„ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არ ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, - განაცხადა ცესკო წევრმა გიორგი სიორიძემ, რომელიც პარტია „ძლიერ საქართველოს“ წარმოადგენს.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე დაიბარეს.
ფორუმი