საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა „აგენტების კანონის“ საქმეზე. მოსარჩელეები არიან პრეზიდენტი, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, 38 ოპოზიციონერი დეპუტატი და ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ოთხივე მოსარჩელე მოითხოვს „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებას. პროცესი პრეზიდენტის შუამდგომლობის განხილვით დაიწყო.
შეკითხვაზე, რა შედეგს გამოიღებს კანონის მოქმედების შეჩერება, პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ უპასუხა, რომ თუკი ძალაში დარჩება, კანონი გამოუსწორებელ შედეგს გამოიღებს.
„უფლებების ნაწილში, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ნორმა სრულიად არაკონსტიტუციურია და მისი გაუქმება მოხდება, მაგრამ გაუქმებამდე რა ზიანიც ორგანიზაციებს მიადგება, ეს იქნება გამოუსწორებელი... მიგვაჩნია, რომ შეჩერება ახლა აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდება, გამოუსწორებელი ზიანი არ დადგეს.
ჩემზე კარგად იცით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთულობის გამო რა ვადები გჭირდებათ საქმის განსახილველად. ამ თვალსაზრისით, არსებობს ობიექტური მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ეს რისკი რომ არ დაგვიდგეს, ჩვენ გვჯერა, რომ შეჩერება იქნება გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად“, - თქვა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარჩელში მოცემულ ძირითად საკითხს, რომლის თანახმად, „აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს (კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად), ბურჯანაძის თქმით, ამ შემთხვევაში კანონის მოქმედების შეჩერება აღადგენს იმ სტატუს-კვოს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით კანონის ინიციირებამდე იყო . ამასთან, დროის გაწელვის შემთხვევაში, ბურჯანაძე საერთაშორისო კონიუნქტურის ცვლილების საფრთხეს ხედავს.
„ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს ცხრა პირობა აქვს შესასრულებელი. ამ ცხრის მიღმა, ეს კანონი არის აქილევსის ქუსლი, მთავარი გამოწვევა, რომლის არსებობა ბუნებრივად გამორიცხავს შემდეგ პროცესს... პირობითად, თუკი ამ საქმის განხილვა გაგრძელდა თვეებისა და წლების განმავლობაში და მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილება, შემდგომ პოლიტიკური მდგენელი [ევროინტეგრაციისთვის] შეიძლება შეცვლილი იყოს, - აღნიშნა მან და დაამატა, - 78 მუხლს აქვს ორი განზომილება: პოლიტიკური და სამართლებრივი. მას ტექნიკურად ვერ შევხედავთ. პოლიტიკური კონიუნქტურა შეიძლება შეიცვალოს...“
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავენ:
- პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
- 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
- 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
- ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ფორუმი