"არდაპატიჟებისთვის დაპატიჟებული" - რას ამბობს "ოცნება" ბაიდენის მოსაწვევის გაუქმებაზე

პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები წინასაარჩევნო ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების” ლიდერები სოციალურ ქსელებში და მედიასთან საუბარში ეხმაურებიან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

თეთრმა სახლმა უკან გაიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი მოსაწვევი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ორგანიზებულ ყოველწლიურ მიღებაზე, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები არიან დაპატიჟებული. მიღება ჯო და ჯილ ბაიდენების სახელით დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ მიწვევის გაუქმება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. თუმცა საკითხს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავად ირაკლი კობახიძე.*

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსაწვევის გაუქმებას "არასერიოზული" უწოდა.

„ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ "ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის", რომ "რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს".

ასევე ნახეთ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია - „ამერიკის ხმა“

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს წლებია, სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და შეეძლოთ, “სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან".

"სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, - თქვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მოსაწვევისა და ორმხრივი შეხვედრების გაუქმება და მიზეზებიც დაასახელა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ“, - წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას შეკითხვის პასუხად გამოუგზავნა.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზი დაასახელა 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძეს "შედეგიან და გონივრულ სვლად" არ მიაჩნია „ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის".

მდინარაძე მოელის, რომ საკითხს გაგრძელებაც ექნება.

"სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს ხავსად ქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!

გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა! ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ”, - დაწერა მდინარაძემ.

თბილისის მერისთვის, "ქართულ ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძისთვის “მოულოდნელი არაფერი ყოფილა", თუმცა ამბობს, რომ მისთვის გასაკვირია “ჯერ მოწვევა და შემდგომ გაუქმება”. კალაძისთვის მომხდარს აქვს მარტივი ახსნა: “საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის ეროვნული ინტერესები და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ”.

მმართველი პარტიის ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სხვები, დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკას მოსალოდნელ არჩევნებში ჩარევად აფასებენ. ამასთან, კობახიძე შანტაჟს უწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციიდან გამოსულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მომზადებული სანქციათა პაკეტის შესახებ.

ასევე ნახეთ „მაგნიტსკის აქტი“ და 14024-ე განკარგულება - რა განსხვავებაა ამ ამერიკულ სანქციებს შორის

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ "უცხოეთის აგენტების" კანონი მიიღო. აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.

“რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში. აშშ-მა გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული", - ასე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებას.

„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი, რომ, ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც, ტრადიციულად, ყველა ქვეყანა, მიუხედავად შიდაპოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული", - თქვა გია ვოლსკიმ. მისივე სიტყვებით, ეს "არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი".

საქართველოს-აშშ-ის ურთიერთობები და ორივე მხრიდან გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამწვავდა.

18 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა პოლიციის ორი მაღალჩინოსნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს და მას უწოდა "ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ მიმართული". შემდეგ კი დაამატა, რომ ამ ნაბიჯის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზეც და "მკაფიოდ დააფიქსირა", რომ, "თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით".

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, აშშ-სგან დამატებითი ნაბიჯების შემთხვევაში მოუწევთ პოზიციების გადახედვა

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ კიდევ 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.

ასევე ნახეთ საქართველოს მთავრობისგან იზოლაციის გამომწვევი განცხადებები არ ემსახურება ევროინტეგრაციის მიზანს - აშშ-ის ელჩი

*განახლება

26 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: "განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“.

27 სექტემბერს კი თბილისში მედიასთან ამ საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ ეს იყო "ბავშვური ნაბიჯი" და "გაბუტვა რაც არ შეშვენის ამხელა სახელმწიფოს"

"რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები - ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, თუ რაც იყო, ბაიდენის მიწვევით ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებულად, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, მათ შორის დავით ზალკალიანთან (საქართველოს ელჩი აშშ-ში რ.თ) ერთად წავედით და ვივახშმეთ ქართულად“, - განაცხადა ირაკლი კობაიძემ.