Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: ზელენსკიმ რუსეთის შესაკავებლად აშშ-ისგან Tomahawk-ის რაკეტები ითხოვა


ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ის გაშვება გემიდან. ხმელთაშუა ზღვა, 29 მარტი, 2011.
ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ის გაშვება გემიდან. ხმელთაშუა ზღვა, 29 მარტი, 2011.

The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი საიდუმლო პუნქტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო კვირებში წარუდგინა დასავლელ ლიდერებს, შეიცავდა თხოვნას ამერიკის შეიარაღებაში არსებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინაში განლაგების შესახებ.

რუსეთთან დაპირისპირების გეგმის განხორციელებამ, რომელსაც ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ უწოდებს, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლება უნდა აიძულოს, უარი თქვას ომის გაგრძელებაზე და დათანხმდეს მოლაპარაკებებზე. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გეგმა ითვალისწინებს დასავლელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას, მათ შორის მის ოფიციალურ მიწვევას ნატოში, დასავლეთის იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების განხორციელებაზე თანხმობას, ახალი სახეობების იარაღის მიწოდებას.

ზელენსკის თქმით, გეგმას აქვს სამი საიდუმლო დამატება. New York Times-ი ავრცელებს ერთ-ერთი მათგანის შინაარსს, რომელიც დაკავშირებულია შეკავების თემასთან. ლაპარაკია უკრაინისთვის 2400 კილომეტრამდე დიაპაზონის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებაზე. ტექნიკურად საქმე ეხება საშუალო რადიუსის რაკეტებს. NYT-ის თანამოსაუბრემ ზელენსკის მოთხოვნას „სრულიად შეუძლებელი“ უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ისე, რომ არ უხსენებია მოთხოვნილი იარაღის ტიპი, ადრე განაცხადა, რომ საქმე ეხება არაბირთვულ იარაღს, რომელიც, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული რუსეთის შესაკავებლად.

New York Times-ის მასალა ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ზოგადად შეიცავს მტკიცებას, რომ ზელენსკის გეგმას შეერთებულ შტატებში სკეპტიციზმით შეხვდნენ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა მას არარეალისტური უწოდეს და აღნიშნეს, რომ მისი განხორციელება მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე. ამასთან, გამოცემა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ გეგმაზე დასავლეთის ფაქტობრივი უარი შესაძლოა ზელენსკისთვის გახდეს რუსეთთან დათმობაზე წასვლის საბაბი.

გაზეთი ცალკე აღნიშნავს, რომ სექტემბერში ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკი, სავარაუდოდ, „გაოგნებული“ იყო აშშ-ის უარით, დაუშვას ამერიკული შორსმსროლელი იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის. გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების სია, რომელიც უკრაინამ შეადგინა, მნიშვნელოვნად აღემატება რაკეტების რაოდენობას, რომლებსაც აშშ მიაწოდებდა უკრაინას თავისი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ოფიციალურ კიევს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი The New York Times-ის პუბლიკაციაზე. ზელენსკიმ ისლანდიაში ვიზიტის დროს, სადაც ის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, კვლავ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG