აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, საქართველომ არ გადასცეს ის აზერბაიჯანს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ მიაწოდა.
„ის ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ, სასამართლოებმა და მიგრაციის სამსახურმაც კი უარი თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ასრულებენ ალიევის [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს. ალიევის ხელისუფლება იძლევა პოლიტიკურ დაკვეთას და ამას ქართული სახელმწიფო ასრულებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სევინჩ სადიგოვამ.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
4 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და, რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა ასევე ნახეთ Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, არ მოხდეს აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანშითბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.
15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას.
ასევე ნახეთ სააპელაციომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა ასევე ნახეთ "თავისუფლება სადიგოვს" - თბილისში მხარს უჭერენ საქართველოში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს