამბობს დავით ქართველიშვილი, - მთავარი კიდევ ის არის, რომ რუსული ლიტერატურა არ უნდა ყოფილიყო აღქმული, როგორც უცხოური, შენივე კულტურის ნაწილი უნდა გამხდარიყო“.
ასევე ნახეთ „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ - რას წერდა იტალიელი მოგზაური საქართველოზე 118 წლის წინ
ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე ხსნის, თუ როგორ გახდა რუსული ლიტერატურა იმპერიალიზმის ინსტრუმენტი საქართველოში. უკვე მე-19 საუკუნიდან დასავლური კულტურა საქართველოში რუსეთის გავლით შემოდიოდა, ოღონდ პროფანირებული სახით. საქართველომ ფაქტობრივად გამოტოვა მოდერნიზმის ეპოქა, რადგან ქართველი მოდერნისტი მწერლები ან დახვრიტეს, ან აიძულეს ემიგრაციაში წასულიყვნენ.
„რუსულმა ლიტერატურამ მსოფლიოში ძალიან უცხო მოვლენა იყო და ამიტომაც აიტაცეს. თუ დააკვირდებით, რუსულ ლიტერატურას არ ჰყავს რეალური გმირები, მაგალითად [განვიხილოთ], ანა კარენინა. წარმოუდგენელია იმ ეპოქის რუსეთში ასეთი მოპროტესტე ქალი ყოფილიყო. ეს ტოლსტოის სურვილია, მის საზოგადოებაში ასეთ ადამიანებს ეცხოვრათ. ან მუმუ, მთლიანად ხელოვნური გმირია. ესენი სულ მეტაფორებია და არა რეალობა, - ამბობს ქეთი ქურდოვანიძე, - რუსი მწერლები იმპერიალისტები იყვნენ და ეს განწყობა და უპირატესობის განცდა ლიტერატურაშიც აისახებოდა. დოსტოევსკის წერილები აქვს მცირე ერებზე. ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი დონის მოაზროვნე ასეთ რაღაცებს წერს“.
რას წერდა დოსტოევსკი?
„რუსეთს არ ეყოლება და არც არასდროს ჰყოლია ისეთი შურიანი, ცილისმწამებელი, აშკარა მტრები, როგორიც სლავური ტომები იქნებიან, მას შემდეგ, რაც რუსეთი მათ გაათავისუფლებს, ხოლო ევროპა ამ თავისუფლებას აღიარებს... ისინი განსაკუთრებული სიამოვნებით მოსდებენ მთელ ქვეყანას, რომ განათლებული ტომები არიან და ევროპული კულტურის მწვერვალებს შეუძლიათ მისწვდნენ, და რომ რუსეთი ბარბაროსების ქვეყანაა, უჟმური, ჩრდილოელი კოლოსი, სუფთა სისხლის სლავსაც რომ ვერ დაარქმევ - ევროპული ცივილიზაციის მოძულე და მდევნელი... რა თქმა უნდა, რამე სერიოზული გაჭირვებისას, ყველანი უეჭველად რუსეთს მიმართავენ დასახმარებლად“. („მწერლის დღიურები“, 1877 წელი).
ასევე ნახეთ „ეს ქვეყანა … ტრიალებსო“ - აკრძალული წიგნებიუცხოური ლიტერატურა საქართველოში ითარგმნებოდა რუსული ენიდან. რუსეთში დაბეჭდილი წიგნები პოლიგრაფიულად უკეთესი იყო. ამის გამო საბჭოთა პერიოდში ის ერთგვარი აქსესუარი გახდა. ქეთი ქურდოვანიძე იხსენებს, რომ ბევრ ოჯახში კარადებს სწორედ რუსული და არა ქართული წიგნებით ავსებდნენ, ოჯახის განათლებისა და ინტელიგენტურობის საჩვენებლად. სინამდვილეში კი ამ წიგნებს ცოტა თუ კითხულობდა.
„ამასთან, რუსულად ითარგმნებოდა ყველა ქართული ტექსტიც. მას ისევ ქართველები ყიდულობდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ შენი ლიტერატურა ყველა ენაზე უნდა წაიკითხო. რა თქმა უნდა, არავინ კითხულობდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სახლში უამრავი ისეთი წიგნი დაგროვდა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. იყვნენ წიგნების მყიდველები და წიგნების მკითხველები, მყიდველებს ყოველთვის უკეთესი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. ჩემს თაობაში ბევრი მინახავს, საგანგებოდ წიგნით ხელში დადიოდა, მაგალითად, კაფკას „პროცესი“ ეჭირა და დაჰქონდა ასე“, - იხსენებს ქეთი ქურდოვანიძე.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რუსული მაღალპოლიგრაფიული წიგნები ბუკინისტებთან აღმოჩნდა. თუმცა, მათი მიღება დიდად არც ბუკინისტებს სურთ, რადგან რუსულ ლიტერატურაზე საქართველოში მოთხოვნა უკვე აღარაა.
ასევე ნახეთ „სტუდენტებო, პირველი დეკემბრიდან გაქრება...“ - ჯარიმა და პატიმრობა პროფესორ-მასწავლებლებს