Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ შეხვდა პაპუაშვილი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს? - სამხარაძემ მიზეზი დაასახელა


ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერები.

დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძის თქმით, პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

„შალვა პაპუაშვილი დღეს არ იმყოფება თბილისში, ის არის წასული რეგიონში, ყველა ამ სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის დელეგაციას. ირაკლი კობახიძის შესახებ ვერ გეტყვით, თუმცა პაპუაშვილი ვიცი, რომ არის იმერეთში. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, - უთხრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ბუნდესტაგის ფრაქციების სპიკერებს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან, რომლებთანაც წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ ილაპარაკა მათგან მოსმენილი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილის შესახებ.

„გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ის იყო, რომ დასავლეთის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებითა და პოლიტიკური მიდგომებით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორია ოპოზიციის ხედვა კოალიციური მთავრობის მიმართ და გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობასთან მიმართებაში“, - თქვა ჰერმან საბომ.

განახლება

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან მისი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი, რადგან რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი „რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაში“ მონაწილეობდა და „ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში“.

2024 წლის მაისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. მაშინაც როთი მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. „მან [სამხარაძემ] მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების” ოფისში“, - წერდა ის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG