მეორე დღეა, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ.
“საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ, იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეგხვდა, მაგრამ მან მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ “ქართული ოცნების” ოფისში”, - წერს როთი.
მასთან ერთად თბილისში იმყოფებიან ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.
მათ ვიზიტამდე, 10 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდებოდა, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.
გუშინ, 13 მაისს, როთმა თბილისში, რუსთავის გამზირზე "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა მსვლელობის ამსახველი ვიდეოც გააზიარა მინაწერით: "ხალხო, შეხედეთ ამ ქალაქს. ევროპის ისტორია ახლა თბილისში იწერება. ხალხი ქუჩაში გამოდის 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლების და დემოკრატიისთვის, არ დავტოვებთ მათ ქართულ კოშმართან პირისპირ".
საქართველოში ჩამოსვლამდე, როთმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გამოაქვეყნა, 13 მაისს ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გახსნის.
ფორუმი