ზელენსკი: უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი (მაშინ სახმელეთო ჯარების მეთაური) ოლექსანდრ სირსკი. 26 ივნისი, 2023 წელი

უკრაინა ამტკიცებს, რომ სრული კონტროლი აქვს ქალაქ სუჯაზე რუსეთის კურსკის ოლქში და იქ სამხედრო-სამეთაურო პუნქტს აყალიბებს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სუჯა არის კურსკის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი და უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პატარა ქალაქი.

კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის მიმდინარე შეტევის ფონზე, შეიქმნა სამხედრო კომენდატურა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ.

მისი თქმით, კომენდატურა უზრუნველყოფს მართლწესრიგს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იზრუნებს. უწყებას სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალიოვი.

უკრაინის კონტროლის ქვეშაა 82 დასახლებული პუნქტი 1150 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, იტყობინება სირსკი.

ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 კილომეტრით წაიწიეს წინ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო 15 აგვისტოს, შუადღისთვის, - 500 მეტრიდან 1500 მეტრამდე მანძილზე, განაცხადა გენერალმა.

ამასთან, მედია ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეფასებებს. "მედუზა" მიიჩნევს, რომ უკრაინა აკონტროლებს 45-50 დასახლებულ პუნქტს კურსკის ოლქში 700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.

რუსეთის ხელისუფლება ასეთ ცნობებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს.

უფრო ადრე, უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა კურსკის რეგიონის მცხოვრებლებს შესთავაზა ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე. უწყებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" გახსნა.

"უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმას იცავს. ჩვენ უზრუნველვყოფთ კურსკის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის საჭირო დაცვასა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას", - დასძინა ვერეშჩუკმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსული ტერიტორიების ოკუპაციით. "ის დაინტერესებულია მრავალი რუსული სამხედრო ობიექტის რეალური განადგურებით, რუსეთის ჯარების ნარჩენების განდევნით ფრონტის იმ ხაზების მიღმა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე საარტილერიო და ბალისტიკური რაკეტების დარტყმების საშუალებას იძლევა, - დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ X-ში.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს დაიწყო. რეგიონში შემოღებულია ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საერთო ჯამში, საზღვრისპირა რაიონებიდან ევაკუირებულია 120 ათასზე მეტი ადამიანი. ორი ათასზე მეტ პირთან თითქმის ერთი კვირაა, კავშირი ვერ მყარდება.

  • ხუთშაბათს, 15 აგვისტოს, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს ბელგოროდის რაიონშიც. იქაც მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

  • რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ გენშტაბმა შეიმუშავა "გეგმა დამატებითი ზომებით, რათა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების უსაფრთხოება ქვეყნის საზღვრისპირა ტერიტორიებზე კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის რაიონებში". მინისტრმა პირობა დადო, რომ პირადად გააკონტროლებს გეგმის შესრულებას.

ასევე ნახეთ ვაკო სულაძე: "მტერმა გუშინ თანამებრძოლი მოგვიკლა. ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით არ წყდება"
ასევე ნახეთ ბელგოროდის ოლქში ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ასევე ნახეთ ეს ომია და არა წყალდიდობა - პუტინის წითელი ხაზები გახუნდა?
ასევე ნახეთ უკრაინა და რუსეთი კურსკის ოლქში ცხარე ბრძოლების ფონზე წარმატებაზე იტყობინებიან