ნატომ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნა კურსკში, რას ნიშნავს ეს?

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. ბრიუსელი, 28 ოქტომბერი, 2024.

ნატოს თანახმად, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შენაერთები შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და რომელშიც ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის.

ამის შესახებ 28 ოქტომბერს ბრიუსელში გამოაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ და მოვლენების ასეთ განვითარებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის „მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „საგონებელშია ჩავარდნილი“ იმის გამო, რომ ომში „რუსეთის 600 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა“. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ნატომ რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა გაგზავნა დაადასტურა.

რიუტეს კომენტარამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში ჯარების გაგზავნას აპირებს, ან უკვე გააკეთა ეს, რაც ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს იარაღს და საბრძოლო მასალას აწვდიდა, რასაც მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ.

იზრდება შიში იმის თაობაზე, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები გააძლიერებენ რუსეთის ჯარებს უკრაინაში, ზოგი ანალიტიკოსის აზრით კი, ისინი შეიძლება გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიის დასაცავად ან უკრაინაში, რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე დამცავი ზღუდეების ასაგებად.

გასულ კვირაში სამხრეთ კორეის პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ქვეყნის სადაზვერვო უწყებებიდან მოიპოვეს ინფორმაცია, განაცხადეს, რომ რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები არ განულაგებიათ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონებში და, რომ ისინი სხვადასხვა ადგილას გადიოდნენ „სპეციალიზებულ მომზადებას“ სამხედრო ტექნიკის, მათ შორის საბრძოლო დრონების გამოყენებაში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში შეხვდებიან თავიანთ სამხრეთკორეელ კოლეგებს.

როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, საბრინა სინგმა განაცხადა 28 ოქტომბერს, ოსტინი და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი კიმ იონ-ჰიონი ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნის შესახებ იმსჯელებენ. ამასთან, მან დასძინა, რომ არ იქნება რაიმე შეზღუდვა მათ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაში.

„თუკი ვნახავთ [ჩრდილოეთ კორეის] ჯარების გადაადგილებას ფრონტის ხაზებისკენ, ისინი ომის თანამონაწილეები გახდებიან“, თქვა სინგმა. „ჩრდილოეთმა კორეამ უნდა გაითვალისწინოს ეს“.

თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა რიუტემ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთ-უკრაინის დასავლეთ საზღვრის მახლობლად განალაგეს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და, რომ ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფები კურსკის ოლქში განალაგეს“, თქვა მან ორშაბათს.

ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში

უკრაინის ჯარები აგვისტოში შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, და ასეულობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს. სხვადასხვა ინფორმაციით, ამ მანევრის მიზანი იყო უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ჯარების მომარაგების ხაზების გაკონტროლება და რუსეთის იძულება, თავისი ჯარის ნაწილი მოეხსნა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან, სადაც ის ამჟამად წარმატებებს აღწევს. მიმომხილველთა შეფასებით, უკრაინამ კურსკის ოპერაციით ჯერჯერობით ვერ მიაღწია მეორე მიზანს, თუმცა სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოწინააღმდეგეს მისავე ტერიტორიაზე. კურსკში ჩრდილოკორეელ სამხედროთა გაგზავნა შესაძლოა სწორედ იმის ნიშნად აღვიქვათ, რომ რუსეთს იქ უჭირს და უჭირს არა მხოლოდ ფრონტის ამ მიმართულებაზე. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ჩრდილოკორეელთა რუსეთში გაგზავნა პუტინის სისუსტის დადასტურებაა, სავარაუდოდ, სულაც არ არის კრემლის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული ილეთი და შეიძლება მართლაც გამოწვეული იყოს მზარდი პრობლემებით, რომელთა წინაშეც უწევს დგომა რუსეთის არმიას.

რიუტეს მიერ 28 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება მოჰყვა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, მის შეხვედრას სამხრეთ კორეის დელეგაციასთან, რომელიც ქვეყნის დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირველად 2000 წელს ესტუმრა ჩრდილოეთ კორეას და მოლაპარაკებები გამართა მის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.

ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ ორივე ქვეყანას დაუწესა მკაცრი სანქციები, მოსკოვი და ფხენიანი თავიანთი სამხედრო და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე მუშაობდნენ. ეს პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

2023 წლის სექტემბერში პუტინი და კიმი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ ერთმანეთს, წელს ივნისში კი ფხენიანში წითელი ხალიჩა გაუფინეს რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც მორიგი ვიზიტით ჩავიდა ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ასევე ნახეთ “ეს კარგს არაფერს უქადის პუტინს“ - პოლკოვნიკი პიტერ ინგრამი უკრაინის ოპერაციაზე კურსკსა და ბელგოროდში

გავრცელებული ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის გარიგება მოიცავს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და შეიარაღების, მათ შორის - რაკეტების მიწოდებას. ვარაუდობენ, რომ საპასუხოდ მოსკოვი ფხენიანს ეხმარება მისი სადავო კოსმოსური პროგრამის განვითარებაში.

შეერთებულმა შტატებმა ადრე შეშფოთება გამოხატა „ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების“ გამო. უკანასკნელი ინფორმაციის შემდეგ, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 12 ათასი სამხედრო იგზავნება, აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას მიიღებენ, ისინი ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნედ იქცევიან.

როგორც იტყობინებიან, გასულ კვირაში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონ ჰიონმა ქვეყნის კანონმდებლებს უთხრა, რომ რუსეთში გაგზავნილ ჩრდილოკორეულ ჯარებში შედიან სპეცდანიშნულების რაზმები, სამხედრო ინჟინრები და საარტილერიო ჯარები და მათი ამოცანაა, გააძლიერონ რუსეთის არმია.

სეული „განზე არ იდგება უმოქმედოდ“ ამ მნიშვნელოვანი „პროვოკაციის“ პირისპირ, უთხრა მან NBC News-ს.

უკრაინის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს უკვე 27 ოქტომბრისთვის აქვს განზრახული ჩრდილოკორეელი სამხედროების განლაგება საბრძოლო მოქმედებების რაიონებში. ის გამოვიდა მოწოდებით, „საგრძნობი“ საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს ორ ქვეყანაზე, რათა მათ პატივი სცენ გაეროს კანონმდებლობას.

„მსოფლიო ნათლად ხედავს რუსეთის ჭეშმარიტ განზრახვებს: გააგრძელოს ომი“, თქვა მან. „აი, რატომ აქვს მნიშვნელობა მსოფლიო ლიდერების პრინციპულ და ძლიერ პასუხს“.

ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნას გამოეხმაურა ევროკავშირიც. ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სოცქსელ X-ში დაწერა: „ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად გაიგზავნენ. ეს არის ამ ომში მძიმე ესკალაცია და საფრთხე მსოფლიო მშვიდობისთვის“. მან დასძინა: „ჩვენ ამას ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად გავცემთ პასუხს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან უკრაინაში რუსეთის დახმარებას „ძალზე სახიფათო“ უწოდა.

სხვათა შორის, შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მჭიდრო მოკავშირემ, ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამაც. მან BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა ჩართვა „კონფლიქტის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“.

ასევე ნახეთ როგორ ემზადება პოლონეთი რუსეთთან ომისთვის

საყოველთაო შეშფოთების ფონზე ზოგი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამს იმ სარგებელზე, რაც შეიძლება მოუტანოს რუსეთს ჩრდილოკორეელ სამხედროთა ჩასვლამ. ყურადღებას ამახვილებენ ენობრივ ბარიერსა და იმ გარემოებაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ახლახან მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ თავად რუსეთის სამხედროები გამოთქვამენ ეჭვებს, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ჩრდილოკორეელთა მართვა და მომარაგება.

გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინმა არ უარყო რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნის ფაქტი. „ეს ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა“, თქვა პუტინმა და გვერდი აუარა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხს. „გამოვიყენებთ ამას თუ არა, სად, როგორ, ან ჩავატარებთ ერთობლივ წვრთნას, სწავლებას თუ გარკვეულ გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს, ეს ჩვენი საქმეა“.

ხოლო ნატოს გენერალური მდივნის მოწოდების პასუხად, რომ ჩრდილოეთმა კორეამ დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები რუსეთიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუთითა უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელსაც მოსკოვმა და ფხენიანმა ივნისში მოაწერეს ხელი.

„ჩვენ მრავალჯერ ვთქვით, რომ ხელშეკრულება საიდუმლოს არ წარმოადგენს, ის საჯაროა, მთელი ტექსტი გამოქვეყნდა და ის სრულიად არ არღვევს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, ვინაიდან ის, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს დახმარებას ხელშეკრულების ერთ-ერთ მონაწილეზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში“, თქვა მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნაში ზოგი მიმომხილველი შესაძლო დადებით ცვლილებებსაც ხედავს. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში იარაღის რეზერვების თვალსაზრისით სიდიდით მეორე ქვეყანა, სამხრეთი კორეა, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული უარს ეუბნება კიევს იარაღის მიწოდებაზე. ამას სეულს ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს. მაგრამ ომში ჩრდილოკორეელთა ჩართვამ შესაძლოა ამ პოლიტიკის ცვლილება და კონსტიტუციაში შესწორებების შეტანაც კი გამოიწვიოს, ფიქრობს უკრაინელი პოლიტოლოგი ევჰენ დიკი.

ოღონდ იარაღის მიწოდების სანაცვლოდ სეულმა შეიძლება სხვა სახის საპასუხო დახმარება მოითხოვოს. სამხრეთმა კორეამ უკრაინას შესთავაზა სამხედრო ექსპერტები, უფრო ზუსტად, სამხედრო თარჯიმნები, რომლებმაც ტყვედ ჩავარდნილ ჩრდილოკორეელ სამხედრო ტყვეებთან კომუნიკაციაში უნდა გასწიონ დახმარება. ჩრდილოკორეელი სამხედროები კი განსაკუთრებით აინტერესებს სეულს, ვინაიდან მას სურს ინფორმაცია შეაგროვოს ომისთვის სამზადისის შესახებ, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, ეწევა ჩრდილოეთი კორეა, ამბობს დიკი.

ოღონდ მიიჩნევა, რომ იმისთვის, რომ სეულმა თავის პოლიტიკას გადახედოს და უკრაინას იარაღი მიაწოდოს, აუცილებელია ერთი პირობა - ჩრდილოკორეელი სამხედროები უშუალოდ უნდა დაუპირისპირდნენ უკრაინის ჯარებს უკრაინისვე ტერიტორიაზე. ჯერჯერობით არ არის ნათელი, ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე დარჩებიან თუ მათ უკრაინის ფრონტზეც ვიხილავთ.