საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პოლიციის ორი მაღალჩინოსნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს და მას უწოდა "ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ მიმართული". მისი თქმით, ამ ნაბიჯის გამო გუშინ, 17 სექტემბერს, შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრისასაც და "მკაფიოდ დააფიქსირა", რომ, "თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით".
"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, იმოქმედონ სამართლიანად", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას არ დაუზუსტებია, რა იგულისხმა პოზიციების გადახედვაში და თქვა, რომ იმედი აქვს, "მიღებული გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით".
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი 18 სექტემბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნისთვის, აშშ-ის მიერ ფინანსური სანქციების დაწესებაზე.
როგორც ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული მოქმედები, აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს და საქართველოს ხალხს".
მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი არის ევროპასთან და დასავლეთთან ერთად, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება".
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
გუშინ, 17 სექტემბერს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.
ბრიფინგზე რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.
„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“, - თქვა პრემიერმა კობახიძემ.
მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 17 სექტემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და არავინ სხვა“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო. აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.
ფორუმი