1944 წლის ზაფხულის ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, ბულგარეთის მოქალაქეებმა რადიოში ნაცნობი ხმა გაიგონეს.
6:25 საათი იყო. ლაპარაკობდა კიმონ გეორგიევი, რომელიც ხალხს ახსოვს როგორც პრემიერ-მინისტრი 1934-1935 წლებში. მან გამოაცხადა, რომ წინა დღით მოხდა გადატრიალება და შეიქმნა ახალი მთავრობა, რომელშიც გეორგიევი კვლავ პრემიერ-მინისტრი იქნება.
მთავრობაში შევიდა „სამამულო ფრონტი“, რომელშიც ბულგარეთის კომუნისტური პარტია დომინირებდა. მანამდე საბჭოთა კავშირის არმიამ, რომელსაც წითელ არმიად მოიხსენიებენ ხოლმე, უკვე დაიწყო ბულგარეთის ნაწილობრივი ოკუპაცია.
ეს მოხდა 1944 წლის 9 სექტემბერს. მაგრამ ამ დღის მნიშვნელობის არსში უცბად ვერ გაერკვევა კაცი. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მთავრობის მორიგი ცვლილება გეგონოთ.
ბულგარეთის მთავრობა 20 წელიწადში, 1923-დან 1934 წლამდე ორი გადატრიალების შედეგად შეიცვალა და ამ ქვეყნის მოქალაქეები 1944 წელს მესამის მოწმე გახდნენ.
9 სექტემბერს ტერორისა და დახვრეტების თვეები მოჰყვა. 1944 წლის ბოლოსთვის ამოქმედდა ე.წ. სახალხო სასამართლო, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის ყოფილი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა.
ბულგარეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც 45 წელს გასტანა.
მაშინ გახდა ცხადი, რომ ეს „არა უბრალოდ „მთავრობის შეცვლა“ იყო, არამედ მთელი საზოგადოების ცხოვრების წესის რევოლუციური ცვლილება“, - ამბობს ისტორიკოსი, სახელმწიფო საარქივო სააგენტოების კავშირის თავმჯდომარე მიხაილ გრუევი.
„შეიქმნა სრულიად ახალი პოლიტიკური სისტემა - საბჭოთა ტიპის ტოტალიტარული რეჟიმი“, - განმარტავს ის. ზუსტად 80 წელი გავიდა მას მერე. მაგრამ დღესაც, ბულგარეთის საზოგადოებაში მისი მნიშვნელობის გარშემო უთანხმოებაა.
ისტორია გვეუბნება, რომ 9 სექტემბერს მოხდა გადატრიალება, რომელსაც მოჰყვა ტერორი, ხოლო საბჭოთა არმიის ბულგარეთში შესვლა ოკუპაცია იყო. მაგრამ, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ეს მოვლენა იყო „სოციალისტური რევოლუცია“, ხოლო საბჭოთა არმია - „გამათავისუფლებელი“.
მოდით, უკან მოვიხედოთ, საარქივო მასალებს გადავავლოთ თვალი და ვნახოთ, რას გვიამბობენ ისინი.
რა მოხდა 9 სექტემბერს
1944 წელს გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც ბულგარეთი ჩაერთო გერმანიის მხარეს.
საბჭოთა კავშირი ეკუთვნოდა ალიანსს, რომელშიც აშშ და დიდი ბრიტანეთი შედიოდნენ და მათთან ერთად ამ ომში გამარჯვებულთა რიგებში იყო.
1944 წლის აგვისტოს ბოლო დღეებში საბჭოთა არმიის ნაწილები უახლოვდებოდნენ ბულგარეთის საზღვრებს, ხოლო 5 სექტემბერს მოსკოვმა ბულგარეთს ომი გამოუცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში დამყარდა მონარქისტული უპარტიო რეჟიმი, რომელსაც ბევრი ისტორიკოსი ავტორიტარულს უწოდებს.
2 სექტემბერს ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული ანტინაცისტური მთავრობა, რომელსაც მეთაურობდა პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ მურავიოვი.
საბჭოთა არმიის მოახლოებამ „გამოაცოცხლა პოლიტიკური ცხოვრება და დააჩქარა კომუნისტური პარტიის და მისი მეთაურობით მოქმედი „სამამულო ფრონტის“ გეგმა, ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება“, - ამბობს გრუევი.
8-9 სექტემბრის ღამეს, ოფიცრებმა, რომლებიც „სამამულო ფრონტმა“ დარაზმა, დაიკავეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო შენობები სოფიაში. დილით ახალი პრემიერ-მინისტრი, კიმონ გიორგიევი რადიოთი გამოვიდა და ხალხს გადატრიალების შესახებ ამცნო.
9 სექტემბერს ბულგარეთის ქალაქებში საჯარო შეხვედრები გაიმართა ახალი მთავრობის მხარდასაჭერად. პარტიზანები, შეიარაღებული კომუნისტური წინააღმდეგობის წარმომადგენლები ქალაქებში შევიდნენ.
სოფიაში „სამამულო ფრონტი“ მიტინგს აწყობს საბჭოთა წარმომადგენლობის შენობის წინ, რომელიც იმ დროს ალექსანდრ ნეველის ქანდაკების წინ იყო განთავსებული.
ხალხი შეიკრიბა, რათა მხარი დაეჭირა ახალი მთავრობისთვის და მისალმებოდა საბჭოთა არმიას. ერთ-ერთ ლოზუნგზე წაიკითხავთ: „გაუმარჯოს ყოვლისმპყრობელ საბჭოთა არმიას და მის გენიალურ ბელადს მარშალ [იოსებ] სტალინს“.
„ვერ უარვყოფთ იმ ენთუზიაზმსა და კეთილგანწყობას, რომლითაც ბევრი ბულგარელი მიესალმა ახალ მთავრობას“, - ამბობს გრუევი. „ეს ენთუზიაზმი, ნაწილობრივ, იყო მანიპულირებული და დადგმული მაშინდელ ფილმებში და ფოტოგრაფიებზე, მაგრამ ბევრი ხარობდა სპონტანურად“.
ეს არა მხოლოდ ახალ მთავრობას უკავშირდებოდა, არამედ იმის გამოც ხდებოდა, რომ 9 სექტემბრის გადატრიალება ომის დასრულებას მოასწავებდა და მოსახლეობა მანამდე დაწესებული ბევრი შეზღუდვის გაუქმებას ელოდა. ამ თარიღის შემდეგ კვირებში გრძელდებოდა მიტინგები და დემონსტრაციები, ხალხი მიესალმებოდა ახალ მთავრობას, პარტიზანებს და საბჭოთა ჯარისკაცებს.
საბჭოთა ოკუპაცია
თვით 9 სექტემბრის ამსახველი ბევრი ფოტო არ შემონახულა.
გადატრიალების 80 წლისთავთან დაკავშირებით ბულგარეთის სახელმწიფო საარქივო სააგენტომ გადაწყვიტა, მეტი ყურადღება დაუთმოს საბჭოთა ოკუპაციას და საბჭოთა არმიის როლს 1940-იანი წლების ბულგარეთში ხელისუფლების შეცვლასა და პოლიტიკურ პროცესებში.
„და გადატრიალება, ბულგარეთის სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემის გასაბჭოება არ მოხდებოდა, რომ არა საბჭოთა არმია“, - ამბობს გრუევი.
საარქივო სააგენტომ გახსნა საგანგებო საიტი სახელწოდებით: „ბულგარეთის საბჭოთა ოკუპაცია 1944-1947 წლებში“. საბჭოები გადაიქცა „სამამულო ფრონტის რეჟიმის კომუნისტურად გადაქცევის ინკუბატორად“, - დასძენს გრუევი.
არქივები გვიამბობენ, როგორ შეიცვალა ხალხის თავდაპირველი სიხარული ახალი მთავრობის გამო.
ეს უკავშირდებოდა ბულგარეთის მიწაზე საბჭოთა ჯარისკაცების მოქცევით უკმაყოფილებას და „მოსკოვის მიერ გატარებულ პოლიტიკას - ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიაზე რესურსების კონფისკაციას, მათ საბჭოთა კავშირში გატანას“, - ამბობს გრუევი და აზუსტებს, რომ ზოგან ტექნოლოგიას ითვისებდნენ, ზოგად მთელ ქარხნებსა და ნაღდ ფულს.
„ამ მასალების დიდმა ნაწილმა პირველად იხილა დღის სინათლე“, - ამბობს არქივის დირექტორი.
საბჭოთა ოკუპაციის დასასრულად ითვლება 1947 წელი, რადგან ამ დროს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის თანახმად საბჭოთა არმიას ბულგარეთი უნდა დაეტოვებინა.
„ოფიციალურად არმია გავიდა 1947 წლის ბოლოს, მაგრამ მან მოასწრო დაემყარებინა და განემტკიცებინა რეჟიმი, რომელმაც კიდევ 40-წელიწადზე მეტხანს მართა ბულგარეთი“, - ამბობს გრუევი.
გადატრიალება, ამბოხება თუ რევოლუცია
დღემდე დავობენ იმაზე, თუ ზუსტად რა მოხდა 1944 წლის 9 სექტემბერს ბულგარეთში და რა ვუწოდოთ მას.
დავობენ იმიტომ, რომ „9 სექტემბერს, როგორც კონკრეტულ დღესა და 9 სექტემბერს, როგორც იმ ყველაფრის მეტაფორას შორს, რაც მოხდა ამ თარიღის შემდგომ, ბულგარეთში განსხვავებაა“.
„კონკრეტულად რომ შევხედოთ, უდავოა, ამ დღეს აქვს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები“, დასძენს ისტორიკოსი. ის, რაც მაშინ მოხდა, ძალიან ჰგავს 1923 და 1934 წლების გადატრიალებებს, მონაწილე პირების დამთხვევის ჩათვლით. კიმონ გეორგიევი, მაგალითად, პრემიერ- მინისტრი გახდა 1934 და 1944 წლების გადატრიალების შედეგად.
კომუნისტური პარტია თავიდან არ უარყოფდა, რომ ეს იყო გადატრიალება. მაგრამ შემდგომ მიხვდა, რომ ეს ვერსია მის სასარგებლოდ არ მეტყველებდა.
ამიტომ, რეჟიმმა შექმნა პროპაგანდისტული ვერსია, რომ ეს იყო „სახალხო ამბოხება“.
ამიტომ, უფრო მოსახერხებელი იყო იმის თქმა, რომ ეს იყო სახალხო ამბოხება და ასეც ჩაწერეს დიმიტროვის კონსტიტუციაში 1947 წელს.
ეს თეზისი „სახალხო ამბოხების“ შესახებ ნიადაგს ნახულობს 9 სექტემბრის წინა პარტიზანულ მოძრაობაში, რომელიც საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო ქვეყნისთვის, რომელიც გერმანიას ედგა მხარში. მაგრამ, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ შეიარაღებულმა პარტიზანულმა რაზმებმა, რომლებიც მაშინ შვიდი ათას კაცს ითვლიდნენ, შეძლეს დამოუკიდებლად ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება. ისტორიკოსის თანახმად, „ასეთი განსაზღვრა უფრო პროპაგანდისტული შინაარსისაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადატრიალების უარყოფითი სტიგმა“.
ბულგარეთის კომუნისტური რეჟიმი არ იყო იმაში თანმიმდევრული, რა ეწოდებინა ამ დღისთვის. 1971 წელს, ჟივკოვის ახალ კონსტიტუციაში, 9 სექტემბერს „სახალხო ამბოხება“ აღარ ერქვა და მას „სოციალისტური რევოლუცია უწოდეს“.
1989 წლის შემდეგ, რეჟიმის დამხობის მერე, ის კვლავ უბრალოდ გადატრიალებად შეაფასეს.
80 წლის შემდეგ
80 წლის წინანდელი 9 სექტემბრის მოვლენების თვითმხილველები და მომსწრეები ცოცხალი აღარ არიან. გრუევის აზრით, ეს დროში დაშორება იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო სამართლიანად და მიუკერძოებლად შეიძლება შევაფასოთ მომხდარი. „ამის მიუხედავად, საზოგადოება კვლავ გახლეჩილია“, - ამბობს ისტორიკოსი და მაგალითად მოჰყავს სოფიაში საბჭოთა არმიის მონუმენტის დანგრევის გარშემო კამათი.
მონუმენტს მოაშორეს ჯერ ზედა ნაწილი - საბჭოთა ჯარისკაცი იარაღით ხელში და შემდეგ სხვა ელემენტებიც. ამავე დროს, გაქრა წარწერა: „საბჭოთა არმიას - გამათავისუფლებელს, მადლიერი ბულგარელი ხალხისგან“.
ამ ქმედებას მრისხანე რეაქცია და პროტესტი მოჰყვა ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის. თუმცა, ისტორიოგრაფიამ თავისი უკვე გააკეთა:
„რის შეგროვებაც ერთად შეიძლებოდა ფაქტების და მოვლენათა ლოგიკური თანმიმდევრობის სახით, უკვე გაკეთდა. ახლა ამ მხრივ საზოგადოებაც უნდა გაერკვეს“, - ამბობს გრუევი.
საზოგადოებას ჯერ გარკვევა სჭირდება და ამის მაგალითია ის, რაც ბულგარელ კინორეჟისორ ალექსანდრა მილევას შეემთხვა.
მილევა დააკავეს მას შემდეგ, რაც სოფიის ცენტრში რუსეთის დროშას ცეცხლი წაუკიდა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი პროტესტი გამოხატა.
მილევამ უკრაინაში იმოგზაურა, იქ ხალხს შეხვდა, დოკუმენტურ ფილმზე იმუშავა და ომის საშინელებით შეძრწუნებული დაბრუნდა უკან.
მან გადაწყვიტა, რომ ვეღარ იქნებოდა ჩუმად. ამიტომ 29 აგვისტოს სოფიაში რუსეთის კულტურულ და საინფორმაციო ცენტრთან მივიდა ცარცითა და რუსეთის დროშით, რომელიც საგანგებოდ შეიძინა.
როცა ტროტუარზე ლურჯი ცარცით დაიწყო დაწერა სიტყვისა: „მკვლელები“ და დროშას ცეცხლი წაუკიდა, მას კულტურული ცენტრის და დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
მალე პოლიციაც მივიდა და მისი თანამშრომლები რეჟისორისგან მოითხოვდნენ, არ დაეწვა და არ გაეთელა დროშა. მილევა დააკავეს.
მისი დაკავება ოდნავ უსწრებდა წინ 1944 წლის მოვლენების 80 წლისთავის აღნიშვნას.
კინორეჟისორის დაკავებამ დაუყოვნებლივი უკურეაქცია გამოიწვია. 30 აგვისტოს, პროტესტის გამოსახატავად, კულტურულ ცენტრთან შეიკრიბნენ რუსეთის გავლენის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საერთო მიზნით გაერთიანებული ბულგარეთის“ მიერ მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეები.
ორგანიზაციამ, რომელმაც მილევას სამართლებრივი დაცვა უზრუნველყო, მისი დაკავება „რეპრესიად“ შეაფასა. „სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ტექსტი რუსული დროშის შეურაცხყოფის შესახებ და, როგორც ჩანს, ჩვენი რეპრესიული ორგანოები უცხოურ ინტერესებს იცავენ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბილიანა კოცატკოვამ.
ამ საქმემ კამათი გამოიწვია ბულგარეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც პროტესტსა და სიტყვის თავისუფლებას არეგულირებს. ბულგარეთის ან ევროკავშირის დროშის დაზიანებისთვის სასჯელი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, თუმცა მსგავსი აკრძალვა, როგორც გაირკვა, არ არსებობს სხვა ქვეყნების დროშებთან დაკავშირებით. სოფიის რაიონულმა სასამართლომ საბოლოოდ მილევა გაამართლა და განაცხადა, რომ მან „გამოიყენა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება“.
ბულგარეთის საზოგადოება გაყოფილია უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებითაც. Globsec-ის ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, რესპონდენტთა მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, რუსეთია პასუხისმგებელი.