Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა


„კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მანუჩარ ჩაჩანიძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მანუჩარ ჩაჩანიძე.

პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულია ათამდე პირი.

წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - სავარაუდოდ, ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

მელიქიშვილის გამზირზე აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

განახლება: „კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მანუჩარ ჩაჩანიძე და კოალიციის წარმომადგენელი საბა ცხვიტარიძე. პოლიტიკური გაერთიანების თანახმად, პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა პარტია „ახლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის" ცნობით, პოლიციელებმა დააკავეს ტელეარხის ოპერატორი სერგი ბარამიძე.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

პოლიციამ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირზე. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

ამ შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერი საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ევროკავშირი და აშშ საქართველოს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG