26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული პოლიტიკური ოპოზიცია და არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციები გაყალბების მასშტაბურ სქემაზე საუბრისას ხშირად მიუთითებენ, რომ ერთ-ერთ მექანიზმად ხელისუფლებამ ვერიფიკაციის აპარატები გამოიყენა.
ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც, რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და, შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აიდენტიფიცირებდა.
ასევე ნახეთ „ჩემი ხმა“: მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა ორგანიზებული გაყალბების სქემაროგორ მოხდა, რომ არჩევნების ელექტრონულმა სისტემამ, რომლითაც ატარებს არჩევნებს მსოფლიოს ბევრი დემოკრატიული ქვეყანა და რომელი სისტემის დანერგვასაც წლებია ითხოვდნენ საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოშიც, საარჩევნო პროცესი მაინც ვერ დაიცვა?
„ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება ბევრად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე“, - წერია „სამართლიანი არჩევნების“ 2021 წლის კვლევაში „ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებში“ და საარჩევნო საკითხების არაერთი ექსპერტი გვეუბნება, რომ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პასუხი.
ISFED-ის სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა რადიო თავისუფლებასთან შენიშნავს, რომ ელექტრონული აპარატები ამსუბუქებენ შრომას, ამარტივებენ და ამსუბუქებენ პროცესს, მაგრამ საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს ვერ აზღვევენ. ტექნოლოგიები ამართლებს, თუ მათ კეთილსინდისიერად იყენებენ.
გიორგი მონიავა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2022-2023 წლებში, როცა საქართველოში ელექტრონული სისტემა გამოცადეს და ამ პროცესს მაშინ „სამართლიანი არჩევნებიც“ აკვირდებოდა, ისიც და მისი სხვა კოლეგებიც ამბობდნენ, რომ ეს აპარატები გამოწვევებს არ უპასუხებდა.
ის ვერ გამორიცხავდა რაიმე სახის მანიპულაციას, ვერც წინ აღუდგებოდა მას. მაგალითად - სიებით მანიპულაციის საშუალებას, მათ შორის, ისევ ტოვებდა მცდარი ვერიფიკაციის საფრთხეს.
ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარე მანიპულაციურს უწოდებს ბრალდებას ვერიფიკაციის აპარატებით ხმების დუბლირების თაობაზესაარჩევნო ადმინისტრაციამ ბრალდებებს უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიაში, მაგალითად, ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
ცესკომ სიით მანიპულაციაზე ბრალდებაც უარყო და თქვა, რომ ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
„ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა. აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ჩვენ ელექტრონული საარჩევნო სისტემების დანერგვის მსოფლიო პრაქტიკას გადავხედეთ და ვეცადეთ გვენახა იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც ტექნოლოგიამ მთავრობებს პროცესის მანიპულირების და ინფორმაციაზე კონტროლის შესაძლებლობა მისცა.
ასეთი ქვეყნების ჩამონათვალშია, მაგალითად, რუსეთი.
ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტისა და ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევრების მოსაზრებაში, რუსეთის არჩევნების კონტექსტში, წერია, როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიები ავტორიტარულმა ძალაუფლებამ გამოიყენოს. ისინი წერენ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა (რომელიც გაიმართა 2024 წლის 15-დან 17 მარტამდე) გამოკვეთა ავტორიტარული ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ტენდენცია.
მკვლევრები შენიშნავენ, რომ რუსეთში მოქმედი ონლაინ ხმის მიცემის სისტემა იძლეოდა არჩევნების გაყალბების საშუალებას და შორს იდგა გამჭვირვალობისგან - მათ მაგალითად მოჰყავთ Deutsche Welle-ს მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი რუსი პროგრამების დეველოპერის მოსაზრება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების საარჩევნო ჩინოვნიკებს შეეძლოთ ყალბი შედეგების ჩასმა ონლაინ ხმის მიცემის დროს. დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Novaya Gazeta კი თავის გამოძიებაში წერდა, რომ ონლაინ ხმის მიცემის გზით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 14 მილიონზე მეტი ხმა გაყალბდა.
კიდევ ერთი ქვეყანა, 800 მილიონი ამომრჩევლით, ინდოეთი იყო, სადაც ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, რომ ელექტრონული მანქანების „დაჰაკვა“ და, მონდომების შემთხვევაში, არჩევნების გაყალბება შესაძლებელი იყო.
ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები კამათის და კრიტიკის საგანი გახდა 2018 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მაშინ ამ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ის იყო, რომ ისინი „საფუძვლიანად არ იყო გამოცდილი“.
ასევე ნახეთ რამდენად სანდოა ელექტრონული არჩევნები? - რა უნდა ვიცოდეთსაქართველომ, კერძოდ კი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩევლების ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები საარჩევნო ტექნოლოგიებისა და სერვისების საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკისგან“ იყიდა.
ამ კომპანიას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის არის ბელგია, ესტონეთი, არგენტინა, ავსტრალია, ალბანეთი, ბულგარეთი, სომხეთი.
ცოტა ხნით ადრე 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, „სმარტმატიკის“ სახელი სკანდალში გაეხვია - კომპანიის აღმასრულებლებს ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდება წარუდგინეს. ბრალი ფილიპინების 2016 წლის არჩევნებს უკავშირდებოდა, თუმცა არა კონკრეტულად საარჩევნო პროცესს, არამედ იმას, რომ გამოძიების ვერსიით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმაში, რომ ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციას მათ კომპანიასთან გაეფორმებინა მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლითაც ქვეყანა ხმის მიცემის აპარატებს შეისყიდდა.
მაშინ „სმარტმატიკი“ ირწმუნებოდა, რომ „ბრალდება არ ეხება ხმების გაყალბებას“ და, რომ თავად „"სმარტმატიკი" არ არის დადანაშაულებული“.
ამ ამბავს მაშინ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ში მიმდინარე პროცესებს საქართველოს 2024 წლის არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და შედეგების სანდოობაზე ამას გავლენა არ ექნებოდა.
ამ ამბავზე რადიო თავისუფლება დაწვრილებით წერდა.
ასევე ნახეთ სკანდალი ფირმის გარშემო, რომლის ტექნოლოგიებითაც ტარდება არჩევნები საქართველოში - ქრთამი, ფულის გათეთრება და აშშ-ის ბრალდებებისაქართველოში საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - 2263 საარჩევნო უბანზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53.931%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
- „ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.