მარტო "ოცნება" პარლამენტში - რით ჰგავს და რით განსხვავდება 2020 და 2024-ის არჩევნების შედეგები

"ქართული ოცნების" ლიდერები: (მარცხნიდან) ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი

მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ იმ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოსაქვეყნებლად ვადა 21 ნოემბრამდე აქვს, ახალი პარლამენტი კი პირველ დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

ვიდრე ბარიერგადალახული ოპოზიციური ჯგუფები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, „ქართული ოცნების“ სიით გასულ დეპუტატებს პარლამენტში მარტო მოუწევთ ყოფნა.

89 მანდატი და ერთპარტიული პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო მთავარი დაპირებების შესრულების საშუალებას არ მისცემს.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება პოლიტიკის ექსპერტებს ახსენებს 2020 წელს - როცა, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნების შედეგს და თვეების განმავლობაში საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული.

მაშინდელსა და ამჟამინდელ ვითარებებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც.

პირველი სხდომა

საქართველოს კონსტიტუციით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს - არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. უკიდურესი ვადა 1 დეკემბერს უწევს.

საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგს, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ 53.931% და 89 მანდატი მიიღო. სალომე ზურაბიშვილი ღიად ლაპარაკობს ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების დამახინჯებაზე, მოპარვაზე, ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებასა და საქართველოს შიდა საქმეებში მოსკოვის ჩარევაზე.

არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების უკიდურესი ვადა ცესკოს 21 ნოემბერს ეწურება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება 10-დღიანი ვადის ათვლა, პარლამენტის პირველი სხდომისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ პირველი სხდომა მაინც ჩატარდება, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი მოიწვევს თუ არა მას.

„კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური ხასიათის, მას შეუძლია ამ 10 დღის ფარგლებში განსაზღვროს, მეორე დღე იყოს, მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე დღე იყოს თუ რომელი დღე იყოს შეკრებისა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი წავა საბოტაჟზე და არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტი არის ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს“, - უთხრა 5 ნოემბერს, ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

პარლამენტის რეგლამენტით, „ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი“; ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სხდომას ხსნის „დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი“.

კონსტიტუციონალისტების უმრავლესობა, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ასევე ადასტურებენ, რომ პირველი სხდომის გამართვა არც მარტო დარჩენილ „ოცნებას“ გაუჭირდება და სხდომის გამართვას ვერც პრეზიდენტის უარი შეუშლის ხელს.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია შენიშნავს, რომ „არც კონსტიტუცია და არც [პარლამენტის] რეგლამენტი არ გვთავაზობს გამონაკლის შემთხვევას, რა უნდა მოხდეს, თუკი პრეზიდენტი არ დანიშნავს სხდომას“ და, შესაბამისად - „პროცედურული დარღვევა იქნება“, მაგრამ „ამის გამო მაინც გაჭირდება, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს დღის წესრიგში“.

  • პარლამენტის რეგლამენტის თანახმად - „ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (ანუ 76 დეპუტატი მაინც)“.

პროცედურულად, პირველ სხდომაზე პარლამენტი ცნობს ყველა დეპუტატის უფლებამოსილებას - მათ უფლებამოსილებასაც, ვინც პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

2020 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა და მასზე, 90 მანდატით, „ოცნების“ დეპუტატები ასევე მარტო იყვნენ წარმოდგენილი. განსხვავება ის იყო, რომ მაშინ პირველი სხდომა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დანიშნა.

„ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება დაბალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების სადღაც 60%-მა და ამათგან, „ქართულმა ოცნებამ“ 50%-ზე ცოტა მეტი [მხარდაჭერა] მიიღო. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ [პარლამენტში] ეყოლება ამომრჩეველთა 30%-ზე ოდნავ მეტის წარმომადგენლობა. დანარჩენს - ამომრჩევლების 70%-ს საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი არ ეყოლება“, - ეუბნება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას და ამ ფაქტს უწოდებს „სერიოზულ დარტყმას“ პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის.

რა არის შესაძლებელი 89 მანდატით?

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, 89 მანდატით შესაძლებელი იქნება - პარლამენტის მუშაობის დაწყება, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ან შეწყვეტა, საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება და კანონების [მათ შორის - ორგანული] დამტკიცებაც.

პარლამენტი ასევე შეძლებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.

თუმცა ვერ შეძლებს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

„პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სჭირდება მომხრეთა 3/5 [90 ხმა], 2/3 [100 ხმა] და 3/4 [113 ხმა]. 113 ხმა სჭირდება კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც მაშინვე ამოქმედდება; ხოლო 100 ხმა სჭირდება კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტებში უნდა დამტკიცდეს“, - ეუბნება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, 89 დეპუტატი ვერ შეძლებს, მაგალითად:

  • კონსტიტუციური შეთანხმებების დამტკიცებას;
  • სახალხო დამცველის არჩევას და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებასა და დაკავებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებების მიღებას;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღებას;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას;
  • ცესკოს წევრის, ცესკოს თავმჯდომარის სრული, 5-წლიანი ვადით არჩევას.

შეუძლებელი იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტიც, რასაც, სულ ცოტა -100 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება და სწორედ ამ მიზეზით ვერ მიიყვანა ბოლომდე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი, 2023 წელს.

არჩევნების წინ „ოცნება“ პირობას დებდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ხელმეორედ დააყენებდა და ამჯერად ბოლომდე მიიყვანდა. 89 მანდატით ეს არ გამოვა. პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ამოეწურება.

მმართველ პარტიას ჰქონდა კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები - რისთვისაც ის ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვდა. „ოცნებას“ არ განუმარტავს - რას გულისხმობდა კონკრეტულად, მაგრამ - ვერც ამ დაპირებას შეასრულებს, მას არც 100 მანდატი აქვს და არც 113.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.

ბოიკოტი და მანდატები

ამ ეტაპის მოცემულობით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგს არ აღიარებს და, შესაბამისად - მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ გეგმავს ოთხი ოპოზიციური ჯგუფი, რომლებსაც, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ჯამში - 61 მანდატი აქვთ: „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 19 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 16; „ძლიერი საქართველო“ - 14; „გახარია საქართველოსთვის“ - 12.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, რომ:

  • პოლიტიკურ სუბიექტებს პარტიული სიების ჩახსნა [გაუქმება] ამ ეტაპზე ეკრძალებათ - პარლამენტის პირველ სხდომამდე.
  • პირველი სხდომის შემდეგ, შეუძლიათ ჩახსნან იმ წევრების სია, რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები - „პირობითად, თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მეთექვსმეტედან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან“.
  • ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ თავად მიმართონ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

დეპუტატებს შეუძლიათ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართონ, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ მათი მოთხოვნა შესრულდება. დეპუტატების მსგავსი მოთხოვნები, გარკვეულ ეტაპებზე, არ დაკმაყოფილდა მე-10 მოწვევის პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს თვეების განმავლობაში უცხადებდა.

„როგორც გაღიმებული დავტოვეთ ოპოზიცია სხვადასხვა გადაწყვეტილებით 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს სხვადასხვა დროს, იდგნენ ახლა და იმარჩიელონ, შევუწყვეტთ თუ არ შევუწყვეტთ და ვნახოთ როგორ ხასიათზე დადგებიან და რა ბზარები გაჩნდება ან არ გაჩნდება მათ შორის“, - თქვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერების მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

თუკი დეპუტატი საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობს და „მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს“, კანონმდებლობის თანახმად, ასევე უნდა დადგეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

რამდენად საპატიოა გაცდენის მიზეზი - ეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა გაარკვიოს, მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. თუკი არასაპატიო მიზეზი დადასტურება, კომიტეტმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დასკვნა და უნდა დადგეს დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი.

კოტე ჩოკორაია ვარაუდობს, რომ - „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდება - პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა „ქაღალდზე მაინც იყოს 100-ზე მეტი“, რადგან „შინაარსობრივი ლეგიტიმაციის პრობლემაა, როდესაც პარლამენტში გყავს იმაზე ნაკლები დეპუტატი, ვიდრე სრული უფლებამოსილებისთვის არის საჭირო“.

„2/3 [100 მანდატი] არის დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც კონსტიტუციის მისაღებად მინიმუმ არის საჭირო. ორი მოწვევის პარლამენტის თანხმობით კონსტიტუციის დამტკიცებას 100 მანდატი სჭირდება. თუკი პარლამენტში იქნება დეპუტატების 2/3, ეს ნიშნავს, რომ - პარლამენტი, პრინციპში, ყველა უფლებამოსილების შესრულებას შეძლებს“, - ამბობს კოტე ჩოკორაია.

  • 2020 წელს არჩეული პარლამენტის ბოიკოტმა 6 თვეს გასტანა. პარლამენტში არ შედიოდა 55 მანდატის მქონე 7 პარტია/ბლოკი.
  • „პატრიოტთა ალიანსის“ 4 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“, პარლამენტში, 2021 წლის იანვარში შეუერთდა. იმავე პერიოდში, ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით, მათ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.
  • 2021 წლის თებერვალში, პარლამენტში შევიდა პარტია მოქალაქეების ორი დეპუტატი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი [ამჟამინდელი სახალხო დამცველი].
  • შემდეგი იყო „გირჩი“, რომლის დეპუტატები პარლამენტში 19 აპრილს დილით მივიდნენ.
  • „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტში სხვებიც შევიდნენ.
  • „ევროპულმა საქართველომ“ ბოლომდე უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე - მაგრამ პარტიის სიით გასული დეპუტატები მაინც შევიდნენ პარლამენტში.
  • პარლამენტში არ შესულა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთადერთი დეპუტატი - შალვა ნათელაშვილი. მას, ზოგიერთ სხვა დეპუტატთან ერთად, უფლებამოსილება 2022 წლის თებერვალში შეუწყდა.

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ლეიბორისტული პარტია“ - ხელახალი არჩევნების ჩატარებას, მათ შორის - ქუჩის აქციებზეც მოითხოვდნენ. არჩევნების შედეგს არც „პატრიოტთა ალიანსი“ აღიარებდა.

„ქართული ოცნება“ ოთხი წლის წინ არ აღიარებდა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი კრიზისულ ვითარებას ქმნიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წელს, სექტემბერში განაცხადა, რომ 2020 წელი აღარ განმეორდება და კრიზისი ვეღარ შეიქმნება.

„2020 წელს მათ [ოპოზიციამ] გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში“, - პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრობდა, რომელიც პროცესის შუამავლის - ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სახელს ატარებს.

ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა - რამაც ამომრჩევლების ნაწილი გააწბილა.

„ქართულმა ოცნებამ“ „შარლ მიშელის შეთანხმება“ 2021 წლის ივლისში საერთაშორისო პარტნიორების წინასწარ გაფრთხილების გარეშე, ანულირებულად გამოაცხადა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დოკუმენტს გვიან მოაწერა ხელი.

„ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიცია ამ ჯერზეც შევა პარლამენტში. ამის ცხადი ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.

2020 წელს, ვითარება განსხვავებული იყო - პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით, აკეთებდა ყველაფერს, რომ - ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. 19 აპრილის შეთანხმებასაც პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა ხელი.

ახლა პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არჩევნების ოფიციალურ შედეგს არ აღიარებს. ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გარდა, ისინი მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობის სისტემურ დარღვევაზე და, შესაბამისად - კონსტიტუციით დაცული ამ მოთხოვნის უგულებელყოფაზე.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2263 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.