„ფული ბლომად გვაქვს, იმაზე ბევრად მეტი, რაც გვჭირდება, აი, ხალხი კი აღარ გვყოფნის… და თანდათან იქ, სადაც ჯერ არს, იაზრებენ: შეუძლებელია მილიონ ორასი ათას რუბლს უხდიდე ადამიანს, რომელსაც ორ კვირაში შენი სარდლობა ხორცსაკეპში შეუძახებს… არ ვიცი, რა მოჰყვება ამის მთლიანად გააზრებას, ამ ახალ რეალობას, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, როგორც სოციოლოგიის მკვლევარმა, რომ ეს უზარმაზარი, გარდამტეხი მნიშვნელობის ცვლილებაა“, - ამბობს ეკატერინა შულმანი, ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, რომელიც ორი წლის წინ რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.
მეცნიერი და პედაგოგი, რომელიც ახლა ბერლინში ცხოვრობს, ვაჟა თავბერიძესთან საუბარში პოლიტიკურ დიაგნოზს უსვამს თანამედროვე რუსეთს და ელიტას, რომელიც მას მართავს.
ჩვენ არ გვყავს მეორე, მესამე, მეოთხე კაცი - ჩვენ გვყავს პირველი, მთავარი კაცი და შემდეგ ცარიელი სივრცე, მის ქვემოთ.
რადიო თავისუფლება: ასეთი კითხვა: ყველამ ვიცით, ვინ არის პირველი კაცი რუსეთში, მაგრამ ვინ არის მეორე? და რა გავლენასა და ძალაუფლებას ფლობენ ისინი?
ეკატერინა შულმანი: რუსეთი ე.წ. პერსონალისტური ავტოკრატიაა - ანუ ჩვენ არ გვყავს მარადიული მმართველი პარტია, როგორც პარტიულ ავტოკრატიებს, რუსეთს არ მართავს არც სამხედრო ხუნტა, როგორც სამხედრო ავტოკრატიებში ხდება ხოლმე. და ჩვენ არ გაგვაჩნია ჩამოყალიბებული და წესებს მორგებული მემკვიდრეობის, ტახტის გადაცემის მექანიზმი, როგორც მონარქიებს.
ჩვენთან ძალაუფლება ხელში უჭირავს ქვეყნის ლიდერს და მის ახლო გარემოცვას - მაგრამ რუსეთი დიდი ქვეყანაა და შეუძლებელია მისი მართვა მარტოოდენ პრეზიდენტისა და მისი ხუთიოდე მეგობრის მეშვეობით. შესაბამისად, ქვეყნის ყოველდღიურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ერთადერთი ინსტიტუცია რუსეთში, რომელიც რეალურად მუშაობს - ესაა ბიუროკრატიული მექანიზმი. ხალხი იცვლება, ინსტიტუტები კი უცვლელი რჩება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, რუსეთს არ გააჩნია ძალაუფლების კლასიკური ვერტიკალი, ამ სისტემაში მეორე კაცი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მისთვის ადგილი არ რჩება. ჩვენ არ გვყავს მეორე, მესამე, მეოთხე კაცი - ჩვენ გვყავს პირველი, მთავარი კაცი და შემდეგ ცარიელი სივრცე, მის ქვემოთ. ამ სივრცის ქვემოთ კი არიან დიდი კლანები, რომლებიც ერთმანეთის თავზე აცოცებას ცდილობენ, მთავარი კაცის უმთავრესი მისია კი ისაა, რომ ბალანსი შეინარჩუნოს მათ შორის. ის არის ელიტათაშორისო დავების არბიტრი, მაგრამ მაინცდამაინც პირუთვნელი მსაჯული არ გახლავთ.
რადიო თავისუფლება: იმაზეც უწევს ზრუნვა, რომ მეორე კაცი არასოდეს აღმოცენდეს, არა?
ეკატერინა შულმანი: დიახ, სწორედ ასეა - რომ მეორე კაცი, მნიშვნელობით მეორე კლანი არ წარმოიქმნას, ზედმეტი გავლენითა და ძალაუფლებით, თავად კი უეცრად უზენაესი ლიდერიდან მხოლოდ ე.წ. პრიმუს ინტერ პარესად (პირველი თანასწორთა შორის) არ იქცეს.
რადიო თავისუფლება: და თავად კლანები რისთვის იბრძვიან? მეორე კაცობისთვის "ცარის" შემდეგ, თუ თავად სწყურიათ ტახტზე მოკალათება? რა არის პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი, თუ დღეს კლანი ხარ პუტინის სამეფო კარზე?
ეკატერინა შულმანი: მაინცდამაინც არ მომწონს ეს მონარქიაზე მეტაფორა, ვფიქრობ, ზედმეტად სწორხაზოვანია და არასწორ დასკვნებთან მივყავართ. რა თქმა უნდა, ცდუნება დიდია, "ცარი" დაუძახო კაცს, რომელსაც აგერ უკვე ოცდახუთი წელია უჭირავს ძალაუფლების სათავეები, მაგრამ პუტინის რუსეთს არ გააჩნია მონარქიის უმთავრესი მახასიათებელი - ფორმალურად გაწერილი მემკვიდრეობის მექანიზმი.
მე კლანების ამ ომს რესურსების ომის გადმოსახედიდან ვუყურებ - მათ აქვთ თავიანთი რესურსები და პროგრამა მინიმუმია ამ რესურსების შენარჩუნება, მაქსიმუმი კი ახალი რესურსების მოპოვებაა, მათ შორის სხვისი რესურსების მიტაცების ხარჯზე. ასეთია ძალაუფლების თამაშის წესები.
ის კლანი, რომელიც საბოლოო ჯამში მოახერხებს და თავის კაცს პუტინის მემკვიდრედ აქცევს, თამაშს იგებს. მაგრამ დღეისთვის ეს მხოლოდ შორეული პერსპექტივაა, დღეს ისინი უბრალოდ თამაშში დარჩენისთვის იბრძვიან.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. დაახლოებით ერთი წლის წინ, ინტერვიუ მიეცით ფრანგულ რადიოს, სადაც თქვით, რომ არასწორია ვიფიქროთ, თითქოს ომი უკრაინაში ნორმად, ჩვეულ მოცემულობად იქცა რუსეთში. ერთი წლის შემდეგ, ისევ ასე ფიქრობთ? არ გგონიათ, რომ რუსეთმა და რუსმა საზოგადოებამ საბოლოოდ მიიღო ეს რეალობა?
ეკატერინა შულმანი: ვფიქრობ, ომის შეჩვევა და ომით დაღლა ერთმანეთს არ გამორიცხავს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ვიცით, რომ ომის პოპულარობამ კლება იწყო უკვე 2023 წლის ბოლოსთვის. ომის მხარდამჭერები ძირითადად ხანდაზმულები არიან, მთავარი საწუხარი კი, რაც მათ გამოთქვეს, იყო ის, რომ ომი ჭიანურდება, არ ესმით, რატომ გრძელდება ეს ომი ამდენ ხანს.
ომი ძვირი ჯდება, ბევრი ფული იხარჯება და ნაწილი ისეთ ხალხზე, რომელზეც ფულის დახარჯვა მანამდე წარმოუდგენელი იყო, მაგალითად, რუს ჯარისკაცზე.
რადიო თავისუფლება: ანუ რატომ ჭირდება ამდენი დრო გამარჯვებას?
ეკატერინა შულმანი: კითხვა ასე არ დგას - რატომ ვანდომებთ ამდენ ხანს მოგებას ან რატომ ვერ ვიმარჯვებთ. არავინ სვამს კითხვას ომის წაგებაზე ან შეჩერებაზე - ეს რუსეთია, სამხედრო ცენზურის ფონზე ძნელია ზუსტად იცოდე, რას ფიქრობს ხალხი. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უმრავლესობას ურჩევნია, ეს ომი მორჩეს. მთლიან სურათს ვერ ხედავენ - არ ესმით, რას მოასწავებს ეს ომის დამთავრება, რა შედეგები მოჰყვება. მაგრამ მოსწყინდათ გამუდმებულ ბუნდოვანებასა და გაურკვევლობის რეჟიმში ცხოვრება. ეშინიათ მობილიზაციის. არ მოსწონთ უკრაინის შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე - ნაწილი ამბობს, რომ ამ შეტევების აღსაკვეთად რუსის ჯარმა კიევი უნდა აიღოს, მაგრამ უმრავლესობა თანხმდება, რომ თუ ომი მალე მორჩება, ეს ცუდი არ იქნება.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ როგორ დასრულდება ომი: ნაწილი აქაც ამბობს, რომ ის აუცილებლად რუსეთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს - ომი მოგვწყინდა, აღარ გვინდა, ამიტომ დროზე უნდა მოვიგოთ. მაგრამ მე ვეჭვობ, რომ იმ ხალხის ნაწილი მაინც, ვინც ამას საჯაროდ ამბობს, რეალურად ასე არ ფიქრობს, ეს უბრალოდ ხელისუფლებას უხდიან ხარკს, სოციუმისთვის მისაღები პასუხია. წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა თქვა? მინდა ომი მალე მორჩეს და რუსეთი დამარცხდესო? ამას ვერ იტყვი, ვინ გათქმევინებს.
მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დემოკრატიაში არ ვცხოვრობთ, საბოლოოდ, ხალხს რა სურს, რა მოსწყინდა და რა არა, ამას ბევრად ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმასთან შედარებით, თუ რა სურს, რა მოსწყინდა და აწუხებს ე.წ. ელიტას. ელიტას კი გუნება მალე ეცვლება - მაგალითად, რამდენიმე თვის წინ იმედის ყველა კოშკს ტრამპის დაბრუნებაზე აგებდნენ, აი, დონალდ მხსნელი დაბრუნდება და ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. ეს შეიცვალა, ამის იმედი რუსულ ელიტას უკვე ნაკლებად აქვს.
ახლა მოდაშია ლაპარაკი მოლაპარაკებებზე - ეს ერთგვარი პარადოქსია, და აი, რატომ: ელიტას უყვარს საომარი მდგომარეობა, ეტრფის მას, რადგან ეს აძლიერებს მის პოზიციებს შინ და გარეთ, მეტი ფული აქვს, მეტი პოლიტიკური სუვერენიტეტი. მოსწონს ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში ბატონობა, ეს უმარტივებს შიდა პოლიტიკის მართვას, პროტესტის ალაგმვას და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი მოსწონს, გარდა თავად ომისა, სამხედრო მოქმედებებისა, რადგან აქ უკვე სიურპრიზები შეიძლება მოხდეს, მაგალითად, აღმოცენდეს ისეთი კაცი, როგორიც პრიგოჟინია. ამას გარდა, ომი ძვირი ჯდება, ბევრი ფული იხარჯება და ნაწილი ისეთ ხალხზე, რომელზეც ფულის დახარჯვა მანამდე წარმოუდგენელი იყო, მაგალითად, რუს ჯარისკაცზე.
რუსეთის სახელმწიფოს არასოდეს გადაუხდია ამდენი ფული საკუთარი ხალხისთვის, არაფერში: არც შრომისთვის, არც სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის, რისთვისაც გინდა, ის ფული, რომელიც დღეს რუსების ფრონტზე გადასროლაში იხარჯება, უპრეცედენტოა.
მოსაზრება, თითქოსდა რუსეთი არის სახელმწიფო ამოუწურავი რესურსებით, ყბადაღებული პროპაგანდაა. მაგრამ აი, რა არის უცნაური, ცვლილება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია ბოლომდე: დღემდე, რუსეთის ისტორიის განმავლობაში სულ ისე იყო, რომ ხალხი ბლომად გვყავდა, აი, ფული კი ცოტა იყო და არ გვემეტებოდა. ფულს, ოქროს, უცხოურ ვალუტას ფასი ჰქონდა, აი, ხალხს, ადამიანებს არანაირი ფასი არ ედოთ, რამდენიც გინდოდა, რამდენიც გჭირდებოდა, ხალხი არასდროს იყო პრობლემა. და აი, მოულოდნელად ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბოლომდე ჩემ თავსაც კი ვერ ვუხსნი, რამხელა მასშტაბის ცვლილებაა ეს და რას უნდა ველოდოთ ამ ცვლილებისგან. იქ [კრემლშიც] არ ესმით კარგად, რადგან მანამდე არასდროს აღმოვჩენილვართ მსგავსი დილემის წინაშე.
რუსეთის სახელმწიფოს არასოდეს გადაუხდია ამდენი ფული საკუთარი ხალხისთვის, არაფერში: არც შრომისთვის, არც სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის
რადიო თავისუფლება: პირველად რუსეთის ისტორიაში, რუსეთს უწევს ფული გადაიხადოს მკვდარი რუსისთვის.
ეკატერინა შულმანი: სწორედ ასეა, და რუსები საკმარისად აღარ გვყავს, ამოწურვად რესურსად იქცა. ფული ბლომად გვაქვს, იმაზე ბევრად მეტი, რაც გვჭირდება, აი, ხალხი კი აღარ გვყოფნის, არც შინ და აღარც ფრონტზე. უზარმაზარი შრომითი დეფიციტი გვაქვს და თანდათან იქ, სადაც ჯერ არს, იაზრებენ: შეუძლებელია მილიონ ორასი ათას რუბლს უხდიდე ადამიანს, რომელსაც ორ კვირაში შენი სარდლობა ხორცსაკეპში შეუძახებს და მოკვდება. არმიაში ეს ჯერ არ ესმით, ვერც პოლიტიკურ ეშელონებში გაიაზრეს სრულად, მაგრამ თანდათან მოდიან აზრზე. არ ვიცი, რა მოჰყვება ამის მთლიანად გააზრებას, ამ ახალ რეალობას, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, როგორც სოციოლოგიის მკვლევარმა, რომ ეს უზარმაზარი, გარდამტეხი მნიშვნელობის ცვლილებაა.
ასევე ნახეთ “რუსეთის დამარცხება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია რუსეთისთვის” - ტიმოთი სნაიდერი უკრაინის ომზერადიო თავისუფლება: ომის დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ინტერვიუს ჩაწერა მომიწია ამერიკელ სამხედროებთან, მეტწილად გენერლებთან, რომელთაც ნატოს გამოცდილებაც ჰქონდათ და უშუალო შეხებაც რუსეთთან. ყველა ამ ინტერვიუს გასდევდა ერთგვარი რეფრენი, ყველა რესპონდენტი იმეორებდა ერთი და იმავეს: რომ რუსი დედები ამას არ მოითმენენ, ისე, როგორც ავღანეთი არ მოითმინეს 80-იანებში. „როდესაც კუბოები წამოვა“, - ამ ფრაზას იყენებდნენ, - რუსი დედები ადგებიან, ქუჩაში გამოვლენ და ამ უაზრო ომს გააპროტესტებენ. იტყვიან: საკმარისია! და ეს დიდი მნიშვნელობის ჟესტი იქნება, ამას ექნება პოლიტიკური წონა და ა.შ. და ა.შ. ომის დაწყებიდან ორწელიწად-ნახევარია გასული, ქუჩებში გამოსულ რუს დედებს კი ჯერაც ვერ ვხედავთ. სად არიან რუსი დედები? რას აკეთებენ?
ეკატერინა შულმანი: რატომ მოხდა, რომ ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების მსვლელობისას ჩამოყალიბდა ჯარისკაცების დედათა მოძრაობები, უკრაინის ომის გამო კი არა? იმიტომ რომ ამ წინა ომებში ახალწვეულები იბრძოდნენ, ნებისმიერი უიღბლო რუსი ახალგაზრდა შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ფრონტზე. შესაბამისად, ეს ომები მთელ სოციუმზე ახდენდა გავლენას.
მაგრამ დღეს სულ სხვა მოცემულობაა - დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო, და ზოგადად რუსული ჯარი, ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ერთგვარი რომაული არმიაა, რომელსაც წისქვილებიც კი თან დააქვს. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც ომამდეც კი ყველაფერი თავისი ჰქონდა, განყენებულად იდგნენ - ჰქონდათ მიწები, შენობები, ხალხი, საკვები, პროდუქცია, ყველაფერი თავისი და ახლა, ომის შემდეგ, როდესაც ამხელა დატვირთვა მოდის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე, რა თქმა უნდა, მათი ავტონომია და გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ხალხი უკრაინის ომს აწარმოებს ველური კაპიტალიზმის, ფეოდალიზმის პრინციპებით.
ამ ომში ძირითადად ნებაყოფლობით მიდიან, მატერიალური დაინტერესების გამო - ფულს გიხდიან და შენც მიდიხარ. მობილიზებულებიც კი, განსაკუთრებული ბრიყვების გარდა. თუმცა მათი რა ბრალია, ბრიყვები რომ არიან, განათლება არ მისცა სახელმწიფომ. მაგრამ მეტწილად იმ ხალხმა, ვინც უკრაინაში მიდის, მშვენივრად იცის, რას აკეთებს და რატომ. ფული უნდათ - თავისთვის, თავიანთი ოჯახებისთვის.
ეს არაა გარემო, სადაც ჯარისკაცთა დედების მოძრაობა წარმოიშობოდა. თუმცა შეიქმნა ჯარისკაცების ცოლების მოძრაობა, უფრო სწორად, მობილიზებულების ცოლებისა, რომელსაც კრემლი ვერაფერს უხერხებდა, ვერაფრით ჩაახშო და ბოლოს უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა, რაც აბსოლუტურად აბსურდული რამეა და მარცხის აღიარების ტოლფასია. ანუ პუტინმა შენს ქმარს ფრონტზე უკრა თავი, სადაც ის რუსეთის ინტერესების დაცვას შეეწირა, მაგრამ შენ, ცოლი, უცხოეთის აგენტი ხარ, რადგან გინდა შენი ქმარი სახლში გყავდეს და არა ფრონტზე. ვფიქრობ, ეს მოძრაობა იმსახურებს იმას, რომ ვახსენოთ, მათ აქვთ წონა და მნიშვნელობა, მაგრამ ფართო მასშტაბისას ჯერ ვერ დავარქმევდი.
რადიო თავისუფლება: და რა უნდა მოხდეს, საყოველთაო რომ გახდეს?
ეკატერინა შულმანი: გახდება, თუ ჯარისკაცებისთვის ფულის გადახდას შეწყვეტენ.
რუსეთი იქნება მოხუცების ქვეყანა, არაკომპეტენტური ხელისუფლებით, დაუბალანსებელი ეკონომიკით. და ამ ყველაფერს საბოლოოდ გარდაუვალ ვარდნამდე მივყავართ, რუსეთის დაქვეითებამდე.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. ანალოგიურად, ომის პირველი თვის მანძილზე, უკრაინის შთამბეჭდავი წარმატებების ფონზე, ძალიან აქტუალური იყო მსჯელობა, რომ რუსეთმა ამ ომში სტრატეგიული მარცხი უნდა იწვნიოს და რომ ამ ომის შემდეგ რუსეთის დასუსტება გარდაუვალი იყო. ისევ აქტუალურია ეს მოსაზრება?
ეკატერინა შულმანი: სამხედრო თემატიკაზე ვერ ვისაუბრებ, საამისო ექსპერტიზა არ მაქვს, მაგრამ როგორც სოციოლოგმა და რუსეთის მკვლევარმა შემიძლია გითხრათ: შრომითი დეფიციტი, რომელიც უკვე ვახსენე ზემოთ, გაუარესებული დემოგრაფიული სიტუაცია, ეკონომიკური დისბალანსი, დრომოჭმული, პერსონალიზებული მმართველი ძალა, კლანების შინაომები, სადაც ყველას თავისი მინი-არმია ჰყავს - ყველა ეს ფაქტორი გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის განუხრელი დასუსტებისკენ მიგვითითებს. მინდა გითხრათ, რომ როგორც რუსეთის მოქალაქეს, როგორც რუს მასწავლებელს, არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს ამის თქმა.
ხშირად მეკითხებიან, ამ ფაქტორების გამო მივალთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებთან - იქამდე მივა თუ არა საქმე, რომ პუტინი დაემხოს ან რუსეთი დამარცხდეს [ომში]. და ჩემი პასუხია, რომ არა, ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება, მაგრამ ეს სიმპტომები უკურნებელია, ისინი არ გაქრება, რუსეთი იქნება მოხუცების ქვეყანა, არაკომპეტენტური ხელისუფლებით, დაუბალანსებელი ეკონომიკით. და ამ ყველაფერს საბოლოოდ გარდაუვალ ვარდნამდე მივყავართ, რუსეთის დაქვეითებამდე. ეს კარგი არავისთვისაა, არც რუსეთისთვის, არც ზოგადად კონტინენტისთვის.
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ხშირად პასუხგაუცემელი რჩება ხოლმე, როდესაც დასავლეთში რუსეთის სავარაუდო მარცხზე საუბრობენ - უნდა გვეშინოდეს თუ არა რუსეთის დასუსტების?
ეკატერინა შულმანი: პუტინს არ უნდა ჩავებღაუჭოთ, როგორც შეჩვეულ ჭირს და ქაოსის ანტიდოტს. ის თავადაა ქაოსის აგენტი და რაც უფრო დიდხანს გასტანს მისი მმართველობა, მით უარესი იქნება მისი მემკვიდრეობაც. ეს გრძელვადიანი, პერსონალიზებული მმართველობები რუსეთის ისტორიაში, როგორც წესი, იცვლება განხეთქილებებისა და განსაცდელის პერიოდით - სმუტით [შფოთი, ამბოხი - რ.თ.]. გარდაუვალი არაა, რომ ასე მოხდება, მაგრამ საფრთხე დიდია. შესაძლოა მოვახერხოთ და თავი დავიძვრინოთ ამ კრიზისისგან ისე, რომ საკუთარი სიცოცხლე და დანარჩენი ევრაზია საფრთხეში არ ჩავაგდოთ. მაგრამ გარანტირებული არ არის, რომ ასეც იქნება.