ჯერ უცნობია ისიც, შეაჩერებს თუ არა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო „აგენტების კანონის“ მოქმედებას განხილვის საბოლოოდ დასრულებამდე. გადაწყვეტილებას სასამარლო, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს მიიღებს.
პრეზიდენტი, არასამთავრობოები, მედია და საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივად ებრძვიან პარლამენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, გააუქმოს კანონი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩერა.
რა განიხილება?
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას „აგენტების კანონი“.
მისი ფორმალური დასახელებაა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონი“. როგორც მოწინააღმეგეები უწოდებენ - „რუსული კანონი“.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“საკონსტიტუციო სასამართლოში, - რომელიც საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლესი ორგანოა, - ამ კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული. სარჩელების ავტორები არიან:
- საქართველოს პრეზიდენტი;
- 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია;
- 38 ოპოზიციონერი პარლამენტარი;
- ორი მედიასაშუალება.
თითოეული მათგანი სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა არაერთ მოსაზრებას იზიარებენ. რაც მთავარია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კანონი ბევრი არგუმენტით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
სასამართლომ ეს ოთხი სარჩელი გააერთიანა და ერთად განიხილავს. მაგრამ მომხსენებლები კვლავ ცალ-ცალკე, თავ-თავიანთი არგუმენტებით წარდგნენ სასამართლოს წინაშე.
29 აგვისტოსვე გაირკვა, რომ არსებობს მეხუთე სარჩელიც, თუმცა სასამართლოში ის ახალი შესულია და ჯერ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა. ასე რომ, მას ცალკე განიხილავენ.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მეხუთე სარჩელი შევიდამართალია, ყოველი მოსარჩელის სიტყვით გამოსვლები პირველსავე დღეს ვრცელი და შინაარსობრივად დატვირთული იყო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის გამწესრიგებელი სხდომა, რომელიც აუცილებლად წინ უსწრებს არსებით განხილვას.
ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, საერთოდ ცნობს თუ არა სასამართლო სარჩელებს დასაშვებად. იმაზე სიღრმისეულ მსჯელობას, შეესაბამება თუ არა კანონი კონსტიტუციას, სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე დაიწყებს.
გამწესრიგებელი სხდომა, სარჩელების მოცულობის გამო, ერთ დღეში ვერ დასრულდა. სასამართლომ კიდევ უნდა მოისმინოს მოპასუხე მხარის წარმომადგენლების არგუმენტები.
შეაჩერებენ კანონს დროებით?
სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომაზევე შეუძლია, სადავო კანონის მოქმედება საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დროებით შეაჩეროს.
ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ - ჯერ, მართალია, არ იტყვის, კონსტიტუციურია თუ არა კანონი, მაგრამ - სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონი არ იმოქმედებს.
სწორედ ეს მოთხოვნა დააყენეს პირველ დღეს მოსარჩელეებმა.
სავარაუდოდ, 30 აგვისტოს გადაწყდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
„ეს ნორმა სრულიად არაკონსტიტუციურია და ის გაუქმდება, მაგრამ გაუქმებამდე რა ზიანიც ორგანიზაციებს მიადგება, იქნება გამოუსწორებელი... მიგვაჩნია, რომ შეჩერება ახლა აუცილებელია, რათა ხვალ-ზეგ, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობთ, გამოუსწორებელი ზიანი არ დადგეს“, - ასე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ მოსამართლეებს.
იყო პოლიტიკური გამოხმაურებებიც. „ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები“ [„ქართული ოცნება“] მოიგებენ, იმიტომ, რომ მსაჯი მათია“, - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია განხილვებს და განმარტა:
„საბოლოო ჯამში, ის ანგარიში დაიწერება, რაც მსაჯს უნდა. საკონსტიტუციო სასამართლო მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის და არც შეიძლება იყოს. ასე რომ, ეს დავა მაინცდამაინც პერსპექტიული არ მეჩვენება, თუმცა ვნახოთ, რა იცით რა ხდება“.
რატომ ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს?
მოსარჩელეებმა პირველსავე დღეს არაერთი არგუმენტი წარუდგინეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის დასადასტურებლად, რომ კანონი არაკონსტიტუციურია.
ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი კანონის ევროინტეგრაციასთან შეუსაბამობაა.
„კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს“, - განაცხადა პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა სასამართლოში, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ზურაბ მაჭარაძემ.
ეს ის მუხლია, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, იღონონ ყველაფერი, რათა ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს. ევროკავშირმა კი ღიად განაცხადა, რომ კანონის მიღების გამო საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
ასევე ნახეთ ბურჯანაძის თქმით, საჭიროა „აგენტების კანონის“ შეჩერება, რადგან ის გამოუსწორებელ ზიანს მოიტანს
იწვევს სტიგმატიზაციას?
კიდევ ერთი საკვანძო საკითხია კანონის დასახელება და, შესაბამისად, კანონის მიერ ორგანიზაციათა სტიგმატიზაცია. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენელი, იურისტი ქეთევან ერემაძე განმარტავს:
„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ნიშნავს ბრძანებით, კონტროლით და ანგარიშვალდებულებით მოქმედებას და გამორიცხავს ამ ორგანიზაციების დამოუკიდებელი ოპერირების შესაძლებლობას. კანონი წინასწარ ასკვნის, რომ სუბიექტები მოქმედებენ მხოლოდ „უცხო ძალის“ დაკვეთით და მასთან ანგარიშვალდებულების რეჟიმში“.
ეს, ერემაძის თანახმად, ნიშნავს, რომ „კანონი აბრალებს ორგანიზაციებს თავიანთი კეთილშობილური მიზნების სიმულაციურად გამოყენებაში“. ქეთევან ერემაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. იგი ამბობს:
„მიუხედავად იმისა რომ „აგენტი“ შეიცვალა, შინაარსობრივად, თვისებრივად არაფერს ცვლის. უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი არის საუკეთესო დეფინიცია აგენტისა“.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ ქეთევან ერემაძისა და სხვების მსგავს არგუმენტებს სტიგმატიზაციაზე ასე უპასუხა:
„ხშირად გავიგონებთ ხოლმე: „რა უცხო სამკაულია“, ან „რა უცხო ვარცხნილობა“, „უცხოური განათლება“ ან „უცხო გარეგნობა“. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ. თავისთავად, ამაზე არ მეტყველებს“, - თქვა ქრისტინე კუპრავამ.
კუპრავა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში მუშაობს და არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი.
მან სიტყვა „ინტერესზეც“ იგივე არგუმენტი გაიმეორა და თქვა: „უდავოა, რომ ყოველთვის ფულს კონკრეტული ინტერესი მიჰყვება. კომერციულ სფეროში ფულს კომერციის ინტერესი მიჰყვება, სოციალურ სფეროში გადახდილ ფულს - სოციალური ინტერესი და ა.შ. ფულს იმისთვის იხდი, რომ ინტერესი გაატარო, ხოლო ფულის მიმღები ფულს იღებს და შესაბამის ინტერესს გაატარებს“, - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.
ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება: სასამართლო აპირებს, მოუსმინოს ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს, - მას, როგორც სპეციალისტს, სწორედ ამ და სხვა ტერმინებში გარკვევას სთხოვენ.
„აგენტი - ჯაშუში“?
ამ საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმაც:
„დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, არათუ სცენარი, ტერმინებიც კი არ შეცვლილა და ქვეყანა ისევ იმ ხაფანგში შეიძლება შევიდეს. ამ კანონს გამოაქვს სასჯელი ფაქტების, მტკიცებულებების და სასამართლოს გარეშე“.
მან საბჭოთა კავშირში 1937 წლის რეპრესიები გაიხსენა:
„მიხეილ ჯავახიშვილი: დახვრიტეს 1937 წელს, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“.
ტიციან ტაბიძე: ბრალდება იყო ჯაშუშობა საფრანგეთის სასარგებლოდ.
სანდრო ახმეტელი: ბრალდება იყო ჯაშუშობა ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ.
ევგენი მიქელაძე: ბრალი დაედო კონტრრევოლუციურ ჯაშუშობაში.
პაოლო იაშვილი: 1937 წლის 22 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას წაყენებული ჰქონდა დივერსანტობის, ხალხის მტრობის, ჯაშუშობის ბრალდება“.
რატომაა ტერმინები მნიშვნელოვანი?
კანონისა და მისი ტერმინების სტიგმაზე ისაუბრა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმაც, „მთის ამბების“, „საქართველოს ამბებისა“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ დამფუძნებელმა. იგი ჟურნალისტია, რომელსაც იურიდიული განათლებაც აქვს მიღებული.
მისი თქმით, კანონის მიღების მიზანი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, - ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, - „აგენტებად“ მონიშვნაა, და ეს მმართველი პარტიის სურვილია.
„ეს კანონი პირდაპირ კავშირშია იმ წარწერებთან, რაც ჩვენი - მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, - „აგენტებად“ „მტრებად“ „უსამშობლოებად“ მონიშვნის მიზნით გააკეთეს“, - განაცხადა მან.
„ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აიღო „ქართული ოცნების“ წევრმა და რეგიონულმა მდივანმა, პარლამენტარმა დიმიტრი სამხარაძემ“, - თქვა მთივლიშვილმა.
არასამთავრობოების წარმომადგენელმა, გიორგი დავითურმა კიდევ უფრო მეტად განავრცო არგუმენტი სტიგმატიზაციის უარყოფით ეფექტზე:
„ადამიანური განმარტებით, უცხოური ინტერესების გამტარებელი რომ დავუძახოთ, ვინც ამ დარბაზშია, არავის მოეწონება. სამართლებრივად კი, სისხლის სამართალში, ეს ტერმინები - „უცხო ძალა“, „ინტერესები“, „გამტარებელი“, შეგხვდება ერთადერთ თავში - სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში“.
„ეს ტერმინი არ შეიძლება, ვინმეს დაერქვას. თუ ერქმევა, ამისთვის სისხლის სამართლის გზა არსებობს. როდესაც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ ვეძახით … ორგანიზაციების სახელები ასოცირებულია მათს დასაქმებულებთან. როცა ეუბნებით, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ხარ“, ჩემი გაკეთებული კარგი თუ ცუდი საქმე უკანა პლანზე ექცევა. ეს კანონი მე არ განმიხილავს, როგორც სამართლის სუბიექტს, თავისუფალ ადამიანს… თუ რამე შემეძლება, არსებობს კანონმდებლობა, სისხლის სამართალი და დამსაჯეთ იმით“, - თქვა დავითურმა.
დავითურმა ასევე განაცხადა, რომ კანონის მიღების შემდეგ, ორგანიზაცია, რომელსაც იგი წარმოადგენს - IDFI - რვა თანამშრომელმა დატოვა, - მათ შორის, სტიგმატიზაციის რისკებიდან გამომდინარე.
სტიგმატიზაციის პრობლემის დასასაბუთებლად კი მან მაგალითად მოიყვანა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტი და შიდა საძიებო სისტემა, რაც ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ადევს ევროკავშირის ლოგო. პროცესი რომ გახსენით, სამართალწარმოების სისტემა რომ ახსენეთ, სადაც ატვირთულია მასალები, შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“, - თქვა მან და გაიხსენა, როგორ წარიმართა მაშინდელი პროცესი:
„როცა ქვეყნისთვის კარგი საქმის გაკეთება გინდა, გჭირდება რესურსი და გჭირდება გარედან მოიძიო. არა ნებისმიერი ქვეყნიდან, არამედ ქვეყნებისგან, რომლებიც ითვლებიან სტრატეგიულ პარტნიორად. ამ შემთხვევაში, ვიცოდით, რომ ევროკავშირს ჰქონდა პროექტი საქართველოში, „ევროკავშირი მართლმსაჯულებისათვის“. იგი დაგვეხმარა ფინანსურად. დავიწყეთ ევროკავშირის დაქირავებულ დეველოპერებთან მუშაობა და მივიღეთ ის პროდუქტი, რაც მივიღეთ - ეს საძიებო სისტემა ძალიან კარგია აკადემიური თუ კვლევითი მიზნებისთვის. და ასე მუშაობს სექტორი. ახლა კი ვიღაც მოვიდეს და ნებისმიერი პროდუქტი, ეს ყველაფერი, აპრიორი, თავიდანვე, უცხოური ძალის ინტერესების გატარებული საქმიანობის ქვეშ გაიტანოს, [არასწორი და უსამართლოა]. მნიშვნელობა არ აქვს, შინაარსი დაკარგულია. სულ რომ მოკვდე ქვეყნისთვის, შენ თუ ამ ტერმინის ქვეშ მოკვდი, გამოდის, რომ სხვისთვის გააკეთე“.
რისკები ჟურნალისტებისთვის
გელა მთივლიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ სპეციფიკურ რისკებზე, რაც მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებსა და მათს რესპონდენტებს წარმოექმნებათ კანონის გამო: წყაროების კონფიდენციალობა, ფაქტობრივად, ქრება.
„მაგალითად, „სტუდია მონიტორი“, - რომელიც ჩემი თანამოსარჩელეა, - არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური, ძველი საგამოძიებო სტუდია. იგი სხვა პროდუქტს არ ქმნის, გარდა ჟურნალისტური გამოძიებებისა. საგამოძიებო ჟურნალისტიკა კი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობა, მსოფლიოშიც და ამ ქვეყანაშიც. მოითხოვს ბევრ დროს, სისტემურ კვლევას, რაც მიზნად ისახავს დაფარული ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ჟურნალისტური გამოძიებების დროს ვიკვლვეთ მასალებს, არქივებს… და ჟურნალისტური გამოძიებები ვერ იარსებებდა წყაროების გარეშე. წყარო კი ხშირად მხოლოდ ანონიმურობის და კონფიდენციალურობის დაცვის პირობით თანამშრომლობს.
პირადად მე ბოლო ორ წელიწადში არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტური გამოძიების დროს, საექსპერტო კვლევისთვის მოგვიწვევია ექსპერტი - მკვლევარი, ჰიდროლოგი, ჯანდაცვის სპეციალისტი. ისინი ჩვენი ფინანსებით გადიან საკვლევ ტერიტორიაზე, იღებენ მასალებს, აბარებენ ლაბორატორიას და გადმოგვცემენ კონფიდენციალურად. ეს ადამიანები მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, უნივერსიტეტებში და არ სურთ სახელების გასაჯაროება. ამიტომ მათ ვტოვებთ კონფიდენციალურად.
ამ კანონის ძალით კი, თუ მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი შემოვა ორგანიზაციაში და მათ ვინაობას ამოიღებს, მე ვერცერთი პირის კონფიდენციალობას ვერ დავიცავ. როდესაც მე, ჟურნალისტი, წყაროს ვაძლევ კონფიდენციალობის გარანტიას, ეს არის რეპუტაციული ნდობის ამბავი. ეს თუ არ მექნება, დაინგრევა ჩემი საქმიანობა და ვერაფერს გავაკეთებ“.
ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის
მსგავს რისკებზე ისაუბრა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც.
მან განმარტა, რომ იუსტიციის მინისტრის ის ბრძანება, რომელიც „აგენტების კანონის“ კვალდაკვალ მიიღეს, ჩამოთვლის იმ დეტალებს, რაც უნდა გასაჯაროვდეს - ორგანიზაციის მიღებულ ყველა შემოსავალსა და ყველა ხარჯს.
„არაერთი ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისთვის. იქ არიან ადამიანები, რომელთაც არასამთავრობოები ხელფასს ან ჰონორარს უხდიან. ეს კანონი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანების სახელები და გვარები გასაჯაროვდეს. არადა, ზოგჯერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას პროფესიული კონფიდენციალურობა სჭირდება. საშიშ ადგილებში მყოფთა სახელები და გვარები არ გახდეს ცნობილი. ამ ყველაფრის გასაჯაროებამ მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. ამან გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს“.
რას ამბობენ მოსამართლეები?
საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი - ესე იგი, სასამართლოს სრული შემადგენლობა.
ზოგადად, პლენუმს ცხრა მოსამართლე აკომპლექტებს.
თუმცა „აგენტების კანონზე“ სხდომას არ დასწრებია მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რის მიზეზადაც მოსამართლეებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა მერაბ ტურავა. ის ყველაზე აქტიურად იყო ჩართული განხილვებში. მის კითხვებს შორის იყო:
„ქალბატონო ანა, თქვენ ზოგადად დასმენის წინააღმდეგი ხართ, თუ ამ კანონთან მიმართებაში? [ზოგადად] სამართლებრივად დასმენის წინააღმდეგი ხართ? როცა ადამიანი გაიგებს, შეტყობინების ვალდებულებები არსებობს სამართლის სხვადასხვა დარგში“, - როდესაც ანა ნაცვლიშვილი „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ დასმენის ინსტიტუტს აკრიტიკებდა.
„ეს კანონი რომ არ ყოფილიყო, ის წარწერები და მოქმედებები ისეც ვერ შესრულდებოდა? მაინცდამაინც ამ კანონმა რატომ გამოიწვია ის, რომ ვიღაცის კარზე და სადარბაზოში წარწერები გაჩნდა? პირდაპირ კონდიციო სინე ქუა ნონი როგორია ამ შემთხვევაში?“ - როდესაც ნაცვლიშვილი აღწერდა კავშირს ადამიანების დევნასა და კანონს შორის.
„კანონმა ხომ არ განსაზღვრა, რომ შეიძლება მოქალაქეების სადარბაზოებში წარწერები გაკეთდეს? ეს შეიძლება კანონითაც და მის გარეშეც“.
მოსამართლეთა ნაწილმა ხმამაღლა გამოთქვა შენიშვნა მას შემდეგ, რაც გელა მთივლიშვილმა განსახილველ კანონს „რუსული კანონი“ უწოდა.
ერთ-ერთმა მოსამართლემ იკითხა: „დღეს საქართველოს კანონს ვიხილავთ თუ რამე სხვა კანონს?“
ევა გოცირიძემაც იკითხა: „ჩვენ ხომ სასამართლოში და არა პოლიტიკურ ორგანოში? კანონს რა ჰქვია, იქნებ [გვითხრათ], თუ შეიძლება. ოქმში უნდა ჩაიწეროს“.
მერაბ ტურავამ: „კანონის სათაურიც არ იცით, გელა? ბრჭყალებში იყენებთ ამ სიტყვას, იმედი მაქვს“.
რა იქნება შემდეგ?
პირველ დღეს ძირითადად მოსარჩელეებს უსმენდნენ. მხოლოდ დღის ბოლოს დაიწყეს მოპასუხეთა მოსმენა. სიტყვით გამოვიდა პარლამენტის ორი წარმომადგენელი.
მეორე დღეს, მოსამართლე მერაბ ტურავას თქმით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.
„ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და, მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ შეჩერებასა და გაუქმებაზე განხილვები პარასკევს, 30 აგვისტოს, 11:00 საათიდან გაგრძელდება.