Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია - „ამერიკის ხმა“


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება.

ამის შესახებ „ამერიკის ხმა" იუწყება. მას პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიიდან კობახიძის ამოღება დაუდასტურეს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა და წყარომ კონგრესიდან.

გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. მათ შორის შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიცაა.

„ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯები, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და „აირჩიე ევროპის” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მმართველი ძალის განცხადებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.

როგორც „ამერიკის ხმა" წერს, საქართველოს მთავრობასთან ბოლო კომუნიკაციამ აშშ-ის ადმინისტრაციას არ მისცა იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის და პირიქით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.

რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

განახლება: "ამერიკის ხმას" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს მოსაწვევის გაუქმება.

მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში 25 სექტემბერს დადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ამ ქმედებას "არასერიოზული" უწოდა.

„ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა რომ "ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის", რომ, "რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს".

მასალა განახლდა "ამერიკის ხმისთვის" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხითა და შალვა პაპუაშვილის კომენტარით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG