ლენინგრადის ბლოკადის დასრულების 80 წლის თავზე, რომელიც 2024 წლის იანვრის ბოლოს აღინიშნა, რუსეთმა ოფიციალურად მოსთხოვა გერმანიას, ლენინგრადის ბლოკადა და მესამე რაიხის სხვა დანაშაულები აღიაროს გენოციდის აქტად. ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა.
რუსული მხარის თქმით, გერმანიის მთავრობის მიდგომა წარსულში ჩადენილი დანაშაულების გენოციდის აქტებად ოფიციალურად აღიარების საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. МИД-ის თქმით, გერმანიამ გენოციდის აქტად აღიარა კოლონიალიზმის ეპოქაში ჩადენილი დანაშაულები, მაგრამ მას იგივე არ გაუკეთებია ლენინგრადის ბლოკადასა და სსრკ-ის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებთან მიმართებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ გერმანია უპასუხოდ ტოვებს „მრავალწლიან მოთხოვნას“, გაავრცელოს (გააფართოოს) ებრაელებისთვის ჰუმანიტარული თანხების გაცემის პრაქტიკა ლენინგრადის ყველა ეროვნების მცხოვრებლებზე, რომლებიც გადაურჩნენ ბლოკადას.
„რუსული მხარე ამ პრაქტიკას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გერმანია ლენინგრადის ბლოკადას ოფიციალურად უწოდებს „სამხედრო დანაშაულს“ და ხაზს უსვამს იმას, რომ ამ დანაშაულზე გერმანიას ეკისრება ისტორიული პასუხისმგებლობა. ამავდროულად, გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სსრკ-თან რეპარაციის საკითხი 1950-იანი წლების დასაწყისში დაიხურა შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერით. თუმცა რუსეთის საგარეო უწყებას ამგვარი პასუხი (არგუმენტი) არ აკმაყოფილებს და ამბობს, რომ არ არსებობს სამართლებრივი კავშირი „ომის შემდგომ რეპარაციასა და სამართლიანობის აღდგენას შორის“.
გერმანის საზოგადოებრივი მაუწყებლის Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის ელჩმა რუსეთში ალექსანდერ ლამბსდორფმა, ლენინგრადის ბლოკადის დასრულების 80 წლის თავთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების წინ ბლოკადას „ომის სასტიკი დანაშაული" უწოდა.
„ჩემი ქვეყანა აღიარებს ამ პასუხისმგებლობას კომპრომისების გარეშე“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა, რომლის თქმითაც, სრულიად უსაფუძვლოა რუსული მხარის ბრალდება, რომ თითქოს ბერლინს სურვილი აქვს „გადაწეროს ისტორია და უარი თქვას პასუხისმგებლობაზე“.
„ასეთი ვარაუდები მცდარია“, - ამბობს ალექსანდერ ლამბსდორფი.
გერმანელი ისტორიკოსებიც არ უარყოფენ იმას, რომ ნაცისტებს სურდათ ქალაქის მცხოვრებლების შიმშილით დახოცვა.
მოსკოვში მდებარე გერმანიის ისტორიული ინსტიტუტის თანამშრომელი მათიას ული ბლოკადას უწოდებს ნაცისტების მიერ ლენინგრადის მოსახლეობის გენოციდს.
„1940-იანი წლების გერმანული დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ ნაციონალ-სოციალისტები აპირებდნენ განზრახ შიმშილით დაეხოცათ ლენინგრადელები“, უთხრა ისტორიკოსმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო dpa-ს:
„ვერმახტის 1941 წლის სექტემბრის საიდუმლო ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ „ფიურერს“ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი აღეგავა პირისაგან მიწისა სანქტ-პეტერბურგი. საბჭოთა რუსეთის დამარცხების შემდეგ, ამ დიდი დასახლებული პუნქტის შემდგომი არსებობის არანაირი სურვილი არ არსებობდა. გერმანული წყაროებიდან ჩანს, რომ არ შეიძლება საკუთარი თავის გამართლება ფრაზით „ჩვენ არაფერი ვიცოდით“. პირიქით, სრულიად ნათელია, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი”.
გენოციდი გაეროს დოკუმენტებში
გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის მე-2 მუხლი გენოციდს განსაზღვრავს, როგორც ნებისმიერ ქმედებას „ჩადენილს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“.
- 2016 წელს გერმანიამ ოფიციალურად აღიარა 1915-16 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურება გენოციდად.
- 2021 წელს გერმანიამ გენოციდად აღიარა გერმანიის კოლონიური ჯარების მიერ ჰერეროსა და ნამას ტომების გაჟლეტა მე-20 საუკუნის დასაწყისში, დღევანდელი ნამიბიის ტერიტორიაზე.
- 2022 წელს ბერლინმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
გერმანული რეპარაციები
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ჯერ კიდევ 1945 წელს გადაწყდა იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე. სსრკ-ის რეპარაციული მოთხოვნები მატერიალური სახით დაკმაყოფილდა საბჭოთა ოკუპაციის ზონის ხარჯზე, საბჭოთა კავშირმა დამატებით რეპარაციის გარკვეული წილი მიიღო დასავლეთის ზონებიდანაც.
პოლონეთის რეპარაციის მოთხოვნები სსრკ-ს უნდა დაეკმაყოფილებინა თავისი წილით. ანტიჰიტლერული კოალიციის დარჩენილ წევრებს რეპარაცია უნდა მიეღოთ დასავლეთის საოკუპაციო ზონებიდან.
ისტორიკოსების თქმით, რეპარაციის კონკრეტული ოდენობა არასოდეს შეთანხმებულა, მიღებული რეპარაციების შესახებ ინფორმაცია კი უკიდურესად წინააღმდეგობრივია. Deutsche Welle-ს ცნობით, 2000 წელს გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ „გამარჯვებულმა ქვეყნებმა ცალმხრივ რეჟიმში მიიღეს რეპარაციები ისე, რომ ამის შესახებ არანაირი ნორმატიული ჩანაწერები არ გაკეთებულა“. ამ ანგარიშის მიხედვით, სსრკ-მ საბჭოთა საოკუპაციო ზონიდან და შემდეგ გდრ-დან გაიტანა 66 მილიარდი მარკის (15,8 მილიარდი აშშ დოლარი) ქონება. გარდა ამისა, 1949 წლამდე დასავლეთის საოკუპაციო ზონებში დემონტირებული მოწყობილობების 25% საბჭოთა კავშირში გაიგზავნა.
პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მონაცემებით, სსრკ-მა მიღებული რეპარაციიდან პოლონეთს მხოლოდ 228 მილიონი დოლარი (დაახლოებით 7,5%) მისცა.
მოკავშირეთა რეპარაციების სააგენტოს მონაცემებით (სააგენტო არსებობდა 1946 წლიდან 1959 წლამდე), დასავლეთის ქვეყნებმა ჯამში მიიღეს 530 მილიონი დოლარის რეპარაცია (1938 წლის გაცვლითი კურსი), რომელშიც შედიოდა მხოლოდ გერმანიიდან გატანილი ქონების ღირებულება. საბჭოთა ისტორიკოსები იყენებდნენ ინტეგრირებულ მიდგომას და ამტკიცებდნენ, რომ დასავლელი მოკავშირეების მიერ საოკუპაციო ზონებიდან გატანილი აღჭურვილობის, საზღვაო და სამდინარო გემების, ოქროს, უცხოური ვალუტის, პატენტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის რაოდენობა 10 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.
კომპენსაცია ნაციზმის მსხვერპლთათვის
1952 წელს გერმანიამ ხელი მოაწერა ე.წ. ლუქსემბურგის შეთანხმებას ისრაელთან და ისრაელის მთავრობას გადაუხადა 3 მილიარდი მარკა - კომპენსაცია ჰოლოკოსტის დროს დაზარალებული ებრაელებისთვის. 1960-1961 წლებში გერმანიამ გააფორმა ხელშეკრულებები საბერძნეთსა და იტალიასთან ნაცისტური ოკუპაციის წლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გარდა რეპარაციებისა, გერმანია ასევე უხდის კომპენსაციას ნაციზმის სხვა კატეგორიის მსხვერპლებსაც. გერმანიის მთავრობის მიერ ნაციზმის მსხვერპლთათვის ფულადი შემწეობის გადახდის პრაქტიკა 1956 წლიდან არსებობს და მის ფარგლებში, ჯამში, უკვე გადახდილია 70 მილიარდ ევროზე მეტი.
- 2011 წლის დეკემბერში გერმანია დათანხმდა გარკვეული თანხა გადაუხადოს ჰოლოკოსტის 16 ათას მსხვერპლს.
- 2012 წლის ნოემბერში დაიწყო ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში მცხოვრები და ჰოლოკოსტს გადარჩენილი 80 ათასი ადამიანისათვის კომპენსაციის გადახდის პროგრამა.
- 2000-2007 წლებში გერმანიაში მოქმედებდა ფონდი „მეხსიერება, პასუხისმგებლობა და მომავალი“, საიდანაც კომპენსაციას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში იძულებით დეპორტირებული მუშები: ჯამში 4,4 მილიარდი ევროს ოდენობის კომპენსაცია მიიღო რუსეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა 1,66 მილიონმა ადამიანმა.
- 2015 წელს ბუნდესტაგმა გადაწყვიტა, „სიმბოლური ფულადი შემწეობის“ სახით გადაეხადა 2500-2500 ევრო ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
- ბლოკადის მოხსნის 75 წლის თავზე გერმანიის მთავრობამ, როგორც ჰუმანიტარული ჟესტი, 12 მილიონი ევრო გამოყო ბლოკადას გადარჩენილთა მხარდასაჭერად. ამ თანხების უმეტესი ნაწილი სანქტ-პეტერბურგის ომის ვეტერანთა საავადმყოფოს მოდერნიზებას მოხმარდა.
- 2021 წელს დამატებითი კომპენსაციები მიიღეს ბლოკადას გადარჩენილმა ებრაელებმა.
საბჭოთა მხარის ცოდვები
ისტორიის მკვლევარმა მარკ სოლონინმა BBC-სთან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ბლოკადის დროს შიმშილისგან ბევრად ნაკლები ადამიანი დაიხოცებოდა, საბჭოთა ხელისუფლება სხვაგვარად რომ მოქცეულიყო. მეცნიერის თქმით, საუბარია იმაზე, რომ თავდაპირველად საბჭოთა ხელმძღვანელობა საერთოდ არ აპირებდა ქალაქის სურსათით მომარაგებას.
„დავიწყოთ იმით, როგორი ამოცანა დასახა ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა: „წითელი არმიის ქვედანაყოფების იძულებითი უკანდახევის დროს, მტერს არ უნდა დარჩეს არცერთი კილოგრამი პური ან ლიტრი საწვავი“. ეს არის სრულიად არასაიდუმლო, 1941 წლის 3 ივლისის სტალინის რადიომიმართვის ბევრჯერ ციტირებული ტექსტი. ყურადღება მიაქციეთ ფრაზას (და ამხანაგმა სტალინმა იცოდა სიტყვების ფასი): „მტერს არ უნდა დარჩეს...“. სტალინი "პურის დამზადების" დიდი ექსპერტი იყო, ის პირადად მონაწილეობდა 1928 წელს "პურისათვის ბრძოლაში", გაკულაკებაზე არც ღირს ლაპარაკი. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ გერმანელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებდნენ: რასაც შეძლებდნენ, შეჭამდნენ და რასაც ვერ შეჭამდნენ, გერმანიაში გაგზავნიდნენ. თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები ახერხებდნენ გადარჩენას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ 1941 წლის ზაფხულის ქაოსში სტალინის ყველა ბრძანება არ შესრულდა. რა სალაპარაკოა „პური“, როცა აუფეთქებელი დატოვეს ბევრი ხიდი და საავიაციო ბენზინის საწყობები“, - ამბობს მარკ სოლონინი, რომლის თქმითაც, დოკუმენტურად შეიძლება იმის დასაბუთება, რომ ბლოკადის დაწყების წინ ლენინგრადიდან სურსათის თითქმის მთელი მარაგი გაზიდეს:
„სახელმწიფო მატერიალური რეზერვების ლენინგრადის ტერიტორიული ადმინისტრაციის უფროსის ამხანაგ გორჩაკოვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ლენინგრადის საწყობებსა და ბაზებში ინახებოდა 146 ათასი ტონა ფქვილი და მარცვლეული, 37 ათასი ტონა შაქარი და 195 მილიონი რუბლის ღირებულების „სხვა საკვები პროდუქტები.
ეს ყველაფერი ექვსი თვის განმავლობაში ეყოფოდა ლენინგრადის ფრონტსა და ქალაქის მოსახლეობას (ფიზიოლოგიური გადარჩენის ნორმების შესაბამისად), სულ რომ არაფერი შეეტანათ ქალაქში, მაგრამ როგორც დოკუმენტები მოწმობენ, ბლოკადის დაწყების წინ მოხდა სურსათის მასშტაბური ევაკუაცია, შემდგომ პერიოდშიც საბჭოთა ხელისუფლება უფრო მეტს ზრუნავდა ქალაქიდან ქარხნებისა და ფაბრიკების ევაკუაციაზე, ვიდრე ქალაქის სურსათით მომარაგებაზე“.
ისტორიკოსები ასევე მიუთითებენ მომარაგებაში არსებულ ხარვეზებსა და ევაკუაციის გვიან დაწყებაზე. მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გადაწყდა მხოლოდ 1942 წლის 22 იანვარს - 22 იანვრიდან 15 აპრილამდე 554 ათასი ადამიანი გაიყვანეს ქალაქიდან.
„900-დღიანი ბლოკადა“ - პროპაგანდისტული სლოგანია, - ამბობს მარკ სოლონინი, - ხალხი დაიღუპა არა 900-დღიანი, არამედ 90-დღიანი (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი) შიმშილის შემდეგ. სხვა თვეებშიც იხოცებოდნენ ადამიანები, მაგრამ იხოცებოდნენ ძირითადად ალიმენტური დისტროფიისგან, რომლითაც უკვე დაავადებული იყვნენ“.
ბლოკადის დასრულების შემდეგ 1,5 მილიონი ადამიანი დაჯილდოვდა „ლენინგრადის დაცვისათვის“, ჯილდოები მიიღეს ქალაქისა და ქვეყნის ხელმძღვანელმა პირებმაც.