ზურაბიშვილი: ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე.

„თქვენ, აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლება არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ უცხოურ მედიასაშუალებებს მისცა ინტერვიუები და ესაუბრა ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრეზიდენტის შეფასებით, მკაფიო განცხადება ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ერთი გამონაკლისის გარდა, არავინ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

„გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა], არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გამოჩნდეს სრული სურათი, როგორ შეიქმნა ხმების უპრეცედენტო, სისტემური წართმევა, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელმაც „წაგვართვა პარლამენტი და კონსტიტუცია“. მან დაამატა, რომ „არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს“.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი მოქალაქეებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებას სთავაზობს

რუსთაველის გამზირზე აქცია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს. ის ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.