„ჩვენთვის არავის ეცალა“ - ბუნდესტაგის წევრის თქმით, საქართველოს მთავრობაში უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე

ურლიხ ლეხტე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი („თავისუფალი დემოკრატიული პარტია“).

თბილისში, გერმანიის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებმა.

გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ულრიხ ლეხტემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

„მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს ჩვენთვის სიახლე იყო, რომ არ იყო შესაძლებლობა, გველაპარაკა საქართველოს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან მაინც, როცა ასეთი მაღალი დონის დელეგაციაა. ვიცით, რომ პარლამენტიდან ვართ, მაგრამ გერმანიაში პარლამენტარებს დიდი გავლენა აქვთ იმაზე, რაც ხდება. ამდენად, სიახლე იყო, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა. მოთხოვნა იყო მაღალ დონეზე, შემდეგ ვითხოვეთ მეორე დონეზე და შემდეგ მესამეზე, მაგრამ ჩვენთვის არავის ეცალა, ჩვენი დელეგაციის განრიგი კი კვირებით ადრე იყო გამოცხადებული, - თქვა ბუნდესტაგის წევრმა და დაამატა, - არც ისე ხშირია, როცა ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ითხოვ, რომ მთავრობიდან ვინმეს ნახვა გინდა, მეგობარი ქვეყნიდან, გერმანია კი ერთ-ერთი მთავარი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს დაეხმარა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაში. ამდენად, საბოლოო ჯამში, დიპლომატიურად რომ ვთქვათ, როგორღაც შემაწუხებელია, როცა მაღალჩინოსნებმა არ მიგიღეს და შემდეგ „ქართული ოცნების“ პარლამენტარი გვეუბნება, რომ ჩვენ უგულებელვყოფთ, რა გააკეთეს მათ ქვეყნისთვის“.

ასევე ნახეთ რატომ არ შეხვდა პაპუაშვილი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს? - სამხარაძემ მიზეზი დაასახელა

დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძის თქმით, პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

„შალვა პაპუაშვილი დღეს არ იმყოფება თბილისში, ის არის წასული რეგიონში, ყველა ამ სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის დელეგაციას. ირაკლი კობახიძის შესახებ ვერ გეტყვით, თუმცა პაპუაშვილი ვიცი, რომ არის იმერეთში. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, - უთხრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

განახლება

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან მისი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი, რადგან რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი „რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაში“ მონაწილეობდა და „ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში“.

2024 წლის მაისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. მაშინაც როთი მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. „მან [სამხარაძემ] მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების” ოფისში“, - წერდა ის.

ასევე ნახეთ აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ - როთის განცხადებით, პარლამენტის შენობაშიც კი არ უმასპინძლეს
ასევე ნახეთ "მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ" - გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაზე