8 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის კურსკის ოლქში ორჯერ გამოაცხადეს საჰაერო განგაში რაკეტებით და დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის გამო.
ადგილობრივი დროით ღამის ოთხი საათის შემდეგ, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა შვიდი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. გამთენიისას სმირნოვმა განაცხადა, რომ მოგერიებულია კიდევ ხუთი რაკეტა და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს დრონებით და რაკეტებით არაერთი თვეა უტევენ, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ან გენერალურ შტაბს ამ დრომდე არაფერი უთქვამთ სახმელეთო ოპერაციაზე, რომელიც რუსეთის თანახმად, უკრაინელებმა 6 აგვისტოდან დაიწყეს.
7 აგვისტოს, ღამით, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „რთული ოპერატიული ვითარების“ გამო და „რეგიონის ტერიტორიაზე მტრის ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის“.
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებსრუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. მან 7 აგვისტოს საგანგებო თათბირზე გამოიძახა თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი, გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ.
გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ 6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო შეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ნაწილის დასაპყრობად.
გენერალ გერასიმოვის მტკიცებით, ტერიტორიის სიღრმისკენ მოწინააღმდეგის გადაადგილება შეჩერებულია, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 100 უკრაინელი სამხედრო, 215 დაჭრილია და განადგურებულია 54 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 7 ტანკი. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
გერასიმოვი, რომელსაც რუსეთის დანაკარგებზე არაფერი უთქვამს, პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით" დასრულდება.
კურსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 6-7 აგვისტოს დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 31 სამოქალაქო პირი.
ასევე ნახეთ რუსი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია