პირველი მსოფლიო ომის „ბიბლია“

გოგი გვახარია გვირჩევს - დევიდ ლინის ფილმს „ლოურენს არაბი“

„ლოურენს არაბი“ (1962, დიდი ბრიტანეთი, აშშ. რეჟისორი დევიდ ლინი)

ვისაც კინოში მუსიკის მოსმენაც გიყვართ, ეს თარიღი არ უნდა გამოგრჩეთ - 13 სექტემბერს დიდ მუსიკოსს, „საუნდტრეკების მეფეს“, მორის ჟარს 100 წელი შეუსრულდებოდა. ჟარმა სრულიად განსხვავებულ რეჟისორებთან იმუშავა, მისი მუსიკა ჰარმონიულად მოერგო ისეთი რეჟისორების სტილს, როგორიც ლუკინო ვისკონტია, როგორიც ალფრედ ჰიჩკოკია, ჯონ ჰიუსტონი, კარელ რეიში... მუსიკა დაწერილი ვისკონტის „ღმერთების დაღუპვისთვის“ ბალეტშიც გამოიყენეს, ოპერაშიც. მაგრამ ავტორი, რომლის სახელს ყველაზე მეტად უკავშირდება მორის ჟარის პოპულარობა, მაინც ბრიტანელი რეჟისორი დევიდ ლინია.

სწორედ ლინის ფილმებისთვის დაწერილი მუსიკით გახდა ჟარი „ოსკარის“ სამგზის ლაურეატი; ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესოდ ცნო საუნდტრეკები ფილმებისთვის „ლოურენს არაბი“, „ექიმი ჟივაგო“ და „მოგზაურობა ინდოეთში“. მორის ჟარმა „ლოურენს არაბის“ პრემიერის შემდეგ გადაწყვიტა თეატრიდან კინოში გადასულიყო და ჰოლივუდში გაეგრძელებინა მუშაობა. რაც თავისთავად სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან ამერიკაში დამკვიდრება იმხანად უჭირდათ ხოლმე ევროპელ კინოკომპოზიტორებს. მაგრამ ფრანგი კომპოზიტორი ბევრად უფრო ადეკვატური აღმოჩნდა იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც იგრძნობოდა ჰოლივუდში ტელევიზიასთან კონკურენციის წლებში; „დიდ სტილს“, ეპიკურ კინოს, გაშლილ სივრცეს ფართოეკრანიან ფორმატში მან გამოუნახა მუსიკალური თემები, რომლებიც ადვილად ამახსოვრდება მაყურებელს (მსმენელს) და თანაც, სრულიად განსხვავებული მიმართულებით ვითარდებიან - მონუმენტურობიდან ლირიკულობისკენ და პირიქით. ერთი და იგივე მელოდია შეიძლება სამხედრო მარშად იქცეს და შეიძლება ვალსად, დაუმატოს გამოსახულებას სივრცე, ფერი, ხასიათი და არასდროს გადაიქცეს უბრალო ილუსტრაციად, ეთნოგრაფიულ ციტატად, მაშინაც კი, როცა ჟარი აქტიურად იყენებს არაბულ მოტივებს.

ასევე ნახეთ დეა კულუმბეგაშვილის ფილმის კონკურენტები ვენეციაში

თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიული წიგნის ეს ეკრანიზაცია სრულიად მოკლებულია ორიენტალიზმს და ეთნოგრაფიულ „სიტკბოს“, რასაც იმხანად ეგზოტიკურ სახეებზე აგებული თითქმის ვერცერთი ჰოლივუდური „კოლოსი“ ვერ გადაურჩა. არადა, ამის საშიშროება ნამდვილად იყო. ამბავში ბრიტანელ ოფიცერზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება, არაბების ამბოხების მიზეზებში გარკვევა სურს, მერე კი სათავეში ჩაუდგება ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ და ქარიზმატული ლიდერი ხდება, პირველი მსოფლიო ომის ამ რეალურ ისტორიაში, ნამდვილად იყო კოლონიალიზმის გამართლების ცდუნება.

არა, ხალხის აღზრდა ლოურენსის მიზანი არ არის. არსებითად ის ბრძოლაში ერთვება იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღზარდოს. ყოველ შემთხვევაში ფილმის პირველ ნახევარში, როცა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რატომ შეაწუხა ასე არაბების გაერთიანების იდეამ, ჯერ კიდევ არ იცის - ეს ბრძოლა ამ ხალხის რეალური სურვილია თუ მისი პირადი ამბიცია თუ აკვიატება, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, „ისტორიის დაწერის“ ვნება.

არ ჩქარობენ არც ფილმის ავტორები. დევიდ ლინისთვის და ლოურენსის როლის შემსრულებლისთვის, პიტერ ო’ტულისთვის, ვფიქრობ, 4 საათიც ცოტაა (დაახლოებით ამდენი ხანი გრძელდება ფილმი), რათა ლოურენსის ხასიათის ევოლუცია გამოხატონ. წინაღმდეგობის ეს მუდმივი ხაზგასმა, მაყურებლის დამოკიდებულებასაც ცვლის ლოურენსის მიმართ. ერთი მხრივ, „ლოურენს არაბი“ არის ფილმი იდეალისტზე, რომელსაც ომი და ძალადობა უმანკოებას უკარგავს, მეორე მხრივ - ადამიანზე, რომელმაც მართლა შეცვალა ისტორია. ოღონდ, როგორც კი ეს გაიაზრა, როგორც კი წარმატებამ თავბრუ დაახვია, ლამის ბიბლიურ მოსედ წარმოიდგინა თავი.

როგორც წესი, „ლოურენს არაბის“ წარმატებას მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლით ხსნიან. ფილმი, რომელშიც არცერთი ქალი არა ჩანს, მამაკაცთა ხასიათების უაღრესად მრავალფეროვან გალერეას გვთავაზობს. თუმცა მგონია, რომ ამ დაუძველებელი კინოს მთავარი ავტორები მაინც არიან რეჟისორი, ოპერატორი და კომპოზიტორი, პირველ რიგში კი - დევიდ ლინი, მისი პერფექციონიზმით, ფორმალისტური სიზუსტით.

ასევე ნახეთ ცვლილებების მარადიულ მოლოდინში 

დევიდ ლინი, რომელმაც კარიერა კამერული ფილმების გადაღებით დაიწყო (მისი „მოკლე შეხვედრა“ კანის პირველი კინოფესტივალის გამარჯვებულია), წერდა, რომ 50-იანი წლების ბოლოს ფრანგული „ახალი ტალღის“ გავლენა განიცადა და დაინტერესდა, რამდენად შეიძლებოდა ახალგაზრდა მეამბოხეების ტექნიკური მიღწევების გამოყენება ძვირადღირებულ ეპიკურ ფრესკაში. ლინმა, მაგალითად, მიმართა „უწყვეტი ხმის“ ეფექტს (ფილმის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდში, როცა ლოურენსი აღმოსავლეთში გამგზავრების წინ ჩააქრობს ასანთს, ამასობაში კადრი იცვლება უდაბნოს სურათით, მაგრამ ხმა, რომელიც შემოვიდა კადრში, არ წყდება, გადადის აღმოსავლურ პეიზაჟზე). ფილმში ბევრია შესანიშნავი ეპიზოდი სიჩუმეში, ბევრია პაუზა დიალოგებში, რომელიც უკეთ გამოხატავს ემოციას, ვიდრე სიტყვა. უდაბნოს კი აქ მართლაც თავისი ხასიათი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ უდაბნო აქ ფილმის პერსონაჟია და არა იმდენად ეგზოტიკური სანახაობა (გაგახსენებთ, რომ „ლოურენს არაბი“ გადაღებულია სპეცეფექტების გარეშე).

დევიდ ლინის ფილმის ეს განტვირთულობა, ფაქტობრივად, ორი ფერის - გადათეთრებულის (ქვიშა) და ლაჟვარდოვანის (ცა) თამაში, რომელიც თავად თეთრებში გამოწყობილი ო’ტულის დიდ ცისფერ თვალებში აირეკლება, უდაბნოს ეს ესთეტიკა და მთავარი პერსონაჟის ტრაექტორია მთლიანობაში გამოხატავს ო’ტულის გმირის მარტოობას „დიდ სამყაროში“. ამას როცა ხვდები, „ლოურენს არაბი“ მით უფრო გამორჩეული ფილმი ხდება კინოს ისტორიაში... ხვდები, რომ დევიდ ლინის ფილმი არ არის მხოლოდ პლასტიკური სილამაზე, ესაა პოლიტიკური და ეპიკური თავგადასავალი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში. და არა მარტო იქ.

ფილმის ორიგინალური ვერსია

ფილმის საუნდტრეკი