ზელენსკის თქმით, Tomahawk-ების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 ოქტომბერი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ინფორმაცია კიევის მიერ Tomahawk-ის ტიპის ამერიკული ფრთოსანი რაკეტების მოთხოვნის შესახებ, რის თაობაზეც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია The New York Times-მა წყაროებზე დაყრდნობით, კონფიდენციალური იყო უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის კომუნიკაციაში. ამის შესახებ მან ოთხშაბათს განაცხადა სკანდინავიის ქვეყნების მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„როგორ უნდა გავიგოთ ეს ცნობები? ეს ნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის არაფერია კონფიდენციალური“, - თქვა ზელენსკიმ მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ.

მან დაადასტურა, რომ ე.წ. გამარჯვების გეგმის ფარგლებში, რომელიც მან შესთავაზა დასავლელ მოკავშირეებს, აშშ-ისგან მოითხოვა შორი მოქმედების იარაღის პაკეტი. ზელენსკიმ პირდაპირ არ ახსენა Tomahawk-ები, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იარაღი უპირველეს ყოვლისა უნდა ყოფილიყო შემაკავებელი საშუალება იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი შემდგომ ესკალაციაზე წავა.

ასევე ნახეთ NYT: ზელენსკიმ რუსეთის შესაკავებლად აშშ-ისგან Tomahawk-ის რაკეტები ითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ამ საკითხში დასავლელმა მოკავშირეებმა უარი თქვეს მისი თხოვნის შესრულებაზე. „მე ვთქვი, რომ ეს არის პრევენციული მეთოდი, მათ მიპასუხეს, რომ ეს არის ესკალაცია".

ზელენსკიმ კიდევ რამდენიმე კრიტიკული კომენტარი გააკეთა უკრაინის პარტნიორებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ მიიღო დახმარების პაკეტის მხოლოდ 10%, რომელსაც აშშ-ის კონგრესმა 2024 წელს დაუჭირა მხარი. ასევე ჯერაც არ მიუღია ნატოს ივლისის სამიტზე დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები. „ჩვენ ვამზადებთ ქვეყანას ზამთრისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება, მაგრამ ზოგიერთი პარტნიორი არ ასრულებს თავის სიტყვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრონტის რიგ სექტორებში ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის დიდი უპირატესობა ცოცხალ ძალაში და უკრაინელ სამხედროებს ხალხის ნაკლებობა ზოგჯერ აიძულებს, უკან დაიხიონ. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას შეეძლო კურსკის ოლქში შეტევის დროს დაეკავებინა კურსკის ატომური ელექტროსადგური. „რომ გვნდომებოდა მათი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება, ჩვენ ამას გავაკეთებდით, მაგრამ არასდროს გვინდოდა ეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ადრე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ ქალაქ კურჩატოვში მდებარე კურსკის ატომური ელექტროსადგური უკრაინის შეტევის მთავარი სამიზნე იყო. თუმცა, ატომური ელექტროსადგური უკრაინის ჯარების წინსვლის უკიდურესი წერტილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული და კიევში არასოდეს ულაპარაკიათ მასზე, როგორც შეტევის სამიზნეზე.

ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში

რუსეთთან დაპირისპირების გეგმის განხორციელებამ, რომელსაც ზელენსკი გამარჯვების გეგმას უწოდებს, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლება უნდა აიძულოს, უარი თქვას ომის გაგრძელებაზე და დათანხმდეს მოლაპარაკებებზე. თუ ვიმსჯელებთ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გეგმა ითვალისწინებს დასავლელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას, მათ შორის მის ოფიციალურ მიწვევას ნატოში, დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეტევის ნებართვას და ახალი სახეობების იარაღის მიწოდებას.

ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ გეგმას აქვს სამი საიდუმლო დამატება. New York Times-მა გამოაქვეყნა ერთ-ერთი მათგანის შინაარსი, რომელიც დაკავშირებულია შეკავების თემასთან. საუბარია უკრაინისთვის 2400 კილომეტრამდე მოქმედების Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე - ტექნიკურად საქმე ეხება საშუალო მანძილის რაკეტებს. NYT-ის წყარომ ზელენსკის მოთხოვნას „სრულიად შეუძლებელი“ უწოდა.