​​ლინკოლნ მიტჩელი: „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ მოიგებს არჩევნებს აშშ-ში“​ 

ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი

​​ლინკოლნ მიტჩელი არის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი,  ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი. „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ის საუბრობს იმ ტრანსფორმაციაზე, რომელიც განიცადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.

ჟურნალისტ დავით ცაგარელს ის უზიარებს მოსაზრებებს ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებზე და ასევე იმ შეზღუდვებზე, რომლებიც სამომავლოდ იგეგმება.​

რადიო თავისუფლება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯერ მიიწვიეს ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის სახელით გამართულ მსოფლიო ლიდერების მიღებაზე, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. ეს საკმაოდ დამამცირებელი უნდა ყოფილიყო მისთვის. აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ მიწვევა „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკის გამო“ გაუქმდა. ​

შეიძლება თუ არა, რომ ამ მიზეზების ნაწილი იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში, სადაც ის ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჰამასის წარმომადგენლებთან ერთად იდგა?​

ლინკოლ მიტჩელი: დიდწილად ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული არაერთი ღია მცდელობა იყო ქართული დემოკრატიის უკუსვლის, არჩევნების წინ ქართული დემოკრატიის შეზღუდვის. როგორც წესი გაზვიადებულია ხოლმე წარმოდგენა იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს შეერთებულ შტატებს ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. სინამდვილეში ჩვენ უფრო ნაკლები შეგვიძლია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მე ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მკაფიო გზავნილი. განა სხვა რა ალტერნატივა არსებობს? [ მოვაჩვენოთ] ვითომ ყველაფერი რიგზეა და თავი დავანებოთ კობახიძეს? ​

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროდ თვლის უპასუხოს საქართველოს ხელისუფლების უწყვეტ კინკლაობას ამერიკის საელჩოსთან, რომელიც უკრაინის ომის დაწყების პირველი დღიდან დაიწყო. შეერთებული შტატები ისურვებდა, რომ ენახა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, საქართველოს სვლა დასავლეთისკენ. ​

[არადა], ბოლო 10-12 თვეა, ჩვენ ვხედავთ, როგორ დააჩქარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ გზიდან უკუსვლის პროცესი, და ახლა უკვე ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ დასავლეთისკენ მიდის, ამის თქმა არადამაჯერებელი იქნებოდა.​

ირაკლი კობახიძისთვის უარი მიღებაზე, ომის გამოცხადებას არ ნიშნავს, ხომ ასეა? ეს უფრო მეტად პირადი შეურაცხყოფაა. ​

გარკვეული თვალსაზრისით ეს არის გზავნილი საქართველოსთვისაც, მაგრამ პირველ რიგში პერსონალური შეურაცხყოფა ადამიანისა, რომელიც საშინლად იქცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და სცდებოდა დასაშვებ ფარგლებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღისწესრიგის სასარგებლოდ.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზი დაასახელა 

რადიო თავისუფლება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროში. მან ილაპარაკა ოკუპაციაზე, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია რუსეთი - ოკუპანტი ქვეყანა. რატომ უწოდებს თითქმის ყველა დასავლელი ლიდერი რუსეთს ოკუპანტს, ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი ამას არ აკეთებს?​

ლინკოლ მიტჩელი: ეს მართლაც თვალშისაცემია, როცა ისე ლაპარაკობ ოკუპაციაზე, თითქოს ეს რაღაც აბსტრაქტული რამეა, ციდან გარდამოსული ... ძალები, რომლებმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს. კეთილმოსურნეები ამას იმით ხსნიან, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება. ამ მოსაზრებას მე დიდად არ ვიზიარებ, მე თუ მკითხავ, რუსეთი უკვე საკმარისად გაღიზიანებულია. ​

კობახიძე ხელახლა უგზავნის შეტყობინებას რუსეთს, იცით, ჩვენ არ გვინდა არავის გაღიზიანება მოსკოვში. ჩვენ გაგიადვილებთ საქმეს. მას რომ ეთქვა - ოკუპანტი რუსეთია, ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, არავის ააღელვებდა. მაგრამ მან ეს არ თქვა და ახლა ყველა ამაზე ლაპარაკობს. ​

ასე რომ, რასაც ახლა ვხედავთ, ისაა, რომ, ერთი მხრივ, ეს ხელისუფლება მოსკოვისკენ იხრება, რაც შემაშფოთებელია, მეორე მხრივ კი, მას აკლია პოლიტიკური ალღო. ​

და იცით, კობახიძე საშინელი პოლიტიკოსია. ის ცუდი პოლიტიკური კომუნიკატორია, მას არ აქვს პოლიტიკური ტემპერამენტი. შესაძლებელია ჭკვიანი ადამიანია, რაშიც მე ეჭვი მეპარება, მაგრამ შეცდომაა მისი ამ, ან ნებისმიერი სხვა მთავრობის სახედ ქცევა. ​

რადიო თავისუფლება: „ამერიკის ხმამ“, აშშ-ის მთავრობისა და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს სანქციები უკვე მზად აქვს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საფუძველი კი პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანება No14024-ია. როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება, რომ ეს სანქციები ძალაში შევიდეს - საპარლამენტო არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, და კიდევ ვინ შეიძლება მოხვდეს სანქცირებულთა სიაში?​

ლინკოლ მიტჩელი: აქ ორი რამეა მნიშვნელოვანი, თავად ის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილება და ის, რომ ამის შესახებ საჯაროდ ითქვა. არავის უზრუნია, იმაზე, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვა შეეჩერებინა. მე პირადად ამის შესახებ ერთი კვირის წინ და კიდევ უფრო ადრეც გავიგე. ​

სიმართლე ითქვას, ზუსტად როდის ამოქმედდება სანქციები, არ ვიცი, მაგრამ კარგი კითხვაა, რაზე დაფიქრებაც ღირს. იმიტომ, რომ თუ აშშ სანქციებს ახლა შემოიღებს, მაშინ არჩევნების შემდეგ გავლენისთვის ბერკეტები აღარ დაგვრჩება. მაგრამ თუ ჩვენ არჩევნებამდე დავიცდით, ეს ისე გამოჩნდება, თითქოს ქართველ ხალხს ვსჯით - თუ ისინი იმას არ მისცემენ ხმას, ვინც ჩვენ გვინდა. ასე რომ, ეს რთული საკითხია. ​

მეორე მხრივ, თუ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ახლა [არჩევნებამდე] შემოვიღებთ, მაშინ პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში შეიძლება თქვან: „შეხედეთ, როგორი გულგატეხილია შეერთებული შტატები, და თუ ჩვენ არ გავყრით ამ ხალხს ხელისუფლებიდან, უარესი მოხდება“. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, არანაკლებ სავარაუდო, რომ ქართველი ამომრჩეველი იტყვის: „არ გვინდა, რომ აშშ ზეწოლას ახდენდეს ჩვენზე“. ამგვარად, სიტუაცია რთულია. ​

იმედია, რომ სანქციების საფრთხე ივანიშვილს უბიძგებს, ეს არჩევნები უკეთესად ჩაატაროს. მაგრამ არა მგონია, რომ ივანიშვილი ამაზე [ბევრს] ფიქრობდეს.

ასევე ნახეთ „ღირსების დაბრუნება“, მიმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებს - კობახიძის აქცენტები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

რადიო თავისუფლება: თქვენ აკვირდებით საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას, მთლიანობაში როგორ შეაფასებთ ვითარებას? რას იტყვით როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ უპირატესობებსა და სისუსტეებზე და რა შანსები აქვთ მხარეებს?​

ლინკოლ მიტჩელი: იცით რა, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ იმაზე ძლიერია, ვიდრე ბევრს ჰგონია. და მგონია, რომ მას მხარს ელექტორატის მესამედი უჭერს. სწორედ ამიტომ, მათ შეუძლიათ სხვადასხვა მეთოდით გაიკაფონ გზა საჭირო უმრავლესობისკენ - იქნება ეს ხმების მოსყიდვა, ფალსიფიცირება თუ სხვა მანიპულაციები. ეს პრობლემაა. მაგრამ იმის მტკიცება, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ გაყალბებით შეუძლია ამ არჩევნების მოგება - არასწორი იქნება. ​

მაგრამ უნდა დავაზუსტოთ, რას ვგულისხმობთ „გამარჯვებაში“. თუ ისინი მიიღებენ უმრავლესობას, რომელიც ვეტოს დაძლევის შესაძლებლობას მისცემს, მაშინ, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ მოუწიათ ბევრი დარღვევა არჩევნებისას. მაგრამ თუ მათ უბრალო უმრავლესობა ექნებათ, მაშინ ეს მიანიშნებს, რომ ფალსიფიცირება მოხდა, მაგრამ არა დიდი მასშტაბის. ​

ოპოზიციამ კი გადადგა რამდენიმე ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით ისევ არ შეუძლია მესამე ძალის ფართო კოალიციის შეკვრა, რომელიც არ იქნებოდა ასოცირებული არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ და, ამავე დროს, შეძლებდა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიზიდვას. ​

ამგვარად, არჩევნების შემდეგ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ერთგვარ „ნაცრისფერ“ ზონაში, სადაც ერთდროულად იქნება შესაძლებელი იმის მტკიცება, რომ დარღვევები იყო და იმისაც, რომ ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. დემონსტრაციები, რომელიც ამას მოჰყვება, ასევე გაეხვევა ამ ნაცრისფერ საბურველში და ეს ყველაფერი მოხდება ამერიკის არჩევნების წინ. ​

ახლა უკვე აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ტრამპის გამარჯვება, ისევე როგორც მისი [„ოცნების“] და თავად ტრამპის მფარველს მოსკოვში. საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია ტრამპისთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ეს შეიძლება აღმოჩნდეს სტიმული „ქართული ოცნებისთვის“ ან მოსკოვისთვის, შექმნან არასტაბილური გარემო. ​

რადიო თავისუფლება: როგორი მდგომარეობა შეიქმნება ქვეყანაში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში? მაინტერესებს თქვენი მოსაზრება როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეო კურსის თვალსაზრისით.

ლინკოლ მიტჩელი: ის, თუ რა ვითარება შეიქმნება ქვეყანაში, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ქუჩაში. გაგრძელდება პროტესტი უფრო დიდხანს და იქნება თუ არა დემონსტრაციები უფრო მედეგი, ვიდრე ეს გაზაფხულზე იყო? რა მოთხოვნები იქნება? მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დათმოს ძალაუფლება და ივანიშვილი და კობახიძე დანებდნენ? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასე მოხდეს.​

თუ ტრამპი გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუთმობს დიდ ყურადღებას საქართველოს. პუტინს სურს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, ხოლო ტრამპს უნდა, რომ პუტინი იყოს კმაყოფილი. „ქართული ოცნება“ კი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ​

ჰარისი სულ სხვაა. მას საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებით. თუ ის გაიმარჯვებს, პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. ის ასევე, მოგეხსენებათ, იქნება არათეთრკანიანი პრეზიდენტი. ამის გამო ის შეიძლება იძულებული გახდეს, უფრო ხისტი პოზიცია დაიჭიროს, რადგან ხალხმა შეიძლება თქვას - რადგან ის ქალია, არ არის საკმარისად ძლიერი, ან რამე ამის მსგავსი სისულელე. ამან შეიძლება მას უბიძგოს სანქციებისა და რეაქციის გამკაცრებისკენ. ​

ასე რომ, ძალიან რთულია ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება.​

ასევე ნახეთ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა - "ამერიკის ხმა"

რადიო თავისუფლება: საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახლა უპრეცედენტოდ დაძაბულია. როგორ აღიქვამს შეერთებული შტატები იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩ რობინ დანიგანს განუცხადა, რომ, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს თვისობრივად გადახედოს. ეს აჩვენებს, რომ ქართულმა მხარემ ვაშინგტონის გადაწყვეტილება საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვა. ​

ლინკოლ მიტჩელი: სანქციები არ არის დაკავშირებული შიდა საქმეებთან, რადგან სანქციებს იღებენ გარედან და ისინი საგარეო საქმეებს ეხება, ასე არ არის? მაგრამ ეს არის რეაქცია შიდა მოვლენებზე. ​

შესაძლოა, ეს იყოს მცდელობა, უბიძგოს საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულწილად შეცვალოს ქცევა, მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს ვინმეს დაპატიმრებად, ან რამე მსგავს გადაწყვეტილებად, არა? აქ ლაპარაკია იმაზე, რას შეიძლება წააწყდეს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გარეთ. ​

როცა საქართველოს ზომის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ტუქსავს, ეს სერიოზულად არ აღიქმება. ეს არ არის ის, რამაც შეიძლება ძალიან აგვაღელვოს. უფრო სიცილის მომგვრელია. ბევრი ხუმრობა მოვისმინე ჩემი ქართველი და ამერიკელი მეგობრებისგან. [ხუმრობდნენ] ალბათ შიშისგან კაკნკალებთ მას მერე, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვენი ელჩი გათათხაო… მოდი რა, გულწრფელად ვთქვათ, ვის აღელვებს ეს საერთოდ?​

ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ, და მე არ ვლაპარაკობ მთავრობის სახელით. ... ჩვენ, ხალხს კარგად გვესმის, რომ უფრო ძლევამოსილი ქვეყანა ვართ, ვიდრე საქართველო. არა მგონია, ეს აღმოჩენა იყოს თქვენი აუდიტორიისთვის. ​

რომ დავუბრუნდეთ კითხვას, რა იქნება არჩევნების შემდეგ... ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს [იგულისხმება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები - რ.თ.]. ტრამპისთვის ეს [პოლიტიკური ვითარება საქართველოში - რ.თ.] უინტერესო იქნება, ჰარისი კი ყურადღებას მიაქცევს. და თუ გსურთ გაიგოთ, როგორი იქნება ჰარისის საგარეო პოლიტიკა, შეგიძლიათ დაიწყოთ ბაიდენის ადმინისტრაციის შესწავლით. დიდი ალბათობით, ეს იქნება ბაიდენის მეორე ვადა, თუმცა უფრო ახალგაზრდა, ენერგიული, დინამიკური და ქარიზმატული პრეზიდენტით. ​

ასევე ნახეთ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" - კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

რადიო თავისუფლება: შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობის პარალელურად, თბილისი სულ უფრო აღრმავებს ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტიც კი გააფორმა. შესაძლებელია, რომ „ქართული ოცნება“ ძველი პარტნიორის ახლით ჩანაცვლებას ცდილობს?​

ლინკოლ მიტჩელი: იცით რა, ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობს დააბალანსოს ურთიერთობები ამერიკასა და ჩინეთს შორის. ეს ორი ზესახელმწიფოა და ბევრი ქვეყანა საჭიროდ მიიჩნევს ორივესთან ურთიერთობას, არავინ იცის, [ბოლოს] რომელი მოექცევა სათავეში. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ბალანსის დამყარება.​

ჩინეთს შეუძლია იყოს კარგი საპირწონე რუსეთისთვის. ხომ გახსოვთ, ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში რუსეთი ჩინეთის კლიენტი გახდა და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც პეკინს გულს გაუტეხს. ასე რომ, ეს კარგი დაცვაა რუსეთისგან. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამის სათანადოდ კარგად გამოყენება შეუძლია.​

ასე რომ, თუ საქართველოს უნდა, გააფართოოს ვაჭრობა ჩინეთთან, ის უნდა ელაპარაკებოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, [გაარკვიოს] რა არის მისაღები და რა არა, ასე არ არის? მეტი ჩინელი ტურისტი - ერთი საქმეა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კი მეორე. მე არ მრჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე უდგება ამ საკითხს. ​

რადიო თავისუფლება: მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დღითი დღე ღრმავდება, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კი - უარესდება. ​

ლინკოლ მიტჩელი: გულწრფელად გითხრათ, მე არ მაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი, თუ მართლაც იგრძნო, რომ საქართველო ჩინეთის ორბიტაზე გადადის. იბრძოლებს თუ არა [ამის წინააღმდეგ] და თუ კი, რას იზამს. ​

ვვარაუდობ, რომ ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი მიჩვეულია, რომ საქართველოს რუსეთის პერსპექტივიდან უყუროს. ჩინეთის საკითხი კი უფრო რთულია, რადგან მას არ აქვს სამხედრო ამბიციები საქართველოში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ რუსთაველზე ჩაიაროს, ხომ? ასე რომ, აქ სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ ჩინეთი დაინტერესებულია ურთიერთობების დამყარებით, მას უნდა თავისი გავლენის სფეროს გაფართოება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის [ახლა] რთულია იმის [გადაჭრით] თქმა, იცით რა, ჩვენთვის ეს მიუღებელია. ​

რადიო თავისუფლება: 2012 წელს თქვენ იყავით ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი. ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ამ პერიოდს. ახსენებდა თუ არა ის „გლობალური ომის პარტიას“ და მასთან ბრძოლის გზებს? რა მოსაზრებები ჰქონდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე? ღია იყო კრიტიკული და ზოგადად, ნებისმიერი რჩევის მისაღებად? ​

ლინკოლ მიტჩელი: მაშინ, ის არ ლაპარაკობდა „გლობალური ომის პარტიაზე“. ეს, როგორც ჩანს, ბოლო ერთი წლის გამოგონებაა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინაც კი არაფერი გამეგო ამის შესახებ. ​

2012 წელს ბიძინა ივანიშვილი კოალიციას ხელმძღვანელობდა. მასში გაერთიანებული იყო ბევრი ისეთი ადამიანი, ვისთანაც ამერიკელები, ისეთები, როგორიც მე ვარ, თავს კომფორტულად გრძნობდნენ, მათთან ერთად მუშაობის ბევრი წლის გამოცდილება ჰქონდათ. მაგალითად, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი. სიის გაგრძელება შეიძლება. [ამ ხალხთან ერთად] ვფიქრობდით იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მთავრობა.​

ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

მართალია, ბიძინას უნდოდა [საქართველოს ჰქონოდა] მჭიდრო კავშირები ამერიკასთან, მაგრამ ეს არ იყო მისი შინაგანი მოთხოვნილება, როგორ ვთქვა, გულიდან წამოსული სურვილი. ის აცნობიერებდა, რომ ეს საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა. ის განსხვავდებოდა თედოსგან [ჯაფარიძე], რომლისთვისაც [ამერიკასთან სტრატეგიული კავშირები] ფუნდამენტური პრინციპის საქმე იყო. ბიძინა არასდროს უყურებდა [ამერიკასთან თანამშრომლობას] ასე. ​

პრობლემები მაშინ გამოჩნდა, როდესაც მან [ივანიშვილმა] ამ ხალხის ჩამოშორება დაიწყო, რაც ბევრს ემართება ძალაუფლებაში [მოსვლის შემდეგ]. მიზეზი ის იყო, რომ მას არ უნდოდა სხვებსაც ჰქონოდათ ძალაუფლება. მაგალითად, მე ვთვლი, რომ ამის გამო გადააყენეს თავის დროზე ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ​

რაც შეეხება რჩევების გათვალისწინებას, იცით რა, ბევრ წარმატებულ ადამიანს, - თუნდაც ამერიკელებზე რომ ვილაპარაკოთ, - რადგან მდიდარია, ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და ვერ ხედავს იმას, რაც არ იცის. ბიძინა კი ძალიან მდიდარი იყო და, შესაბამისად, მასაც ჰქონდა ეს პრობლემა. ​

მას შეეძლო რჩევის მიღება, თუმცა გარკვეულ ეტაპამდე და შემდეგ უკვე აღარ. თუმცა, [უნდა ითქვას, რომ] უფრო მეტად, ვიდრე სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც თვითონ უნდოდა. ​

ბიძინასთან ლაპარაკი შეიძლებოდა, გარკვეულ ეტაპამდე და თუ მას იცნობდი, შეამჩნევდი, [რაღაც მომენტში] როგორ ეცვლებოდა განწყობა და [თქვენ შორის] კედელი აღიმართებოდა, ამ დროს უნდა მიმხვდარიყავი, რომ ლაპარაკის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ​

ბიძინას სულ ჰქონდა აპარატის ხელმძღვანელის პრობლემა, მას სჭირდებოდა ადამიანი, ვისაც შეეძლო ეთქვა: „ამ ადამიანებს უნდათ თქვენთან შეხვედრა და კარგი იქნება, თუ შეხვდებით... და ყველამ, ვისაც თქვენთან უნდა მოხვედრა, ეს ჩემი გავლით უნდა გააკეთოს“. ​

ამის ნაცვლად, შეჯიბრი იყო, ვინ მისწვდებოდა ბიძინას და ეს ახლაც ასეა. და ეს [ბრძოლა] გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებდა თანამდებობას. და კიდევ იმის გამო, რომ არანაირი სტრუქტურა არ არსებობდა, რომელიც მასთან მიგიყვანდა. ბოლო ადამიანს, რომელიც მასთან შეხვედრას ახერხებდა, შესაძლებელია განუსაზღვრელი გავლენა ჰქონოდა მასზე [ბიძინა ივანიშვილზე]. იყო ერთთვიანი პერიოდები, როდესაც ის ერთ ადამიანს უსმენდა, შემდეგ თვეს კი - ვინმე სხვას.​

იყო ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც მას საერთოდ არ აღელვებდა. მაგალითად, არ აინტერესებდა რა ეწერა სააგიტაციო ლიტერატურაში. არ აქცევდა ყურადღებას იმას, თუ რას ლაპარაკობდნენ სხვა კანდიდატები ბლოკში. მას არ უნდოდა მედიაში იმდენი გამოჩენა, რამდენსაც ჩვენ ვისურვებდით. ყველაზე მეტად მას თავისი განრიგი და დრო ადარდებდა და, როგორც ჩანს, ეს იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ​

მაგრამ დავაზუსტებ, რადგან ხალხს შეიძლება აღარ ახსოვდეს. ეს ხდებოდა 2012 წელს, იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც მუდმივად ზღუდავდა და ურთულებდა ცხოვრებას ოპოზიციას - ისე, როგორც ეს ახლაც ხდება.​