ფინანსურმა პოლიციამ გუშინ, 30 ოქტომბერს, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გელავასა და ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო ე.წ. ქოლცენტრების საქმის ფარგლებში. უწყებას არ განუმარტავს, რა კავშირი დაინახა მან ამ დანაშაულებრივ სქემასა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე ორი მკვლევრის საქმიანობას შორის.
„ალბათ რეპუტაციული ზიანის მოყენების მცდელობაა. ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი „ქოლცენტრების“ საქმეში გასვარონ. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ აპირებენ დაგვაკავშირონ.
ჩემი ბანკის ანგარიშებზე ვერ იპოვიან ისეთს ვერაფერს, რისთვისაც ზედმეტი ინტერპრეტაციის მიცემა შესაძლებელია. მაქვს სახელფასო ანგარიში და მაქვს ანაბარი, სადაც მთელი ცხოვრება ვაგროვებ ცოტ-ცოტას, სადაც ეს დაფიქსირებული იქნება“, - უთხრა ეთო ბუზიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ყადაღა დაედომკვლევრების სახლები 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა. გამოძიებას ისინი ჯერჯერობით არ დაუკითხავს.
სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია:
- 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;
- 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იმავე დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ სამ ოფისშიც, ამოიღეს ტექნიკა და დალუქეს სამუშაო სივრცეები. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ჩხრეკა ამ სამ ოფისში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უპასუხოდ დატოვეს რადიო თავისუფლების კითხვა, ეხებოდათ თუ არა სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს ეს განცხადება.
29 ოქტომბერს გაირკვა, რომ ორივე მკვლევარს შეზღუდული ჰქონდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მათ შეზღუდვის მიზეზს ვერ ეუბნებოდა, თუმცა გელავამაც და ბუზიაშვილმაც ეს დაუკავშირეს იმ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ჰელსინკის კომისია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას აფასებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და იმ ამერიკულ ორგანიზაციაზე თავდასხმად, რომელიც მათ ასაქმებს. კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებაში ასევე წერია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში“.
ასევე ნახეთ ჰელსინკის კომისია გელავას და ბუზიაშვილის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას თავდასხმად აფასებს