უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“(საია) შსს-ს მიმართავს, არ დაუშვას აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება.
საიას განცხადებით, „საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლებამ გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია”.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, შეწყვიტოს და არ დაუშვას აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.
ასევე ნახეთ პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავადღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად
ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის, სავარაუდოდ, ათამდე მონაწილე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
ამ შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას - ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
- „ძლიერი საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ევროკავშირი და აშშ საქართველოს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ასევე ნახეთ ევროკავშირი არჩევნების შემსწავლელ მისიას გამოგზავნის - მინისტრების „სევდიანი დისკუსია“ საქართველოზე