საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.
"გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე, რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ის ლიდერები ესწრებოდნენ, რომელთა პარტიებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. პარტიიდან "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის ბრიფინგზე დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებოდა.
არჩევნების შედეგებს ამ დროისთვის მათგან არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი