სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილობით გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მან გააპროტესტა ზურაბიშვილის განცხადება, რომელშიც პრეზიდენტი სასამართლო პროცესებზე მიხეილ სააკაშვილისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას უარყოფითად აფასებს.

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა.

ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?

თუკი ჩვენი მიზანი ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერებაა, ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად ყველაფრისა ერთიანობას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს“, - წერია განცხადებაში, რომელიც სააკაშვილის სახელით გამოაქვეყნეს ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე.

ასევე ნახეთ "ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია" - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ თემაზე „ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია“. ამასთან, მან გაკვირვება გამოხატა, რომ მიხელ სააკაშვილს სასამართლო სხდომებზე შეუზღუდავი დრო ეთმობა პოლიტიკური გზავნილებისთვის.

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს" შეიწყალებს მას. მოგვიანებით პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის "ელექტრონული სამაჯურის" გაკეთების ინიციატივა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2 აგვისტოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ის სასამართლოს სხდომებს ვიდეოზარის მეშვეობით კლინიკიდან დისტანციურად ერთვება ხოლმე.

ასევე ნახეთ „პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“ - მოსამართლემ სააკაშვილს კამერა გამოურთო

ერთადერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ სააკაშვილს სიტყვა არ დაასრულებინა, 2023 წლის 30 ოქტომბერს იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულ სააკაშვილს გაუთიშა ჩართვა, რომელიც ვიდეოზარის მეშვებით ხორციელდებოდა კლინიკა "ვივამედიდან".