ქალების საყოველთაო სამშობიარო მობილიზაცია რუსეთში

ვლადიმირ პუტინი და ახალშობილები, როგორც მომავალი ჯარისკაცები. ილუსტირირებული ფოტო

შეიძლება ჯერ არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ რუსეთში უკვე გამოცხადდა ქალთა მობილიზაცია.

არა, ქალებს ჯერ არ აგზავნიან მასობრივად უჰლედართან განლაგებულ მოიერიშე ბატალიონებში (თუმცა, "ვაჟნიე ისტორიის" მიხედვით, პატიმარი ქალები უკვე შენიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოიერიშე ბატალიონებში. ახლახან კი საერთოდაც ცნობილი გახდა ერთ-ერთი მათგანის, ელენა პიმონენკოვას დაღუპვის ამბავი) - ქალების ჩარიცხვა ხდება სამშობიარო ბატალიონებში. საქმე ისაა, რომ რუსეთში შობადობის გაზრდისთვის ბრძოლა ახალ დონეზე გავიდა: სახელმწიფო სათათბირო (დუმა) განიხილავს სასჯელის ზომას ე.წ. ჩაილდფრის პროპაგანდისთვის. დეპუტატების თქმით, ამგვარი „სატანისტური წაქეზებისთვის“ დაწესდება ჯარიმა 800 ათას რუბლამდე ფიზიკური პირებისთვის, 5 მილიონ რუბლამდე იურიდიული პირებისთვის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაისჯებიან პატიმრობითა და დეპორტაციით. უფრო ადრე დუმა აპირებდა არარსებული „ჩაილდფრი მოძრაობის“ ექსტრემისტულად გამოცხადებას ისევე, როგორც გამოაცხადა 2023 წელს ასევე არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“. როგორც ჩანს, შემდეგი იქნება ფემინიზმი - 2023 წელს სკანდალურად ცნობილმა დეპუტატმა ოლეგ მატვეიჩევმა დუმაში უკვე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ფემინიზმს ექსტრემისტულ იდეოლოგიად აცხადებს.

რუსეთის ინკვიზიციური სახელმწიფო ცეცხლითა და მახვილით ცდილობს ამოშანთოს საზოგადოებიდან ყველა ტენდენცია, ორიენტაცია და იდენტობა, რომლებმაც შეიძლება ქალების ყურადღება გადაიტანონ მათი მთავარი დანიშნულებიდან: ბავშვების გაჩენიდან. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც ციტირებს ტელეგრამ-არხი Faridaily, „შობადობა ახლა პუტინის ფეტიშია“. როგორც დმიტრი პესკოვმა თქვა, „ყველაფერი, რაც ხელს უშლის შობადობის ზრდას, უნდა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან“. ამ ლოგიკით უნდა გაქრნენ გეები და ლესბოსელები, ტრანსგენდერები და გადაუწყვეტელი ადამიანები, ფემინისტები და უშვილო („ჩაილდფრი“) ადამიანები; რეპროდუქცია გამოცხადებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხად, raison d’état-ად, რასაც უნდა შეეწიროს ადამიანის ინდივიდუალური უფლებები, პირადი ცხოვრება და ქალთა სხეულები.

ქალებს ერეკებიან უკან ბუნებაში, ერეკებიან სოციალური სხეულიდან, რომელიც იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში მოდერნიზაციისა და ემანსიპაციის შედეგად - ადრეული საბჭოთა ფემინიზმიდან პოსტსაბჭოთა პრაგმატიზმამდე - ერეკებიან ბიოლოგიურ სხეულში, რომელიც უნდა გადაიქცეს ბავშვის გაჩენის მოსიარულე მანქანად. როგორც დეკანოზმა ანდრეი ტკაჩოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა თავის ქადაგებაში, ქალს არ სჭირდება მკერდი, თვინიერ ახალშობილის გამოკვებისა: „მთელი ცხოვრება იცხოვრა და ძუძუ არ უწოვებია - რაში სჭირდება ეს მკერდი მას? უმჯობესი იქნებოდა, ბიჭი ყოფილიყავი." რუსი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები ერთმანეთს ასწრებენ იმის მოფიქრებაში, თუ როგორ აიძულონ ქალებს მეტი შვილის გაჩენა, მათ შორის არასრულწლოვანებსაც: რუსეთის ფედერაციის საბჭო გამოვიდა ინიციატივით, რომ უნივერსიტეტში შესვლისას დამატებითი ქულები მიენიჭოთ იმ გოგონებს (ფაქტობრივად სკოლის მოსწავლეებს), რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმშობიარეს. სენატორ ანდრეი კუტეპოვის თქმით, შვილის გაჩენა უნდა ჩაითვალოს ქალის "პირად მიღწევად" და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული უმაღლესში ჩაბარებისას. სახალინზე მდებარე ქალაქ ოხაში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს ლექცია აბორტის საშიშროების შესახებ და აჩვენეს ქირურგიული აბორტის ახლო ხედით გადაღებული ვიდეოები.

ასევე ნახეთ ყაზარმაში დაბადებულები. ავტომატი და დრონი რუსეთის სკოლებში

სწორედ ეს არის ქალების ნამდვილი მობილიზაცია. ქალის სხეული ქალს კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის. სახელმწიფოს, რომელიც აფართოებს თავის საზღვრებს (რომელიც, როგორც ვიცით, „არსად არ მთავრდება“) არა მხოლოდ გეოგრაფიულ სივრცეში, არამედ ადამიანის სხეულშიც, ითვისებს რა მოქალაქეთა სხეულებს, როგორც სტრატეგიულ რესურსს. ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის ახალი, გაფართოებული დეფინიცია არა მხოლოდ როგორც გეოპოლიტიკური კონტროლი ტერიტორიებზე, არამედ როგორც ბიოპოლიტიკური კონტროლი ადამიანის სიცოცხლეზე. ამ პარადიგმაში მამაკაცის საქმეა მოკლას და მოკვდეს ამ სახელმწიფოს უთვალავ ომებში, ხოლო ქალის საქმეა გააჩინოს ახალი კაცები, რომლებიც კვლავ გაიგზავნებიან მოსაკლავად და დასაღუპად, რაც შეკრავს კიდეც სიცოცხლის წარმოქმნისა და მოსპობის უსასრულო წრეს, ბიოპოლიტიკის (სიცოცხლის პოლიტიკის) და ნეკროპოლიტიკის (სიკვდილის პოლიტიკის) შეფერხების გარეშე მომუშავე ხორცსაკეპ მანქანას. მარშალ ჟუკოვის გენიალური ფრაზა, ქალები ახალ ჯარისკაცებს გააჩენენ, რომელიც თითქოსდა მან გენერალ ეიზენჰაუერთან საუბარში წარმოთქვა ბერლინის ბრძოლაში წითელი არმიის უზარმაზარ დანაკარგებთან დაკავშირებით, მეტისმეტად კარგია, რომ უბრალოდ აპოკრიფი იყოს.

რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? ვინაიდან თანამედროვე რუსეთი თავდაუზოგავად ცდილობს სტალინური სსრკ-ის გამეორებას, უნდა ველოდოთ სტალინურ ბიოპოლიტიკურ კანონებს: აბორტის აკრძალვას და კრიმინალიზაციას (რამდენიმე წელია ყველაფერი აქეთკენ მიდის, რადგან აბორტი პრაქტიკულად განდევნილია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემიდან) და უშვილობაზე გადასახადის დაწესებას. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი შემოიღეს 1941 წლის ნოემბერში, დიდი სამამულო ომის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, როცა მშობიარობასა და ომს შორის კავშირი ყველაზე პირდაპირი იყო. გადასახადს იხდიდნენ 20-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები, განურჩევლად ოჯახური მდგომარეობისა, ასევე ქორწინებაში მყოფი ქალები 20-დან 45 წლამდე. ომი დასრულდა, მაგრამ გადასახადი დარჩა 1990 წლამდე. ახლა კი, 35 წლის შემდეგ, ეს კანონი კვლავ ბრუნდება, რათა სახელმწიფომ აიძულოს მოსახლეობა რაც შეიძლება მეტი გააჩინოს. საგადასახადო ზომებიდან, რომლებიც უშვილოების დისკრიმინაციას ახდენენ, ერთი ნაბიჯია რეპრესიებამდე - იმ ადამიანებისთვის ადმინისტრაციული სასჯელებისა და ჯარიმების დაკისრებამდე, რომლებსაც არ უნდათ შვილების გაჩენა. ვინ იცის, მერე და მერე, სადამდე მივა ბიოპოლიტიკური ფანტაზია. შესაძლოა ერის გამრავლების საქმეში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანებიც კი ჩართონ. როგორც ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, არ არსებობს ისეთი გიჟური დისტოპია, ისეთი აბსურდულობა და გროტესკულობა, რომელიც დღევანდელ რუსეთში არ ახდება.

ასევე ნახეთ “რუსეთი ზეზეურად ლპება” – ინტერვიუ სერგეი მედვედევთან

ზოგადად, რუსეთის ომი უკრაინასთან და სახელმწიფოს ომი ქალებთან - ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა, ორი ფსიქოლოგიური კომპლექსია, ერთი და იგივე ნახევრად მოდერნიზებული საზოგადოების ორი რესენტიმენტი. საზოგადოებისა, რომელიც მტკივნეულად ელევა პატრიარქალურ ჩვევებსა და ინსტიტუტებს. ერთის მხრივ, იმპერიული, კოლონიური დამოკიდებულება უკრაინის, როგორც არასრულფასოვანი სუბიექტისადმი, „პატარა რუსეთისადმი“, რომელსაც არ აქვს საკუთარი კულტურის, ენის, სახელმწიფოებრიობის, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის უფლება, უფროსი ძმის კომპლექსი, უფრო ზუსტად მიტოვებული ქმრისა, რომელსაც უნდა მოარჯულოს და დასაჯოს გალაღებული ცოლი: რუსულ გეოპოლიტიკურ ფანტაზიას აქვს ძლიერი გენდერული შეფერილობა და „უფლება უკრაინაზე“ (ისევე, როგორც „ცისფერთვალება“ ბელორუსზე), რომელიც ლეგიტიმირებულია რუსეთის ნაგულისხმევი კაცური პრივილეგიით. მეორე მხრივ, არსებობს კოლონიური შეხედულება ქალზე, როგორც არასრულფასოვან სუბიექტზე, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ ბიოლოგიური, რეპროდუქციული ფუნქციით. რუსეთის სწრაფი არქაიზაციის პირობებში სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი - არმია, პოლიცია, სკოლა, მედიცინა, ეკლესია (ფაქტობრივად, ასევე სახელმწიფო დაწესებულება) - გაერთიანდა, რათა ჩააწვინონ ქალი პატრიარქატის ოჯახურ ლოგინში, რათა მოახდინონ ქალის სხეულის მობილიზაცია ომის მიზნებისთვის, ახალი ჯარისკაცების გაჩენისთვის. სწორედ ამიტომ, ომის საწინააღმდეგო დღის წესრიგი ახლა დიდწილად ემთხვევა ფემინისტურს: პოსტსაბჭოთა სივრცის დეკოლონიზაცია ისეთივე გარდაუვალია, როგორც ქალის სხეულის დეკოლონიზაცია. პატრიარქალურ წყობაზე გამარჯვება იქცევა საბოლოო კოლაფსად რუსეთის იმპერიისა და „კაცური სახელმწიფოსათვის“, რომლის სათავეში დგას შობადობის იდეით შეპყრობილი და დაჩაჩანაკების გზაზე შემდგარი სუვერენი.