რუსეთში „უცხოეთის აგენტებისთვის“ სპეციალური ანგარიშების შემოღებაზე ფიქრობენ

ჟურნალისტი პლაკატით, მოსკოვი.

რუსეთის დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც „უცხოეთის აგენტებს“ შემოსავლის გარეშე დატოვებას უპირებს.

იგეგმება მათთვის შეიქმნას ცალკე საბანკო ანგარიშები, რომლებზეც შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობის ანაზღაურება ჩაირიცხება, მაგალითად, ჰონორარები წიგნებისთვის, როიალიტები მუსიკის მოსმენისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ფონდ „რუს სიდიაშჩაიას“ დამფუძნებელი „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა, მისი წიგნები რუსეთში ჯერაც იყიდება. ოლგა რომანოვასთვის სპეციალური ანგარიში არაფერს შეცვლის, მისი რუსული ანგარიშები ისედაც დიდი ხანია დაბლოკილია.

„მგონია, რომ ადრე თუ გვიან აკრძალავენ გარიგებებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ავტომობილებთან, ტრანსპორტთან დაკავშირებით... ჰონორარებს. ყველაფერი ამისკენ მიდის. ბევრ ჩვენგანს, მაგალითად, მე, ყველა ანგარიში დაგვიყადაღეს. უძრავ ქონებაზე გარიგებაც გართულდა. ამისკენ მიდიოდა ყველაფერი და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით“, - ამბობს ოლგა რომანოვა.

ასევე ნახეთ რატომ გახდა საჭირო ანექსირებული ყირიმის დასაცავად დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება?

დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავის ტელეგრამარხზე თქვა, რომ სპეციალური საბანკო ანგარიშები აუცილებელი გახდება: მისი შექმნა შეეძლებათ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულს აგზავნიან და ეს „აგენტებმა“ შესაძლოა არც იცოდნენ. თანხების გამოყენება მხოლოდ „აგენტის“ სტატუსის მოხსნის შემდეგ შეეძლებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური ანგარიშებიდან ფული შესაძლოა რუსეთის ბიუჯეტში გადაირიცხოს.

„ისინი, ვინც რუსეთს, მის მოქალაქეებს შეურაცხყოფენ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შეურაცხყოფენ, ჩვენი ქვეყნის ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უცხოეთის აგენტი არაა, მაგრამ რაც ქვეყნიდან წავიდა, რუსეთზე ნეგატიურად ლაპარაკობს. მათთვისაც შემოგვაქვს ზომები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუშალოთ მათ გამდიდრებას იმ უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ასევე მისი გაყიდვით“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

რუსეთის უძრავი ქონების ბაზრის 90 პროცენტი ჩრდილოვანია. ამ რიცხვებზე შარშან დუმაში ლაპარაკობდნენ, წელს კი კანონმდებლებს უნდათ, ბაზრის ის მცირე ნაწილიც გააკონტროლონ, რომელიც ქვეყნიდან წასულებს უკავშირდება. რუსეთში დარჩენილი უძრავი ქონება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

ქსენია (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს. იქ სტიპენდია აქვს, მოსკოვში კი ბინას აქირავებს: „სტიპენდია მხოლოდ თავის გასატანად და მარტო საცხოვრებლად იქნებოდა საკმარისი. ფული, რომელსაც გაქირავებისგან ვიღებ, ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“.

როგორ გააკონტროლებენ იმ ხალხს, ვინც რუსეთში ბინას აქირავებს? დეტალების გაცხადება მეორე მოსმენაზე იგეგმება.

ასევე ნახეთ „შემდეგ ჯერზე საცვლები ჩამოიფხატეთო, მოსთხოვენ და გააკეთებენ“ - რატომ დაამზადეს რუსმა მასწავლებლებმა ფოლგის ქუდები

ეს პირველი მცდელობა არ არის, როდესაც დეპუტატები ქვეყნიდან წასულებს შემოსავლის გარეშე დატოვებას უპირებენ. 2023 წლის გაზაფხულზე პარლამენტში შეეცადნენ ისინი 30-პროცენტიანი გადასახადით დაებეგრათ. თუმცა, ეს კანონპროექტი საკმაოდ მალე უარყვეს.

ოლგა რომანოვას მიაჩნია, რომ რუსეთიდან მიღებული შემოსავლისთვის ბრძოლა არ ღირს.

„თუ ფულს ნერვები უნდა შეალიო და მერე ის ფული ნერვების სამკურნალოდ დახარჯო, ჯობს პირდაპირ უარი თქვა. რუსეთი ყოველთვის მოგატყუებს, შიშველ-ტიტველს დაგტოვებს. ასეთი სამშობლო გვაქვს“.

ლიდერი ჯგუფისა „ნოგუ სველო“ მაქსიმ პოკროვსკი ჰყვება, რომ რუსეთში გამომუშავებული ფულის მიღებას ახლაც ვერ ახერხებს. მუსიკოსმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა მაშინვე გააპროტესტა. უკვე 2022 წლის მარტში პოკროვსკის „ალფა ბანკში“ რუბლებში სპეციალური ანგარიში გაუკეთეს და იქ საავტორო უფლებებისთვის ჰონორარი ერიცხება. ამ ფულის გამოტანა პოკროვსკის არ შეუძლია, მაგრამ შემოსავლების სამსახური საშემოსავლოს გადახდას მაინც სთხოვს. ეს პრობლემები ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ მუსიკოსს „უცხოეთის აგენტად“ აღიარებდნენ.

„ჯერ კიდევ იმ დროიდან გვდევნიდნენ, როდესაც ალექსეი ნავალნის ვუჭერდით მხარს. ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ეს? უკვე დიდი ხანია ეკონომიკურად სხვა რელსებზე ვდგავართ. ვისწავლეთ გადარჩენა, ახალი სიმღერების ჩაწერა, ახალი კლიპების გამოშვება იმ ფინანსებით, რაც პანდემიისას გვქონდა“, - ამბობს მაქსიმ პოკროვსკი.

კანონპროექტის პირველი მოსმენა შესაძლოა უკვე მომავალ კვირას გაიმართოს.

ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას