საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი 1 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან.
წილოსანი გაკვირვებულია, საელჩომ „ქართული ოცნების“ განცხადებების ადრესატად საკუთარი თავი რატომ მიიჩნია. დეპუტატმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მდგომარეობა ანდაზით შეაფასა.
„მართალი გითხრათ, არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მხარე ნახსენები. ამიტომ, ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად აშშ-ის საელჩომ რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა ამ თანხების გაყინვის ბრალდება. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება: „ქურდს ქუდი ეწვისო“. საოცრად მიკვირს ეს განცხადება საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული და იმედი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს მათი მხრიდან და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ, ასე ვთქვათ, ნაბიჯს აქვს ადგილი“, - თქვა წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ განცხადებებს აშშ-ის საელჩო საქართველოში 1 ოქტომბერს გამოეხმაურა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ - აცხადებს საელჩო.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს რამდენიმე იურისდიქციაში ედავება. თანხა, რომელსაც ივანიშვილი ითხოვს, დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაზარალდა ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით.
ქართველი მილიარდერის თანახმად, მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი Credit Suisse-ში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობის გამო. ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის 2019 წელს გაათავისუფლეს, 2020 წლის ივლისში კი თავი მოიკლა. Credit Suisse-ის ოფიციალური პოზიციაა, რომ ბანკს არ ჰქონია თანამშრომლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია და რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა.
სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა დაარღვია აქტივების დაცვის ვალდებულებები.
სასამართლომ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მიიღო. მაშინ ზარალი 926 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შემდეგ მოხდა თანხის კორექტირება, რათა თავიდან აეცილებინათ თანხის ორმაგი ანაზღაურება. 2022 წელს ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ამავე საქმეში შვეიცარიულ კომპანიას 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
როგორც ჩანს, ივანიშვილის ადვოკატებს ჯერ კიდევ წინ აქვთ სააპელაციო პროცესი. Credit Suisse აპირებს სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს, შეხვედრაზე უარი უთხრა. მან მიზეზად ივანიშვილისთვის დაწესებული დე ფაქტო სანქციები დაასახელა. საქმე ეხება თანხას, რომელსაც ივანიშვილი Credit Suisse-ს ედავება.
„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს“, - თქვა კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.
აშშ-ის საელჩო საქართველოში და ელჩი რობინ დანიგანი ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.
„ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში“, - თქვა რობინ დანიგანმა 18 სექტემბერს.
დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიდასავლური ქმედებები და უარყოფითი რიტორიკა აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ იყო მიზეზები, რის გამოც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, აშშ-ის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმა.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან ასევე ნახეთ კალაძემ იტალიური და შვეიცარიული ბანკებიდან თანხები გამოიტანა - ის მიზეზზე საუბრობს